April 26, 2024

განსხვავებული არჩევნები - “ამომრჩეველს გარისკვის შანსი აქვს”

"რა ელოდება 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისულ საზოგადოებას - არჩევანის გაკეთება ისევ "შავსა" და "თეთრს" შორის მოუწევს თუ, 1%-იანი ბარიერისა და საარჩევნო სისტემის წყალობით, ბიულეტენში მრავალფეროვნება დახვდება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა - 120/30 და 1%-იანი ბარიერი საშუალებას იძლევა იმისას, რომ ამომრჩეველი უფრო თამამი და რისკიანი გახადოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, განსხვავებული არჩევნები - “ამომრჩეველს გარისკვის შანსი აქვს”

 

“ეს არჩევნები წინა არჩევნებისაგან, პირველ რიგში, საარჩევნო სისტემითა და ბარიერით განსხვავდება, ეს პირობები კი იმის საშუალებას იძლევა, რომ ამომრჩეველი უფრო თამამი იყოს და არჩევანის გაკეთების დროს უფო მეტად გარისკოს. როდესაც მაღალი ბარიერია, ამომრჩეველი ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი ხმა არ დაიკარგოს. ის თუ ეჭვობს, რომ პარტია ბარიერს გადალახავს თუ არა, მაშინ ამჯობინებს, ხმა სხვა ისეთ პარტიას მისცეს, რომელიც მისთვის შედარებით ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ხმა მაინც არ დაეკარგება. ამ შემთხვევაში კი ვფიქრობ, რომ ამომრჩეველს გარისკვის შანსი აქვს, რაც მგონია, მოგვცემს იმას, რომ პარლამენტი ჭრელი იქნება. არჩევანის გაკეთება, ძირითადად, ორ ფრთას შორის იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობა, დაახლოებით 1/3, სხვა არჩევანს გააკეთებს, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ასეთ შემთხვევაში მრავალფეროვანი პარლამენტი გვეყოლება. ჩვენ, ძირითადად, ისეთი პარლამენტი გვქონდა, სადაც მმართველ ძალას ჰქონდა უპირატესობა, რომ მყარი და მორჩილი უმრავლესობა ჰყავდა. ამ შემთხვევაში, პარლამენტი არა ისეთივე მორჩილი, არამედ საკმაოდ სიცოცხლით სავსე იქნება და არა ისეთი, როდესაც რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს უმრავლესობა აქვს და მას არც ოპოზიციის და არც საზოგადოების განწყობები საერთოდ არ აინტერესებს და იმ კანონს იღებს ისე, როგორც მას უნდა. თუ ამომრჩევლის ერთი მესამედი იმ მესამე კატეგორიაში წავა, რომელსაც არც „ოცნება" უნდა და არც „ნაცმოძრაობა" და მასთან გაიგივებული პოლიტიკური ჯგუფები, ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას და ყველაფერი ერთ პარტიასა და მისი ლიდერის ნება-სურვილზე არ იყოს დამოკიდებული", - განაცხადა ძაბირაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს პოლიტიკურ სივრცეში პარტიების ნაკლებობა არაა და ბარიერიც 1%-იანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინა არჩევნებისგან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი იქნება. რაც შეეხება „შავსა" და „თეთრს" შორის არჩევანის გაკეთებას, არც ერთი მხარეა მთლად „შავი" და არც მეორე მხარეა მთლად „თეთრი", ვისთვის როგორ, მაგრამ მხარეებს შორის მთლად ასეთი რადიკალური განსხვავებაც არაა. აღნიშნული არჩევნები შედარებით უფრო მრავალფეროვანი იქნება იმიტომ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ძირითადი კონკურენტები „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა" რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტად დაიყო, ბუნებრივია, ამჯერად უფრო მეტი პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი. ასევე პოლიტიკური პარტია „ლელო", რომელმაც შესაძლებელია, რომ 1%-იანი ბარიერის არსებობის პირობებში გარკვეული ხმები მიიღოს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი იქნება, არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის დაპირისპირება. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს პრორუსული პარტიებიც, იგივე ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი". პარადოქსია, მაგრამ „დემოკრატიული მოძრაობა" პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრთანაა დაახლოებული, ხოლო პატრიოტთა ალიანსი - "ქართულ ოცნებასთან". 1%-იანი ბარიერისა და 30 მაჟორიტარული ოლქის პირობებში საქართველოს უფრო მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება", - განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 473 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 05 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.