April 18, 2024

ზამთრის ტურიზმი განწირულია

“კორონავირუსის პანდემიამ ქართული ტურიზმი მთლიანად ჩაძირა. ქვეყანაში საზღვრების ჩაკეტვამ, სექტორი იმდენად დააზარალა, რომ მის აღდგენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მის ანაზღაურებას წლები და საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდება.

გარდა ამისა, უამრავი ობიექტი გაკოტრების პირასაა და შეიძლება მომავალ გაზაფხულამდე ვერც მიატანოს. ზაფხულის კურორტებმა დიდი ზარალი მიიღო, რადგან სექტორი მხოლოდ აგილრობვრივ ტურისტებზე იყო დამოკიდებული, რომელთა რაოდენობა მცირე იყო. დიდი იმედები არ მყარდება არც ზამთრის ტურიზმზე. მეტიც, სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ტურიზმის სექტორში არსებულ მძიმე მდგომარეობას, თეთრი ტურიზმი ვერ გამოსწორებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზამთრის ტურიზმი აქედანვე განწირულია, ობიექტების 85% გაზაფხულამდე ვერ მიატანს / “ახლა მასობრივად რაც კი გაიხსნება, იგივე დაემართება, რაც ბათუმს”.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია. სექტემბერში ყველაზე მეტი - 18 540 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული. მძიმე ვითარებაშია ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული სფეროებიც. საზღვრების ჩაკეტვის გამო მიღებული ზარალი მათზეც აისახა. ყველა დარგი შეღავათების მოლოდინშია. სარესტორნო ბიზნესი მთავრობას დამატებით საგადასახადო შეღავათს სთხოვს. ოფიციალური მიმართვა რესტორატორთა ასოციაციამ რამდენჯერმე გააგზავნა, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რეალური რეაგირება მათ არც ერთ მიმართვას არ მოჰყოლია. დაყადაღებული ქონება, გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებები, იჯარა და კომუნალური გადასახადები - ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც, როგორც კოტე გაბრიჩიძე ამბობს, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი აღმოჩნდა. ბარ-რესტორნების დიდი ნაწილი დროებით, ზოგი კი, სამუდამოდ დაიხურა. მათი გათვლებით, მომავალი წლის მაისამდე ქვეყანაში რეგისტრირებული 10 ათასზე მეტი ობიექტიდან მხოლოდ 10-15% მიაღწევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როდესაც უმუშევარია, ფაქტობრივად, 100 000 ადამიანი და მუშაობს მხოლოდ 1000, ამ ვითარებაში საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები არაფერს ნიშნავს. სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ყოფილიყო დათმობები დღგ-ის გადახდის ნაწილში”, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე. რესტორატორებისთვის საგადასახადო ტვირთთან ერთად მთავარი გამოწვევა საბანკო ვალდებულებებია. როგორც ისინი ამბობენ, რეალური მხარდაჭერა მთავრობისგან სწორედ ბანკებთან შუამდგომლობისთვის სჭირდებათ. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ სასესხო ვალდებულებებზე გაკეთებულიყო კიდევ 6-თვიანი შეღავათი, რადგან ყველაზე დაზარალებული დარგი ვართ. ბანკებმა მოიმარჯვეს ნაჯახი, ხდება დატერორება - დაგაყადაღებთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთ, ქონებებს წავიღებთ, 6 თვე გავიდა და გეყოთო. რეალურად ასე მსოფლიოში არ ხდება, ჩვენ თუ დავზარალდებით, წავიყოლებთ უამრავ თანმდევ ბიზნესებს”, - განაცხადა გაბრიჩიძემ. ქვეყნის ერთ-ერთი შემოსავლიანი სექტორი მძიმე ვითარებაშია - სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ მის აღდგენას წლებიც კი დასჭრიდება. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ დღესდღეობით პრობლემის მცირედით გამოსწორების შესაძლებლობაც კი არ არის” - დასძენს გამოცემა.

 

“მძიმე სიტუაციაა ყველგან, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ტურიზმი მასშტაბურად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მათ აქვთ მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა, რაც პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ჩვენ კიდევ მთელი ეკონომიკა ტურიმზე გვქონდა მიბმული, შესაბამისად, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვითარების გამოსწორებას პირი არც ზამთარში უჩანს, ამიტომ კვლავ ასეთი არასახარბიელო სტატისტიკა გვექნება. შემოსავლების კლების მხრივ არის განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია, დიდ ზარალზე გავდივართ. ჯერ კიდევ აგვისტოს მდგომარეობით, 1,8 მილიარდ დოლარამდე იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირებული, რაც ეკონომიკისთვის სერიოზული დანაკარგია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა კვარაცხელია.

 

“ახლა ყველანაირი იმედი ზამთრის სეზონზე მყარდება, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიქმნება შემოდგომის ბოლოს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტის მარინა მეტრეველის განცხადებით, რთულია პროგნოზის გაკეთება, მით უფრო, რომ დამაიმედებელი ვითარება სულაც არ არის. “შიდა ტურიზმმა არაფერი არ მოგვცა, პირიქით, კორონავირუსი გაავრცელა. სამუშაო ადგილები რაც იყო, დიდ ნაწილს ტურიზმი უკეთებდა გენერირებას სხვადასხვა სფეროში. ახლა ან უნდა შემოვიდეს ინვესტიცია, რომელიც მაქსიმალურად ამოასუნთქებს ხალხს, რადგან ამ ინვესტიციამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები ანდა უნდა გახსნან ცა და შემოვიდნენ ტურისტები. ზამთრის ტურიზმი კი არა, რაც გინდა ამუშავდეს იგივე მოხდება, რაც დაემართა ზაფხულში ბათუმს. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, 90% არის იმის პროგნოზი, რომ ამ ზამთარს უკეთესობა არ გვექნება. ძალიან მძიმე ვითარება იქნება. ზამთრის სეზონზე შესაძლოა, კურორტებზე ცხელი წერტილები გაჩნდეს, როგორც ბათუმში. ტურიზმმა ოდნავ სუნთქვა, რომ დაიწყოს აუცილებელია გაიხსნას ცა და ქვეყანამ შემოუშვას უცხოელი ტურისტები”, - მიიჩნევს მარინა მეტრეველი, რომლის თქმით, “შიდა ტურიზმით ვწვალობთ და არაფერი გამოდის”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 532 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.