“სამუდამო“ პუტინი და საქართველოს არჩევნები

“ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეი, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტიდან 2019 წელს გამოუშვეს ოპოზიციური შეხედულებების გამო, ბოლო პერიოდში თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ 2022 წლამდე პუტინი აუცილებლად გადადგებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ სხვა მიზეზთა გამო.

ნიშანდობლივია, რომ სოლოვეი დაკავშირებულია კრემლის ერთ-ერთ გავლენიან დაჯგუფებასთან და ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც არგუმენტების გარეშე საუბარი არ სჩვევია. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი - ვფიქრობ, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში პუტინის ჩანაცვლების მიზნით მოძრაობა დაიწყო. რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ გავლენიანი პოლიტიკური და ბიზნესჯგუფები დააზარალა, რომლებმაც სანქციებისგან თავდახსნის სანაცვლოდ პუტინის ალტერნატივაზე დაიწყეს ფიქრი და სოლოვეი სწორედ მათ ფიქრებს თუ სურვილებს ტესტავდა”, - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამუდამო“ პუტინი და საქართველოს არჩევნები.

 

“მეორე ფაქტორი არის რუსეთში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც ამძაფრებს, ერთი მხრივ, დასავლეთის სანქციები, მეორე მხრივ კი კორონავირუსით გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი. ამასთან, რუსეთის სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, პუტინის რეიტინგი ისეთი დაბალია, როგორიც არასდროს ყოფილა. შესაბამისად, პუტინმა ამ საკონსტიტუციო რეფორმის სახით პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების განწყობისგან თავდაცვის მექანიზმი შექმნა. რა თქმა უნდა, კრიტიკული განწყობები უფრო იმძლავრებს. სანამ პუტინის გადადგომაზე დაიწყებდა საუბარს, სოლოვეი სოციალურ ბუნტს წინასწარმეტყველებდა. თუმცა ამ ეტაპზე რადიკალური ცვლილებებისთვის მზადყოფნა რუსეთში არ ჩანს. ოპოზიციური განწყობა რევოლუციურ ცვლილებას ყოველთვის არ მოასწავებს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისეთი ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ, რომლებიც ამ განწყობის გენერირებას შეძლებენ, ხელისუფლების ცვლილებას არ ველი. “ხელმწიფის კარის გადატრიალება” ანუ შიდასახელისუფლებო ცვლილებები უფრო რეალური იყო, მაგრამ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებით ყველა შესაძლო სცენარი ჯერჯერობით დაბლოკა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“პუტინმა მმართველობის ახალი და უვადო ფაზა ძალიან საინტერესო განცხადებით დაიწყო. კერძოდ, თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა თან წაიღეს ტერიტორიები, რომლებიც მათ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს საჩუქრად ერგოთ რუსეთისგან, და ეს საკითხი დღეს ისევ ღიაა. ეს რიტორიკა ავის მომასწავებლად მეჩვენება. 2008 წლის მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, როდესაც პუტინის იმპერიული რეინკარნაცია ვიხილეთ, მან ახალი დოქტრინა წამოაყენა - რომ რუსეთი ყველგან, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დაიცავს საბჭოთა ეპოქაში დაბადებულ ადამიანებს და მით უფრო, ეთნიკურ რუსებს, რასაც ძალიან მალე მოჰყვა დაპყრობითი ომები ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში. დღეს პუტინის ახალი რიტორიკა და რუსულ სამხედრო ბაზებზე გაჩენილი ბანერები, წარწერით “რუსეთის საზღვრები უსასრულოა”, ერთმანეთთან თანხვედრაშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ნახეთ, რა ხდება აშშ-ში. შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ პროცესები შეუქცევადი გახდა. შეიძლება ითქვას, ამერიკას პოლიტიკური ცუნამი დაატყდა თავს - პირველ ტალღად კორონა მოევლინა, მეორე ტალღად კი ფლოიდის მკვლელობის თანმდევი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დღეს უკვე, შეიძლება ითქვას, ნამდვილ “სოციალისტურ” მოძრაობაში გადაიზარდა. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, პროცესები გარედან არის მართული. ამერიკული პრესა წერს, რომ რუსულმა დეზინფორმაციულმა პოლიტიკამ რასობრივი შუღლი წინმსწრებად გააღვივა, რასაც ახლა აქტიურად იყენებს. რუსული დეზინფორმაციის გენერალური ხაზი ყველა სამიზნე ქვეყანაში ერთია და მოიცავს: 1. საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფას, ანუ საზოგადოების დაქუცმაცებას, რათა მას აღმშენებლობითი ენერგია გამოაცალოს; 2. მტკივნეული თემების გაღვივებას, მაგალითად, ამერიკისთვის რასიზმი; საქართველოსთვის _ სექსუალური უმცირესობები და ა.შ.; 3. პოლიტიკური სპექტრისა და იმ ავტორიტეტების დისკრედიტაციას, რომელთაც შეუძლიათ ერი გაამთლიანონ; 4. სახელისუფლებო ძალის იმიჯის შერყევას. რუსეთი მიხვდა, რომ მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ის სასურველი პარტნიორის იმიჯის შექმნას ვერ შეძლებს და მიზნად დაისახა ამ ქვეყნებში დესტაბილიზაციის შექმნა. ფორმულა მარტივია: მე არა ვარ კარგი, მაგრამ არც თქვენი ხელისუფლებაა ჩემზე უკეთესი”, - განმარტავს პოლიტოლოგი.

 

“რიტორიკა, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილი რუსეთს ემსახურება, წმინდა წყლის რუსული პროპაგანდაა. კრემლი, ერთი მხრივ, ცდილობს ამერიკელ ამომრჩეველს საკუთარი ხელისუფლების ნდობა შეურყიოს, მეორე მხრივ, ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებში გააჩინოს ეჭვი ამერიკის ძლიერებაზე. თუ საქართველოს მსგავსი ქვეყნის მოქალაქეები იფიქრებენ, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტაც კი ევაჭრება რუსეთს, თავად განსაჯეთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. მე გამოვრიცხავ, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტის ანგარიშგასაწევი ნაწილი რუსეთთან იყოს გარიგებული. უბრალოდ, რუსეთი ძალიან კარგად მანიპულირებს სხვადასხვა ქვეყნის სუსტი წერტილებით. ამერიკაში რასიზმთან დაკავშირებული პრობლემები ისევე კარგად გამოიყენა, როგორც ჩვენთან სექსუალური უმცირესობის თემა. რუსული დეზინფორმაციით თავბრუდახვეული ამერიკის მოსახლეობის ერთი ნაწილი კარგი სამიზნე აღმოჩნდა რადიკალური მემარცხენეებისა თუ გლობალისტებისთვის. ისევე როგორც რუსული დეზინფორმაციით თავბრუდახვეული ხალხი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების სამიზნე აღმოჩნდა საქართველოშიც. მაგალითად, კრემლი აქტიურად ცდილობს ჩვენს ქვეყანაში შექმნას განწყობა, რომ დასავლეთი და ამერიკა მართლმადიდებლობას ებრძვიან”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

 

“ჩვენს ქვეყანაში საინფორმაციო უსაფრთხოების საზღვრები აბსოლუტურად მორღვეულია. შეიძლება ითქვას, რუსეთთან საინფორმაციო ომში კაპიტულაცია უბრძოლველად გამოვაცხადეთ. ამიტომაც სრულიად ღია ვართ რუსული დეზინფორმაციისთვის, ისევე როგორც ფულისთვის, რომელიც გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდასაჭერად და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის დაფინანსებისთვის შემოდის. ჩვენ ვიცით, რომ რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღრმავებაა და რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? მაქსიმალურად უწყობს ხელს საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირების გაღვივებას. “ქართული ოცნება” ისე ასრულებს მმართველობის მეორე ვადას, დღემდე არ დაუსახავს სახელმწიფოებრივი მიზანი. უფრო მეტიც, გვეუბნება, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ამბიციები არ უნდა გვქონდეს. არადა, სტრატეგიულად და გლობალურად მოაზროვნე ლიდერებმა - შევარდნაძემ, ალიევმა და დემირელმა ჩვენი რეგიონისთვის ახალი პერსპექტივა შექმნეს...”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

“თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამკუთხედმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს ხელახლა აღმოაჩენინა გეოსტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი რეგიონი და გავხდით რუსეთის ალტერნატივა ენერგორესურსების მიმწოდებლის თვალსაზრისით. რაც მაშინ ნავთობისა და გაზის სადენებმა გააკეთა, ის უნდა გაეკეთებინა დღეს ანაკლიას, ამ ხელისუფლებამ კი პროექტი დაბლოკა. ამასობაში, როგორც ანაკლიის სავაჭრო (და არა სამხედრო) ალტერნატივა, რუსეთში ტამანის პორტი აშენდა. სანამ ანაკლიას ახალი ინვესტორი გამოუჩნდება, ტამანის პორტი იმ ტვირთების უმრავლესობას წაიღებს, რომელთაც შეიძლება ანაკლიის პორტი მომსახურებოდა. ესეც ერთი დიდი დარტყმაა სახელმწიფო ინტერესებზე”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თქვენც ფიქრობთ, რომ “ქართული ოცნება” რუსულ ინტერესებს ემსახურება?” - პასუხობს:

 

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში ძალიან ბევრჯერ დაზიანდა სახელმწიფო ინტერესები. ხშირ შემთხვევაში ზიანი მიზანმიმართულად მიადგა ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, ანაკლიის პროექტის ჩავარდნა იყო სახელმწიფო ინტერესების და არა მარტო კერძო, ბიზნესჯგუფის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ამასთან, ვხედავთ რუსული ფულით დაფინანსებულ ტელევიზიებს, ვისმენთ რუსულ პროპაგანდას იმ ტელევიზიებიდან, რომელთაც მაუწყებლობა მთელ საქართველოში აქვთ. აღარაფერს ვამბობ სოციალურ ქსელებზე, რომელზეც ხელისუფლება კი ამბობს, ვერ ვაკონტროლებო, მაგრამ სამაგიეროდ “ფეისბუკის” ადმინისტრაცია ბლოკავს ქართულ ფეისბუკგვერდებს იმ მოტივით, რომ ისინი ანტიამერიკულ განწყობას აღვივებენ და ამ გვერდებს პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებასთან აკავშირებენ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით წერენ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების რუსულ კავშირებზე”.

 

“ნაციონალების” შეცდომები არ ამართლებს “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ხოლო 2008 წლის ომის შესახებ მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეარყევს - ომი რუსეთმა დაიწყო. საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში საკუთარ მოქალაქეებს და ტერიტორიულ­ მთლიანობას სრულიად ლეგიტიმურად იცავდა. იმისთვის, რომ 2008 წლის ომის შესახებ სრული სიმართლე გავიგოთ, ათეული წლები უნდა გავიდეს. გეთანხმებით, ბევრ საკითხს კითხვის ნიშანი აქვს, თუნდაც ომის წინ ამერიკისა თუ რუსეთის რეალური განწყობის თაობაზე. თუმცა სიმართლე ერთია - ომი დაიწყო რუსეთმა და ყველა ის ქართველი, ვინც ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ჩემთვის ქვეყნის მოღალატეა, მიუხედავად მისი სტატუსისა...”, - მიიჩნევს ლაგაზიძე.

 

“კრემლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი მიღწეულია - მას საქართველოს პარლამენტში ჰყავს თავისი ხალხი “პატრიოტთა ალიანსისა” თუ “ქართულ ოცნებაში” შეგზავნილი დეპუტაციის სახით და შეეცდება მომავალ პარლამენტში ეს დეპუტაცია უფრო გაზარდოს იმავე “მარშელების” ხარჯზე. რაც შეეხება მეორე და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მზად უნდა ვიყოთ კიბერტერორიზმისთვის. თუ რუსეთმა დაინახა, რომ არჩევნები მისთვის არასასურველი შედეგით მთავრდება, შესაძლოა კიბერშეტევა განახორციელოს ცენტრალური კომისიის მონაცემთა ბაზებზე, სერვერებსა და მასთან ჩაბმული საოლქო და საუბნო კომისიების მთელ ქსელზე. ეს გამოიწვევს ბაზების პარალიზებას ან უკვე დათვლილი ოქმების გაქრობას, რასაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაც მოჰყვეს. მერწმუნეთ, რუსეთს ნამდვილად აქვს ამის რესურსი. თუ “ოცნებას” უნდა არჩევნებისას რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი არ დაჰბრალდეს, აშშ-ის შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართოს დახმარებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერებისა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დახმარების მიზნით. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტის თხოვნით დააფინანსა უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, რომლებიც ქართველებთან ერთად საარჩევნო რეფორმაზე მუშაობდნენ. გარწმუნებთ, ამერიკა არც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების გამოგზავნაზე იტყვის უარს”, - აღნიშნავს ლაგაზიძე.

 

“ამერიკის საელჩოს განცხადებაში ორი ისეთი მნიშვნელოვანი ფრაზა მომხვდა თვალში, როგორიც არასდროს მინახავს ელჩების განცხადებებში: პირდაპირ წერენ, რომ უნდა შეიქმნას დამატებითი მექანიზმები, რათა გამოირიცხოს ამომრჩევლის დაშინება, და საარჩევნო კომისიები გამჭვირვალედ უნდა დაკომპლექტდეს. დიპლომატიურიდან სახალხო ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ ელჩებმა იციან, საქართველოში წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის დაშინება მართლაც ხდებოდა და მოახლოებულ არჩევნებზეც შეიძლება იგივე მოხდეს. ისიც იციან, ხელისუფლებები საარჩევნო კომისიებს ისე აკომპლექტებდნენ, რომ მათ ხელი შეეწყოთ არჩევნების გაყალბებაში. დიპლომატები ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებშიც იგივეა მოსალოდნელი. როდესაც ასეთ რამეს გიწერს ამერიკის საელჩო, ძალიან უნდა გეშინოდეს, რომ ვაშინგტონმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით “ოცნება” ძალიან მძიმე დღეშია. ერთი მხრივ, სტრატეგიული პარტნიორი გვთხოვს არჩევნებზე არ გადავუხვიოთ დემოკრატიის ჩარჩოებს, მეორე მხრივ კი ამერიკაში მიმდინარე პროცესებით შეგულიანებული რუსეთი აძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

წაკითხვა 693 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.