"ნებისმიერ ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება"

როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი შუალედური არჩევნებამდე. 19 რიცხვში საარჩევნო კენჭისყრა რამდენიმე საარჩევნო ოლქში გაიმართება.

 

გუშინდელ დღემდე, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ დაძაბულობის ცენტრი სავარაუდოდ ზუგდიდი გახდება. გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან, -ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო მდივნმა თამარ ჩუგოშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

 

 

"როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა.

 

საოლქო საარჩევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ და გამჭვირვალედ მოქმედებდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავიმეორო და დავადასტურო ეს განცხადება, რომ გუშინდელ შემთხვევაში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა.

 

მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა მაინც ვიხილეთ.

 

ამ პროცესის ნაწილია ასევე ოპოზიციის განცხადება, რომ ქალაქ ზუგდიდში, სხვადასხვა რეგიონიდან 5000 აქტივისტის მობილიზება ხდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია სწორედ ამ ადგილას იგეგმება.

 

ჩვენთვის ეს დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ, ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს.

 

ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ან ექნება, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება.

 

გვინდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მივმართოთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, როგორც საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდს, ვინაიდან ყველანაირი ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს.

 

ჩვენი ამოცანაა, არჩევნებმა ჩაიაროს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში და ამისთვის მომართულია ყველა სახელმწიფო უწყება.

 

კიდევ ერთხელ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი იმისათვის, რომ პრევენცია მოხდეს სავარაუდო დაძაბულობის და დარღვევების. ჩვენ ვაპირებთ მათთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობას, ახლაც გვაქვს კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდზე გაამახვილონ."- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

წაკითხვა 163 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.