"ეს მდგომარეობა საქართველომ ადგილობრივი ბიზნესის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის უნდა გამოიყენოს" -ფრიდონ შუბითიძე

დღეს ხელისუფლება ორ მთავარ ფრონტზე იბრძვის - მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა, ამიტომ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და შემდგომ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მინუს 4% იქნება, ასევე ბიუჯეტი შემოსავლების სახით 1.8 მილიარდ ლარს დაკარგავს, მიმდინარე ხარჯები კი – 300 მლნ ლარით შემცირდება.

 

პრემიერმა უშუალოდ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, ბიუჯეტისთვის საჭირო რესურსი 3.9 მილიარდი ლარია. მისივე თქმით, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მიზნობიბრივი დახმარების პაკეტით საქართველოს 350 000 მოქალაქე ისარგებლებს და „ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას შეუძლია, რომ თითოეულ მოქალაქეს შესთავაზოს“.

 

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა Firstnews.ge-თან საუბარში Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერმა - ფრიდონ შუბითიძემ შეაფასა:

 

- COVID-19-ი პანდემია და მის მიერ მსოფლიოს დაპაუზება უპრეცენდეტო შემთხვევაა. მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა, როგორც სამედიცინო ისე ეკონომიკური რეზერვების მიხედვით. ამ პანდემიამ მოახდინა არა მარტო მოქალაქეების შიმშილის ზღვარზე მიყვანა,  არამედ მრავალი ბიზნესის გაკოტრება. ამიტომ, ყოველი მთავრობის, მათ შორის საქართველოს,  ანტიკრიზისული გეგმა ორ ძირითად ნაწილს მოიცავს: ხალხის დახმარებას და ბიზნესების გადარჩენას. ამ გეგმის განხორციელება და მოცულობა ხდება არსებული რესურსებით და აღებული ვალებით. საქართველოს მთავრობის  ანტიკიზისული გეგმა, ჩემი ამერიკული გადმოსახედიდან, ზოგადად ნორმალურია, მაგრამ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კარგი იქნებოდა თუ ერთჯერად დახმარებას გაუწევდნენ ყველა დაბალი შემოსავლის მქონე და თვითდასაქმებულ მოქალაქეებსა და ოჯახებს. მაგალითისათვის, ამერიკაში თუ ოჯახის წლიური შემოსავალი არის 150 ათასი დოლარი და ყავს ერთი არასწლოვანი შვილი მას აძლევენ $2400 (ცოლ-ქმარს) + $500 შვილს ჯამში სულ 2900 დოლლარს, და თუ ოჯახის წლიური შემოსავალი არის 198 ათას დოლარზე მეტი მაშინ მას დახმარებას საერთოდ არ აძლევენ. ანუ ადამიანებზე თანხის განაწილება უნდა მოხდეს შემოსავლების მიხედვით. რაც შეეხება ბიზნესებს, აქ სახელმწიფო ხდება მცირე-ბიზნესის გარანტი  ბანკებთან, იმ პირობით, რომ მცირე ბიზნესები შეინარჩუნებენ თანამშრომლებს, სრული ხელფასით, მინიმუმ რვა კვირის განმავლობაში.

 

- რამდენად სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს დღესდღეობით მთავრობა?

- სამწუხაროდ, პანდემიამდე საქართველოში ეკონომიკის ძირითადი ნაწილი მოდიოდა ტურიზმზე და მასთად დაკავშირებულ მომსახურეობის სფეროსთან. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ახლაც ორიენტირებულია ამ მიმართულების გადარჩენაზე. ჩემი აზრით, ეს არასწორი მიმართულებაა, რადგანაც წელს და შესაძლებელია მომავალ წელსაც ამ პანდემიისა და მის მიერ გამოწვეული უმუშევრობის შედეგად მოხდეს ტურისტთა ნაკადის მკვეთრი შემცირება.  კერძოდ, გაეროს მონაცემებით წელს ტურიზმი დაახლოებით 80%-ით შემცირდება 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, დღეისათვის ამერიკაში სამსახური დაკარგა 25 მილიონზე მეტმა ადამიანმა;  თითქმის გაუქმდა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლები. ამ მხრივ უარესი მდგომარებობაა ევროპაში.  ამიტომ, ვფიქრობ, მსოფლიოს ტურიზმის პანდემიამდელ მდომარეობამდე დაბრუნებას მინიმუმ წელიწადნახევარი მაინც დასჭირდება. შესაბამისად, მთელი რესურსის ამ მიმართულებით ჩადებამ შეიძლება  ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს.

 

- თქვენი აზრით კიდვ რა პროცესები უნდა გაატაროს მთავრობამ, რომ ეკონომიკური კრიზისი დაიძლიოს?

- 29 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ქართველ ხალხს გააჩნდა და გააჩნია გააზრებული მყარი მისწრაფება ჩამოაყალიბოს დასავლური ცივილიზირებული სრულყოფილი ქვეყანა. დასავლეთის ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანების ეკონომიკური შესაძლებლობები და დამოუკიდებლობაა. დასავლეთ ქვეყნებში მთავრობის მოვალეობაა ადამიანების დაცვა, თანაბარი-კონკურენტული ბიზნეს გარემოსა და ბიზნესისათვის გასაღების ბაზარის შექმნა. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ჯერ ვერ მოხერხდა საქართველოში ზემოთ აღნიშნული პრობების შექმნა/ჩამოყალიბება. ერთის მხრივ, გვინდა ვიცხოვროთ დასავლური ცივილიზირებული ცხოვრების წესებით და მეორეს მხრივ ყველა პრობლემის გადაჭრას ვთხოვთ სახელმწიფოს. ეს ადამიანებს უქმნის სურვილს, რომ დასაქმდენენ ნაკლებად კონკურენტული გარემოს მქონე სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს  არ შეესაბამება დასავლურ განვითარების წესებს.  მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანების ხელფასი გაცილებით ნაკლებია ვიდრე კერძო ბიზნესში. ამის შედეგად, ხდება  კერძო სექტორში მაღალი შესაძლებლობების მქონე ადამიანების თავმოყრა,  სამუშაოების უფრო სწრაფად და ეფექტურად შესრულება ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში.

ჩემი აზრით, მთავრობამ  პროფესიონალებთან ერთად უნდა განსაზღვროს ქვეყნისათვის აუცილებელი მინიმალური სასურსათო, სამედიცინო და სამრეწველო მიმართულებები. ამ მიმართულებების შესაქმნელად მისცეს ბიზნესს თავისუფლად და თანაბარ კონკურენციის ფარგლებში განვითარება; მოახიდონს ადგილობრივი ბიზნესისათვის შიდა ბაზრის დაცვა  და ხელი შეუწყოს ბიზნესს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში. პანდემიით მსოფლიოში მოსალოდნელი სურსათის მკვეთრად შემცირების გამო ამ ეტაპზე კარგი იქნება თუ მოხდება სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული მსუბუქი მრეწველობის განვითარება. პროდუქტის მოსავლის ეფექტურობის გაზრდისათვისა და შენახვისთვის უნდა მოხდეს მეცნიერების,  ინჟინრებისა და პროფესიონალების ფართო ჩართულობა. ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას ქალაქებსა და სოფლებშიც. ცნობისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უშუალოდ სურსათის მოყვანაში დასაქმებულია მოსახლეობის მხოლოდ 2 %, უდიდესი ნაწილი კი დასაქმებულია ამ პროდუქტებთან დაკავშირებულ შენახვის, გადაზიდვის, ეფექტურობისა და მანქანათმშენებლობის მრეწველობასთან.

 

- პანდემიის ფონზე ძალინ ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და მოსახლეობის უმრავლესობა ფულადი სახსრების გარეშე დარჩა. როგორ უნდა დავამარცხოთ ქვეყანაში არსებული შიმშილი და სიღარიბე?

- ყოველ მდგომარეობას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ჩემი აზრით, ეს მდოგმარეობა უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი - ეროვნული ბიზნესის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. უნდა შემუშავდეს მოკლე და ხანგრძლივი კარგად გაწერილი ხედვა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის. ბიზნესის ხელშეწყობისათვისა და ინოვაციური მიდგომების შემუშავებაში ჩართული უნდა იქნეს განათლების სისტემა და ყველა სამინისტრო. ისევ ჩემი გამოცდილებიდან მოგიყვანთ მაგალითს, თუ როგორ ხდება მეცინერების, ინჟინრებისა და პროფესიონალების მიერ პრობლების გადაწყვეტა და სამუშაო ადგილების შექმნა. პირველად მთავრობა და/ან ბიზნესსი სვამს კონკრეტულ ამოცანას.  ამოცანის გადაწყვეტისათვის მეციერები და ინჟინრები მიუკერძოებლად ქმნიან ამოხსნის მეთოდიკას, საშუალებებსა და ინსტრუმენტს; შემუშავებული მიდგომის შედეგად იქმნება მცირე ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებსა და აწარმოებს პროდუქტს ან სთავაზობს სერვისს. ეს არის ინტეგრირებული პროცესი, რომელიც განვითარების ყველა ეტაპზე ქნის სამუშაო ადგილებს და წყვეტს კონკრეტულ პრობლემებს.

 

- როგორი იქნება „კორონაკრიზისის“ შემდეგ მსოფლიო და საქართვლო? რა უნდა გაკეთდეს ამ კრიზისისგან თავის დასაღწევად?

- კორონავირუსმა ნათლად აჩვენა გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკის სუსტი მხარეები. თითქმის ყველა ქვეყანა აღმოჩნდა არასაკმარისი მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების პრობლემების წინაშე. გარდა ამისა, როგორც გაერთიანებული ერების გათვლები მიუთითებენ მოხდება საკვები პროდუქტების შემცირება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სიღარიბისა და მოშიმშილე ადამინების რიცხვის საკმაოდ გაზრდას. გლობალური ეკონომიკის დაპაუზების  შედეგად მოხდა საყოფაცხოვრებო და სასურსათო პროდუქტების სწრაფად მოწოდების შემცირება. ამას დამატებული, პანდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვამ და არა-გამჭირვალობამ უკვე აშკარად დაანახა მსოფლიოს ყველა ქვეყანას ადგილობრივ-ეროვნულ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო წარმოებაზე გადასვლის აუცილებლობა. ცხადია, ასეთი წარმოებების შექმნა მოითხოვს ერთის მხრივ ეფექტურობასა და მეორეს მხრივ ადამიანისა და გარემოს დაცვას. ამის გამო, ისეთ გიგანტურ ქვეყანაშიც კი როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებია, ეს გამოიწვევს ახალი ტექნოლოგიების ბუმსა და უამრავ სამუშაო ადგილებს მაღალ-ტექნოლოგიური ინდუსტრიის სფეროში.  ანუ ვირუსის გავლის შემდეგ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უფრო იქნებიან ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, რაც თავის მხრივ მოითხოვს განათლების ახალ საფეხურზე გადასვლას.

ჩემი აზრით ამ კრიზისიდან თავის დასაღწევად და წარმატებული მომავლისათვის,  საქართველომაც  უნდა ჩამოაყალიბოს და განავითაროს ეროვნული ეკონომიკა და მაღალი ხარისხის განათლების სისტემა, სწორი გათვლებითა და არსებული პონტეციალური შესაძლებლობიდან  გამომდინარე. კერძოდ, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად და წარმეტებული მომავლისათვის უნდა მოხდეს:

  1. ისეთი ეკონომიკის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე/ადამიანზე, ანუ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ადამიანს, მით უფრო ძლიერი იქნება ეკონომიკა. ეკონომიკის ამ მოდელში ყველას ექნება განვითარების, დახმარებისა და წინსვლის საშუალება.
  2. განათლების სისტემის მოდერნიზაცია და სწავლების ხარისხის ამაღლება. მე როგორც პროფესორსა და დამსაქმებელს ბოლო 20 წლის მანძილზე შეხება მქონდა სხვადასხვა ასაკის/თაობის ქართველ სპეციალისტებთან. მინდა აღვნიშნო, რომ დინამიკაში განათლებისა და პროფესიონალიზმის დონე საკმაოდ შემცირდა ახალგაზრდა თაობებში. ამ პანდემიით გამოწვეული ცვლილებების შედეგად, განათლების სისტემის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ კიდევ უფრო შეამცირა სწავლების ხარისხი.
  3. პროფესიონალებზე მოთხოვნა და მათთვის თანაბარ კონკურენტუნარიანი პირობების შექმნა. დასავლეთის ქვეყნებში მეცნიერებათა დოქტორები არიან სამუშო ადგილების შემქმნელები. ანუ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიაში დასაქმებული მეცნიერებათა დოქტორები არა მარტო აფინანსებენ თავიანთ თავს, არამედ ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს. ეს არის ინოვაციების, სამუშაო ადგილების და ქვეყნის განვითარების მთავარი ძალა. აუცილებელია, პროფესინალიზმი დიპლომატიაშიც, განსაკუთრებით როდესაც საუბარი შეეხება ქვეყნის ინტერესებს, საკუთარი ქვეყნის ბიზნესმენების ინტერესსა და ახალი ბაზრის მოპოვებას. უბრალოდ მინიმალური დახმარების მოთხოვნა პარტნიორი სახელმწიფოებიდან  საკმარისი არ არის, ძლიერი, სრულყოფილი და განვითარებული ქვეყნის ჩამოყალიბებისთვის.  
წაკითხვა 1094 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.