ამ გვერდის ამობედვა

რა წესების დაცვა მოუწევთ ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს?

ევროკავშირის კომისია 26 ივნისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ შენგენის ქვეყნებში შესვლა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის 1-ლი ივლისიდან იქნება ნებადართული.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოქვეყნდება. Euronews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპაში შესვლა ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული, მათ შორის, საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, კანადის, მაროკოს, ახალი ზელანდიის, რუანდის, სერბეთის, ტაილანდის, ტუნისის, ურუგვაის, ჩერნოგორიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოქალაქეებისათვის. 

 

გამოცემა Deutsche Welle აქვეყნებს იმ წესების ჩამონათვალს, რომლის დაცვას ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს მოუწევთ.

 

პირბადის ტარება - როგორც ბორტზე, ასევე აეროპორტში

 

პირბადეების ტარება ევროპაში გამგზავრების მსურველებისთვის სავალდებულო იქნება. უფრო მეტიც, გამგზავრების ადგილიდან, "აეროპორტის შენობაში შესვლის მომენტიდან, დანიშნულების აეროპორტიდან გასვლის მომენტამდე", ნათქვამია ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებულ სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტის ინსტრუქციაში. გამონაკლისი ხორციელდება მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ნიღაბების ტარება სამედიცინო უკუჩვენებების გამო დაუშვებელია. 

 

გარდა ამისა, საჭიროა მგზავრებმა შეცვალონ ნიღაბი ყოველ 4 საათში ერთხელ, ასევე რეგულარულად დაიბანონ ხელები და მოახდინონ დეზინფექცია.

 

ხელბარგი

 

აეროპორტების უმეტესობაში დაინერგა წესი, რომლის თანახმადაც, მგზავრს სალონში მხოლოდ ერთი ხელბარგის ატანის უფლება აქვს. ამით დაჩქარდება, როგორც ბარგის შემოწმების პროცედურა, ასევე შემცირდება ბორტზე ინფიცირების შანსი. ბარგის შემოწმებისას აუცილებელია მგზავრებმა დაიცვან 1,5 მეტრიანი დისტანცია. 

 

სამედიცინო კონტროლი აეროპორტებში

 

გერმანიის აეროპორტებში ტემპერატურის შემოწმება საჭირო არ არის, თუმცა ყველა ქვეყნის მოთხოვნა, სავარაუდოდ, ინდივიდუალური იქნება. მიუხედავად ამისა, ყველა ქვეყნის აეროპორტი ვალდებული იქნება აღჭურვილი იყოს საჭირო ტექნიკით, მათ შორის ელექტრონული თერმომეტრებით.

 

რაც შეეხება აეროპორტებში კორონავირსზე ტესტირებას, ამ შემთხვევაშიც, ქვეყნები თავად გადაწყვეტენ ჩატარდეს თუ არა შემოწმება. აეროპორტები მომარაგებული უნდა იყოს კორონავირუსის ტესტებით. ტესტის შედეგები ცნობილი იქნება 4 საათის შემდეგ. ავიაკომპანიის ცნობით, ეს პირველ რიგში მნისვნელოვანია იმ ქვეყნებში გამგზავრების მსურველებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესასვლელად კორონავირუსზე ჩატარებული უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენას სავალდებულოდ აწესებენ.

 

რამდენად დიდია ბორტზე ინფიცირების რისკი?

 

ბორტზე ინფექციის რისკი არსებობს, მაგრამ ის მცირეა, ვინაიდან, სალონში, ჰაერის მიმოქცევა ხდება ზემოდან ქვემოდან. ამიტომ, მგზავრების მიერ გამოყოფილი ჰაერი ტენიანობის წვეთებთან ერთად დაუყოვნებლივ მიემართება ქვემოთ, სალონის იატაკის მიმართულებით და არ იფანტება ჰაერში. ”ფრენის დროს ბორტზე ინფიცირების რისკი ისეთივეა, როგორც გერმანიის კლინიკის საოპერაციო დარბაზში” - წერს Condor Airlines თავის ვებგვერდზე.

 

იქნება თუ არა თავისუფალი ადგილი სავარძლებს შორის?

 

ევროკავშირის ავიაკომპანიებს არ ევალებათ დატოვონ ცარიელი ადგილები სავარძლებს შორის. თუმცა მათ შეუძლიათ ამის გაკეთება,  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის დატვირთვა ამის საშუალებას მისცემს. ამრიგად, მგზავრებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ ეს ავიაკომპანიისგან.

 

 

წაკითხვა 768 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 28 2020

სიახლეები