ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ,,ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე,

- ამის შესახებ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რეგიონების განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

„როგორც მოგეხსენებათ, მაისში ტარდება მუნიციპალიტეტების მერების არჩევნები ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში. აგრეთვე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში. რეგიონების განვითარებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტების წინსვლას და მოსახლეობის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფას ესაჭიროება კვალიფიციური კადრები და სწორედ ამ პრინციპით და აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ მერობის კანდიდატები. დღეს წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც გვჯერა კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ადამიანებს საუკეთესოდ ესმით ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის საჭიროებები და შესწევთ უნარი, წარმატებით იზრუნონ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კანდიდატების წარდგენისას ღარიბაშვილმა ხაზი მათ პროფესიონალიზმს გაუსვა.

 

„ქართული ოცნება" ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარადგენს გიორგი შენგელიას. მას აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. გიორგი ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა და მისი მერობის პირობებში ჩვენი საამაყო ქალაქი ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს. მარნეულში მინდა წარმოგიდგინოთ ზაურ დარგალის კანდიდატურა. ბატონი ზაური არის გამორჩეული ახალგაზრდა. ის დიდი ხანია ჩართულია ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. მას დღემდე უკავია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა, ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის გამოცდილება. ის არის ნათელი სახე. ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი. გვჯერა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ის ასეთივე წარმატებით გაუძღვება;

ზესტაფონში ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი გოგლიჩიძე. ბატონი გიორგი წლების მანძილზე იყო აქტიურად ჩართული პოლიტიკაში. იგი პრინციპულად უპირისპირდებოდა "ნაცმოძრაობის" არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის რა სჭირდება ზესტაფონს, რა პოტენციალი და გამოწვევები აქვს მუნიციპალიტეტს და დარწმუნებული ვართ, რომ ზესტაფონის წინაშე არსებულ პრობლემებს მასთან ერთად სწრაფად გადავჭრით.

ჭიათურაში ჩვენი კანდიდატი იქნება გივი მოდებაძე. ბატონმა გივიმ ასევე კარგად იცის ჭიათურის გამოწვევები და პოტენციალი, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებული მერი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგში ამ მუნიციპალიტეტის განვითარებას.

ხულოში მერობის კანდიდატი იქნება ვახტანგ ბერიძე. ბატონი ვახტანგი ზედმიწევნით კარგად იცნობს ხულოს. ის ბოლო დრომდე იყო მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი. ამ მხარეს აქვს უდიდესი კულტურული, ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდის მუშაობით ამ პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.

თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად მსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ადამიანის მოყვარული და ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება - ლადო კახაძე. ბატონი ლადოსთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის და ის ჩვენს გუნდს ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს.

ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ,,ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 183 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.