April 25, 2024

“აჭარაში თურქმა ბიზნესმენმა 27 საფლავი დააყადაღა”

“ეს თემა ძალზე მწვავედ დგას რეგიონში. თურქულ გავლენებზე ჩვენ ერთხელ უკვე ჩავწერეთ ინტერვიუ, რასაც მოჰყვა რეაგირება - თურქეთის ელჩმა ილია მეორესთან შეხვედრის დროს განაცხადა, სამწუხაროდ, საქართველოში თურქეთის წინააღმდეგ ცუდი პროპაგანდა ხორციელდება, რაც ცუდად აისახება ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეო... ამ ურთიერთობებს კარგი საძირკველი აქვს და მასზე ცუდი შენობა არ უნდა დაიდგას. ახლა ბათუმში მოღვაწე თურქი ბიზნესმენები რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ლახავენ, როგორც უნდათ, ისე ექცევიან, როგორც უნდათ, ისე ამუშავებენ მონებივით, ზედმეტი დროით ამუშავებენ, ჩვენს მოქალაქეებთან ბატონ-ყმური ურთიერთობები აქვთ, ნორმალურია?!“ - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თამაზ ბაკურიძე: “აჭარაში თურქმა ბიზნესმენმა 27 საფლავი დააყადაღა”.

 

“რაც თქვენ გითხარით, ამაზე თურქეთის კონსულსაც ველაპარაკე. აჭარაში დაახლოებით 20 000 ადამიანია დასაქმებული. აქედან, დაახლოებით 16 000 დაჩაგრულია. შეიძლება მითხრან, დაჩაგრული თუ არის, წავიდეს და სხვაგან იმუშაოსო - სად წავიდეს? მაგალითად, ავიღოთ “აჭარატექსტილი” - სამკერვალო ფაბრიკები ყველა თურქულია. არ იფიქროთ, რომ ამ სამკერვალო ფაბრიკებში ცოტა ადამიანი მუშაობს. ფაბრიკები აქვთ ხელვაჩაურში, ბათუმში, ჩაქვში, ბობოყვათში. და მხოლოდ ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკაში 1500-მდე ადამიანი მუშაობს. საქართველოში თურქებს ასეთი დაახლოებით 10 ფაბრიკა აქვთ. როცა ამ ფაბრიკებში დასაქმებულებს ვესაუბრები მეუბნებიან, - რა ვქნათ ბატონო თამაზ, სხვა გზა არ გვაქვსო... არსებული ვითარების შესახებ თურქები ინფორმირებული არიან, მაგრამ იციან, ჩვენს მოქალაქეებს სხვაგან წასასვლელი, სხვაგან დასაქმებისა და სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ. ამით თურქი ბიზნესმენები სარგებლობენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ბაკურიძე.

 

 

“ბათუმში ყველა სუპოერმარკეტი თურქულია. იქაც იგივე დამოკიდებულებაა. მეკითხებიან, რა გვეშველება, ვინმემ ხომ უნდა გვიშველოსო. ვეუბნები, თუ ხმა არ ამოიღეთ და ერთმანეთის გვერდით არ დადექით, ვინ დაგეხმარებათ-მეთქი. 10-მა ადამიანმა ხმა რომ ამოიღოს და 100-მა უყუროს, არაფერი გამოვა. სამკერვალო ფაბრიკაში 1500 ადამიანიდან 500-მა რომ ამოიღოს ხმა, შედეგს მიაღწევთ - სად ნახავს დამსაქმებელი 500 ადამიანს ერთ დღეში... ამიტომ ხმის ამოღებას ძალა აქვს. ავტობანზე ზოგიერთი ქვეკონტრაქტორი კომპანიაც თურქულია. ქართველები ავტობანზე მუშაობენ მძღოლებად, დაცვაში. იქაც არ არის კარგი ვითარება...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“კირნათში, მაჭახლის ხეობაში თურქულმა კომპანიამ “კირნათიენერჯ-2007”-მა რამდენიმე ათეული კილოვატი სიმძლავრის ჰესი ააშენა. მისი სრული ფუნქციონირებისთვის საჭიროა რამდენიმე ჰექტარი მიწის დატბორვა. დატბორვის ზონაში მოხვდა მოსახლეობა და მისი საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილი, რაც არის მათი შემოსავლის წყარო. დატბორვის ზონაში მოჰყვა საფლავებიც. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ასეთ ზონაში დიდი ზომის ჰესის მშენებლობა სააკაშვილის დროს გაიგეგმა - მისი პროგრამა იყო შუახევისა და მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობის დაგეგმვა. ხალხი პრობლემებით მაშინაც არავინ დაინტერესებული. ახლა გვიანაა, ჰესი უკვე აშენებულია და მუშაობს... შარშან თებერვალში წლის ზედმეტი დაგუბება მოუვიდათ და ორი სათევზე მეურნეობა დაიტბორა - თითო ოჯახმა დაახლოებით 100 ათასით იზარალა. ერთი წელია კომპანიას უჩივიან, მაგრამ არანაირი პასუხიმგებლობა კომპანიას არ აუღია...” - ამბობს უფლებადამცველი.

 

 

“ეს ზარალი არ არის ანაზღაურებული. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ - ვიღაც თურქი გადმოსულია და ადამიანს, რომელიც თავის მიწა-წყალზე ბიზნესს აწარმოებს აზარალებს, ხალხს ტბორავს, ბიზნესს ართმევს, ატერორებს და არავინ პასუხს არ სთხოვს. ხელმძღვანელობა არასდროს ადგილზე არ არის - რამდენჯერაც მივედით, თურქეთშია. სახიზე მაინც გვაჩვენეთ, ვინ არის-მეთქი - ოჯახებს საფლავები დაუყადაღეს... შარშან მოსახლეობა, რომელიც გასახლებას არ თანხმდებოდა თბილისში დაიბარეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში - გვაინტერესებს მიწას ყიდით თუ არაო, ამდენ გაძლევთ, ხოლო თუ არ გაწყობთ და არ დათმობთ, ძალით გამოგასახლებთო. ნოემბერში ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო ამ ადამიანების ძალით გამოსახლები გადაწყვეტილება. იმის ნაცვლად მოსახლეობასთან ერთად მარადიდში ასულიყო და ხალხისთვის ზარალის ანაზღაურებაზე ეფიქრათ, ხალხს ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან”, - დასძენს თამაზ ბაკურაძე და შეკითხვაზე - “ანუ წინაპრების საფლავებზე ვერ მიდიან?” - პასუხობს:

 

 

“ხელისუფლების მხრიდან უფრო გონივრული მიდგომაა საჭირო. მესმის ინვესტიციები მნიშვნელოვანია, ინვესტორები უმდა დავიცვათ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი მოქალაქის დაცვა გვევალება. მით უმეტეს როდესაც ინვესტორი მათ უფლებებს ლახავს და ღირსებას შეურაცხყოფს. ადამიანებს 27 წინაპრის საფლავი დაუყადაღო ვის გაუგონია? აჭარაში წინაპართა საფლავები ღმერთის შემდეგ ყველაზე წმინდაა. ეკონომიკის სამინისტროში წარმოუდგენიათ მაინც, სააფლავების გადათხრა ვინმემ რომ მოინდომოს, რა მოხდება აჭარაში?! ამან შეიძლება მთლიანად რეგიონში აფეთქება გამოიწვიოს. ამ ხალხის წინაპრები ოსმალეთის იმპერიას არ უშინდებოდა და თავი დასდეს, რომ ეს ქართული მიწა შეენარჩუნებინათ... საფლავების გადათხრას არავინ აპატიებთ. ამაზე დიდი შურაცხყოფა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის არავის მიუყენებია”

წაკითხვა 558 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.