March 29, 2024

“ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებაზე ხელები დაიბანა" - ლარი ვეღარ დასტაბილურდება

“ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებაზე ხელები დაიბანა.

კურსი ყოველდღე ეცემა, თუმცა აღარც მთავრობა და აღარც ცენტრალური ბანკი მის გამყარებაზე საერთოდ აღარ საუბრობენ. ვითარების გამოსწორების შანსი უკვე გამქრალია. ლარი დიდხანს არც დასტაბილურდება და არც გამყარდება, რადგან ვითარების გამოსწორებაზე ყველამ ხელი ჩაიქნია. ეროვნული ვალუტა ახალი ანტირეკორდისკენ მიიწევს, ამ დროს კი ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავს, რომელიც ლარს ვერაფერს შველის. პირიქით, ვითარება უფრო მეტად იძაბება და ლარი უკუსვლას განაგრძობს. ასეთ რთულ ვითარებაში ლარის არათუ გამყარება, არამედ სტაბილიზაციაც ვერ ხერხდება. თანაც, წინ არჩევნებია, რომლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ეროვნული ვალუტა კიდევ მეტად ეცემა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ფარ-ხმალი დაყარეს - ლარი ვეღარ დასტაბილურდება / სებ-ის პრეზიდენტმა იმდენად გაურკვეველი ვადები დაასახელა, რომ ცხადია, ეროვნულ ვალუტაზე ყველამ ხელი ჩაიქნია.

 

“სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ახლა უკვე აცხადებს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება. ეს იმდენად ბუნდოვანი და გაურკვეველი პერსპექტივაა, რომ ცხადია, ლარს კარგა ხანი დასტაბილურება არ უწერია. “საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და იქვე განმარტა, რომ პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ძირითადად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ლარის გასამყარებლად წელს, ჯამში, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 460 მილიონი დოლარი გაყიდა. მიუხედავად ასეთი აქტივობისა, ქართული ვალუტა მაინც ვერაფრით მყარდება. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ გაყიდული რეზერვებით ვალუტის გამყარება ვერ მოხდება და სებ-ის მხრიდან უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. “ეკონომიკაში არის ფუნდამენტური პრობლემები, რეზერვები არ არის ელექსირი, რომ როდესაც მას გაყიდი, ლარი აუცილებლად გამყარდება. ეს ერთადერთი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ მოკლევადიანი რყევა აღმოფხვრა. კურსი წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება და ბიზნესს დაუბრუნდება ნდობა პოლიტიკური გარემოთი. დღეს კი ჩვენს ქვეყანაში ბიზნესს ფულის ჩადება არ უღირს, რადგან ბიზნესს ნდობა აქვს დაკარგული. ძალიან ბევრი ინვესტორი საქართველოს საინვესტიციოდ მიმზიდველად არ აღიქვამს”, ამბობს ყიფიანი, რომლის თქმით, “გვენეტაძემ როგორ შეიძლება, ლარი დაიჭიროს, სადაც ბიზნესი ქვეყანას არ ენდობა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ის თანხა, რომელიც ეკონომიკაში შემოვიდა, უნდა მოხმარებულიყო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. იმავდროულად, უნდა დაწყებულიყო ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რომ ლარის ხარჯვა მთავრობას შეემცირებინა და განეხორციელებინა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა, მაგალითად, საგადასახო კუთხით. რეალური რეფორმები არ ხორციელდება, სტაბილურ ვალუტას კი სჭირდება სტაბილური ეკონომიკა”, - თვლის ირაკლი ყიფიანი. სექტემბრის თვეში ლარი უკვე 19 პუნქტით გაუფასურდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. “ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელ პაატა შეშელიძის აზრით, სებ-ის მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და არ შემცირდეს. ლარის მოულოდნელმა ვარდნამ გააღიზიანა ბიზნესმენებიც. ისინიც ცენტრალური ბანკის შეცდომებზე საუბრობენ - ლაშა პაპაშვილს მიაჩნია, რომ დღეს ეკონომიკაში არის შოკი, რომელსაც მოხსნა სჭირდება და მთავარი ინსტრუმენტი სებ-ს გააჩნია”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ბოლო პერიოდში ლარის მასა იყო გაზრდილი, რაც უცნაურია, რადგან როცა ეკონომიკა ეცემა, ფულის მასა კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ პირიქით, უნდა მცირდებოდეს. შესაბამისად, რადგან ლარი მიმოქცევაში იზრდებოდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდება. თანაც, ეროვნული ბანკი არ აღიარებს, რომ გაცვლითი კურსი მისი პასუხისმგებლობაა და ასეთ ფონზე ინტერვენციები არის ზოგადად აუხსნელი, დაუსაბუთებელი, დროსა და სივრცეში აცდენილი და გაურკვეველი. მთავრობას ახლა აქვს დიდი ხარჯები, გაზრდილი პანდემური მოვლენების გამო. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული ეჭვი და შიში, რომ შესაძლოა, ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს. ამიტომ ხალხი ცდილობს, შეიძინოს უცხოური ვალუტა, განსაკუთრებით ამას აკეთებს მსხვილი ბიზნესი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა შეშელიძე.

 

“ერთი მხრივ, ფულის მასა იზრდება, მეორე მხრივ, გაურკვეველი ვითარებაა, რაც ქმნის დაძაბულობას და, სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება ერონული ბანკის მიერ, რომ ეს დაძაბულობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და არ შემცირდეს. ლარის გაუფასურების არჩევნებზე გადაბრალება არასწორია. ნეგატიური მოლოდინი გამოწვეულია მცდარი გადაწყვეტილებებით. იგი შესაძლოა, ხვალვე შეიცვალოს და მოლოდინი იყოს უკეთესი. მე დევალვაციას არჩევნებს არ ვუკავშირებ, ეს არის მონეტარული პოლიტიკის ხარვეზების შედეგი და არა - რაიმე ცალკეულად განყენებულ საკითხთან დაკავშირებული. გვენეტაძისა და მისი მსგავსი ადამიანების განცხადება, რომ პროცესი მათგან დამოუკიდებლად ხდება, არის, უბრალოდ, ტყუილი. მათი არასწორი პოლიტიკა ქმნის უარყოფით ფონს, რადგან ხალხი ხედავს, რომ ხვალაც იმავე შეცდომას დაუშვებენ. ამიტომაა ასეთი დაძაბულობა”, - დაასკვნის პაატა შეშელიძე.

 

“დღეს ისტორიულ ნიშნულზეა საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები. რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ყველა ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგან, ითხოვენ რეზერვების რაღაც დონეზე შენარჩუნებას, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე მისი მეტად გამოყენება შეიძლება. სებ-ი ახლა 40-40 მლნ დოლარს ყიდის. როცა 2 წლის წინ მე ვამბობდი, რომ მეტი უნდა გაეყიდა ეროვნულ ბანკს, მან საერთოდ არაფერი გაყიდა, პირიქით, ყიდულობდა დოლარს და ბაზრიდან ამოჰქონდა ვალუტა. ამან შექმნა ფონი, რომ ლარი სუსტია. სამწუხაროდ, ორი წელი ვიძახეთ, რომ ფუნდამენტურ ფარგლებში არ დაეშვათ ლარის გაუფასურება, მაგრამ ვერ შევასმინეთ ეროვნულ ბანკს, დღეს კი, ამ სიტუაციაში, 40-40 მილიონის გაყიდვა არაა საკმარისი. ვფიქრობ, მეტი დოლარი უნდა გაყიდოს ცენტრალურმა ბანკმა. მას ახლა ასეთი პოზიცია აქვს - ხომ ხედავთ, მე ვყიდი და არ შველის. დამეთანხმებიან სპეციალისტები, რომ რაც მოთხოვნაა, იმაზე 1 მილიონით მეტი უნდა გაყიდოს, რომ შოკი მოხსნას. ესაა, როგორც ორჯერ ორი - ოთხი. შოკს სჭირდება მოხსნა და ახლა გვაქვს შოკი“, - ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

წაკითხვა 581 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.