ამ გვერდის ამობედვა

"ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით მალე გამოცხადდება.

 

როგორც მინისტრმა ანაკლიის პორტზე საუბრისას აღნიშნა, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

 

„როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა ხელშეკრულება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", ეს მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში ჯამში 7-ჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს, რომ დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო, რადგან ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას.

 

რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ის იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, ეს ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს,რომ ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს", -აღნიშნა თურნავამ.

 

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა გააქტიურდეს ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი, მინისტრი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი პრიორიტეტია.

 

„ეს არაა სიახლე, ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა ახლა საქართველოში იმდენად აქტუალურია, რომ "ეიპიემ ტერმინალსს" და ფოთის პორტს ყოველთვის სურდათ, რომ თავისი პროექტი განევითარებინათ,მაგრამ ამ ეტაპზე ანაკლიის პორტზე ვართ კონცენტრირებული", -აღნიშნა თურნავამ.

წაკითხვა 561 ჯერ