ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. საარჩევნო პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა და შესაბამისად, უბნებიც დაიხურა. ახლა საარჩევნო კომისიები ბიულეტენების დათვლას იწყებენ.

ამომრჩევლებმა ხმა 73 საარჩევნო ოლქის 3 743 უბანზე მისცეს, საიდანაც 9 პენიტენციური და 70 სპეციალური, ე.წ. კოვიდუბანი იყო.

 

ამომრჩევლებმა დღეს 64 მერი და 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) აირჩია. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

 

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

 

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

 

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

 

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.

წაკითხვა 289 ჯერ

სიახლეები