საქართველო "კორონაეკონომიკის" ეპოქაში
"რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, "საბიუჯეტო მაკრატლის" პირობებში ვართ. სახელმწიფო ბიუჯეტს ახლა აქვს სამედიცინო თუ კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებებისთვის გასაწევი ხარჯები და იმავდროულად, ეკონომიკის დაპაუზება საბიუჯეტო შემოსავლებს შეამცირებს"
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსმა არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კრიზისიც გამოიწვია - პანდემიის ფონზე მსოფლიოში შესაძლოა 24 მილიონი ადამიანი დარჩეს უმუშევარი. გაერო ამ ვითარებას ადარებს 2008-2009 წლების კრიზისს, როცა სამუშაო ადგილი 22-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა. რა შეიძლება მოხდეს საქართველოში და რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც დროებით ან ხანგრძლივად სამსახურის და შესაბამისად, შემოსავლების გარეშე დარჩება?
კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს სამედიცინო, ბიოლოგიური წარმომავლობა აქვს და მისი მასშტაბები უფრო ფართო და ყოვლისმომცველია, ვიდრე ტრადიციული ეკონომიკური კრიზისი. პარალელი რომ გავავლოთ, მეორე მსოფლიო ომში 65-მდე სახელმწიფო მონაწილეობდა, დღეს კი კორონავირუსი სამჯერ მეტ ქვეყანას, თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო. მხოლოდ ჩინეთმა ჯერ კიდევ დაუსრულებელ 2020 წლის პირველ კვარტალში ვერ აწარმოა იმდენი დამატებული ღირებულება, რაც ეკვივალენტურია მისი აღმოსავლელი მეზობლის, იაპონიის მიერ 1939-1945 წლებში გაღებული მთლიანი სამხედრო ხარჯისა. ასევე, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, კორონავირუსის წინააღმდეგ გაღებული ხარჯების პირველი ტრანში 1 ტრილიონი დოლარი იქნება. ეს თითქმის 40%-ით მეტია იმაზე, რაც ამერიკამ 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს გაიღო. თანაც არც ამერიკა და არც ევროპისა თუ სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებები არ აპირებენ, უკვე გაღებულ ფინანსურ დახმარებას დასჯერდნენ.
ვგულისხმობ ურთიერთდახმარების ფაქტებს, ფულად შემოწირულობებს, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის არაერთ მაგალითს, სოლიდარობას არა მხოლოდ ბიზნესის მხრიდან მოქალაქეების თუ სახელმწიფოს მიმართ, არამედ ბიზნესებს შორისაც. თვით საბანკო სექტორი, რომლის მიმართ მოსახლეობას ბოლო წლებში არაერთხელ გამოუთქვამს სამართლიანი პრეტენზია, თავისი ციფრული ტექნოლოგიებისა და მომსახურების, ინტერნეტგადახდის სერვისებით საკმაოდ კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ფიზიკურ კონტაქტს მოვერიდოთ, თვითიზოლაციის, სოციალური დისტანცირების პირობები დავიცვათ და ამავე დროს, მობილობის მაღალი დონე შევინარჩუნოთ.
- რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ რესურსებს, რა შეიძლება გაკეთდეს არსებული რესურსებით?
მსოფლიოშიც ანალოგიური პროცესები ვითარდება და ბუნებრივია, გამონაკლისი ვერ ვიქნებით. საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ბოლო არასრულ 2 თვეში ორჯერ შეამცირეს მიმდინარე წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და ჯამურად შემცირებამ 2,8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მათი ვარაუდით, თუ არსებული მდგომარეობა გაგრძელდა, თვის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უკვე მხოლოდ 0,4% იქნება.
ამ ვითარებაში ძნელია პროგნოზირება, რამდენი იქნება ეკონომიკის ზრდა საქართველოში. რეგულაციების გამო ჩვენთან კერძო სექტორის ნაწილის მუშაობა შეიზღუდა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ახლა ყველაფერი კრიზისის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. იმედი ვიქონიოთ, ეს ყველაფერი შედარებით მალე გადაივლის და ეკონომიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება ჩვეულ რიტმსა და კალაპოტს დაუბრუნდება.
- ჩვენს ქვეყანაში ბიზნესსექტორზე მოდის დაქირავებით დასაქმებულთა დაახლოებით 77%, ანუ 680 ათასი ადამიანი. ცხადია, ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, მაგრამ გვაქვს მაგალითები, როცა დასაქმებულებს სთავაზობენ საქმიანობის პროფილის შეცვლას. მაგალითად, დაიხურა რესტორანი, მაგრამ საკვების მიტანის სერვისი შესთავაზეს მომხმარებელს. სასტუმრო დაიკეტა და მათი თანამშრომლები სუპერმარკეტებსა და სამედიცინო კლინიკებში გადანაწილდნენ. იზრდება დასაქმებულთა დატვირთვა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. დიდი დატვირთვით მუშაობს სააფთიაქო ქსელიც. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების ტოტალურად შემცირება ხდება. სადღაც მცირდება კადრები და სადღაც ახალი ემატება. თუმცა, გლობალური მოთხოვნისა და მიწოდების შემცირების ფონზე, საქართველოშიც აუცილებლად შემცირდება ეკონომიკის მასშტაბები, სამუშაო ადგილები.
აქცენტი უნდა გავაკეთოთ შრომითი რესურსების გადართვაზე იმ დარგებში, რომლებმაც ამ ვითარებაში განსაკუთრებული სიმყიფე აჩვენა. ასეთი, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობაა. რა დასამალია და, საქართველო მხოლოდ კვერცხისა და კარტოფილის წარმოებით უზრუნველყოფს საკუთარ მოხმარებას 100%-ით. დანარჩენი პროდუქტების მოხმარებისას კი შემოტანილ პროდუქციაზე ვართ დამოკიდებული. მარცვლეულში 85%-ით ვართ დამოკიდებული იმპორტზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზე დიდწილად და არა მხოლოდ მარცვლეულით. ჩვენ უნდა შევძლოთ შიდა წარმოების გაზრდა იმდენად, რომ იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი არ იყოს 40-45%-ზე მეტი. ძნელია ისრაელთან შედარება, მაგრამ მათი კლიმატური პირობების გათვალისწინებითაც კი, ისრაელი აწარმოებს საკუთარი სასურსათო მოხმარების 95%-ს და გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ სფეროში დასაქმებულია 20 ათასზე ნაკლები ადამიანი. ეს შრომის მაღალი მწარმოებლურობისა და ტექნოლოგიების გამოყენების შედეგია. სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.
იმან, რაც ახლა ხდება სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მინდა, ბიძგი მისცეს ბიზნესსექტორს, რომ დისტანციური სწავლისა თუ მართვის ტექნოლოგიები კიდევ უფრო მეტად დანერგოს. მართალია, მომსახურების სექტორი, ტურიზმი საკმაოდ რენტაბელური ბიზნესია, მაგრამ რისკების მიმართ ის ყველაზე მეტად დაუცველი აღმოჩნდა. ამიტომ, სამომავლოდ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს განვითარებული ძლიერი რეალური სექტორი, რომლის გარეშე სახელმწიფოს ძლიერება და სტაბილურობა წარმოუდგენელია.
ჩვენ შეგვიძლია გავანაწილოთ მხოლოდ ის, რისი მობილიზებაც შეუძლია სახელმწიფოს გადასახადების ან საგარეო დახმარების სახით. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის შველა სოციალური სოლიდარობის ხარჯზე, სხვა უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს.
სიახლეები
- სამარხვო ტორტი
- " ჩვენ აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები - ჩვენი გზა ევროპისკენ - არჩევნების თემა ეს იქნება" - სალომე ზურაბიშვილი
- "რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მათ, ცხადია, ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება - ეს არის რუსული კანონი, პუტინის კანონის ზუსტი ასლი" - პრეზიდენტი
- "ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა - არა" - არჩილ თალაკვაძე
- 18-მდე გაიზარდა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი