არჩევნებამდე სამი დღით ადრე ზუგდიდი პოლიტიკური აფეთქების და დაპირისპირების ცენტრად იქცა - ვინ ცდილობს სიტუაციის დაძაბვას

“ხმაური და დაპირისპირება საოლქო კომისიაში 16 მაისსაც გაგრძელდა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები საოლქო კომისიამ არ მიიღო.

ოპოზიციის თქმით, მათ აქვთ დამადასტურებელი მასალა იმის, რომ საარჩევნო სიები და სარეგისტრაციო ბეჭდები კონკრეტული პირების სახლებში ინახება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება სხდომაზე ეჩვენებინათ ის მოპოვებული ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელშიც, მათი მტკიცებით, ასახულია, რომ კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კონკრეტულ პირებს სახლში ჰქონდა” , - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არჩევნებამდე სამი დღით ადრე ზუგდიდი პოლიტიკური აფეთქების და დაპირისპირების ცენტრად იქცა - ვინ ცდილობს სიტუაციის დაძაბვას

"ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა გაერთიანებულ ოპოზიციას არ მისცა საშუალება ეს საკითხი განხილვაზე დამდგარიყო. ასევე ოპოზიცია ითხოვდა კენჭისყრაზე დამდგარიყო მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუმცა თავმჯდომარემ სხდომა ისე დაასრულა, რომ ოპოზციის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ხელისუფლების ოპონენტები მირანდა მესხს არაკანონიერ ქმედებებში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და დირექტივები საოლქო კომისიების მისამართითაც გაიცემა. ოპოზიციის განცხადებით, მესხი თამარ ჟვანიას შვილის ნათლიაა. „ქალბატონმა მირანდამ თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს. მირანდა და ჟვანია ახლობლები არიან და დიდი ხანია ერთმანეთთან კავშირი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონი გაყალბებაში, სისხლის სამართლის დანაშაულში, არაერთხელ არის მხილებული, ჟვანიამ პირადად გადააყენოს, მოხსნას და მის საქციეზე პასუხისმგებლობა თავადვე აიღოს. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდა გავაფრთხილო, ვუთხრა და ვურჩიო, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაყვნენ ამ სისხლის სამართლის დანაშაულში ქალბატონ მირანდას,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ ხატია დეკანოიძე“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების მექანიზმი ჩამოაყალიბა, რომელიც ნათელ-მირონობას და ახლობლობას გულისხმობს. დეკანოიძე აცხადებს, რომ მოიარეს ძალიან ბევრი საუბნო საარჩევნო კომისია და კომისიის თავმჯდომარეები პირდაპირ ამბობენ, რომ რეალურად ბეჭდები სარეგისტრაციო ჰქონდათ სახლში, სიები ჰქონდათ სახლში, იმიტომ რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ, ეს იყო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უშუალო ბრძანება და რეალურად კანონია დარღვეული. ცესკო კი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს არ განიხილავს. „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. მისი გადაგომის არანაირი აუცილებლობა და რაც მთავარია, სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს,“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ. თამარ ჟვანია კი მზად არის, რომ პარლამენტში მივიდეს და ოპოზიციის კითხვებს უპასუხოს. "მინდა გამოვეხმაურო ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესშია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ყოველთვის მივესალმები დიალოგს ნებისმიერი ფორმით!" - წერს "ფეისბუქში" თამარ ჟვანია“, - დასძენს გამოცემა.

"მმართველი გუნდი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას კი ოპოზიციას აკისრებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. სოფო კილაძის შეფასებით ადგილი აქვს ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს. ის ოპონენტებს მოუწოდებს ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. “სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ რომ ტემპერატურა არის მაღალი პოლიტიკური და მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ოპოზიციაც ასევე იმიტომ რომ ვხედავთ, რომ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ოპოზიციაც უნდა შეეცადოს რომ ეს არჩევნები იყოს დემოკრატიულად წარმართული და არ ჰქონდეს ადგილი პროვოკაციებს, არ ჰქონდეს ადგილი ერთმანეთთან დაპირისპირებას იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს უკვე ქვეყნის იმიჯზე აისახება შემდეგ. ამიტომ ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას კანონი. თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს ამას ექნება შესაბამისი რეაგირება,“-განაცხადა სოფო კილაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 121 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 17 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.