,,მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები“-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სპეციალური ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო კამპანიამ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი არაჯანსაღი გარემოს ფონზე ჩაიარა.

 

"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართულ, ევროპული სტილის კამპანიას ოპონენტებმა უპასუხეს აგრესიით, შეურაცხყოფით, პროვოკაციებით, სხვადასხვა ფორმით გამოხატული არაეთიკური ქცევით. დღეს გვინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც 2 თვის განმავლობაში უაღრესად ღირსეულად პასუხობდა ოპონენტების არაეთიკურ ქმედებებს.

ამ საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი მახასიათებელი იყო ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ უკიდურესად დაუბალანსებელი მედიაგარემო. ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია - რუსთავი 2 ფორმალურადაც კი არ ცდილობდა დაეცვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და აქტიურად მიმართავდა რუსული ტელეარხებისთვის დამახასიათებელ ე.წ. ბრეინვოშინგის, ანუ ტვინის გამორეცხვის მეთოდს მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ მხარდამჭერთა სიების ფალსიფიკაცია. აღნიშნული პარტიები იმ დონეზე გაკადნიერდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის გაყალბებაც კი იკადრეს. სამწუხაროა, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმული 2 სპექტაკლის ფონზე ჩაიარა. ორივე სპექტაკლმა სრული ფიასკო განიცადა, რადგან იქ, სადაც არ არის გადაცდომა, ხელოვნურად ვერავითარ კომპრომატს ვერ შექმნი,“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნებზე, ,,ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელ გადაცდომებზეც გააკეთა კომენტარი.

,,გვაქვს წინასწარი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების შესახებ. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას მისი წარმომადგენლებისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დავალებული აქვს არანაკლებ 10 საჩივრის დაწერა. ასევე, დაგეგმილია უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა ახდენს ადამიანების მობილიზებას ცესკოს შენობის წინ არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად. არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საარჩევნო გადაცდომაზე, რომელი პარტიის წარმომადგენლისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უმკაცრესი რეაგირება. ამისათვის „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები, როგორც ისინი ამ 2 თვის განმავლობაში აყალბებდნენ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს. შევახსენებთ, რომ მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ —რამდენიმესაათიანი ფეხები და რამდენიმე საათში დაიდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საარჩევნო მონაცემები“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 335 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.