რამ ან ვინ შეიძლება გამოიწვიოს არეულობები არჩევნების დროს და რას ნიშნავს მონტენეგროს სცენარი საქართველოსთვის

“საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან პარტნიორი ქვეყნების აზრით, ეს დემოკრატიის ტესტი იქნება, რასაც ათმაგი ყურადღებით დააკვირდებიან.

აქედან გამომდინარე კი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთი საქართველოში არასტაბილური პირობების შექმნით იყოს დაინტერესებული. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, შესაძლოა რუსეთის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა მონტენეგროს სცენარით სცადოს ან შეეცდება, რომ საქართველოს რეგიონებში ეთნიკური დაპირისპირებები წინასაარჩევნოდ გააღვივოს. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი თვლის, რომ გარდა რუსეთის მხრიდან საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობისა, შესაძლოა არეულობები იმ ფაქტმაც გამოიწვიოს თუ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას შეეცდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამ ან ვინ შეიძლება გამოიწვიოს არეულობები არჩევნების დროს და რას ნიშნავს მონტენეგროს სცენარი საქართველოსთვის.

 

“წინასაარჩევნოდ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი - დესტაბილიზაციის მცდელობა უკვე ვიხილეთ კიბერშეტევის, მცოცავი ოკუპაციისა და საინფორმაციო ომის სახით. მეორე მომენტი ისაა, რომ წინასაარჩევნოდ გარე ძალების ჩართულობამ, შიდა პოლიტიკურ ძალებზეც იმოქმედოს და ერთობლივი კოორდინირებული ქმედებებით შესაძლოა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები ვიხილოთ. მაგალითად, დავასახელებ მონტენეგროს, როდესაც იქ მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდებოდა, რუსეთი ჩაერია, იქ არსებული რადიკალური დაჯგუფებები გამოიყენა და ამ გზით მოინდომა არჩევნებში ჩარევა. მათ შორის იქ გადატრიალების მოხდენაზე, პარლამენტში შეჭრასა და შენობის დაკავებაზეც იყო საუბარი, თუმცა ეს გეგმები ნატოს სპეცსამსახურების ჩარევით არ განხორციელდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“გარკვეულ დაპირისპირებას ისიც იწვევს, რომ მაგალითად, სიტყვა იქნა ჩაგდებული, რომ “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთიდან ფინანსდება, თუმცა ესეც გამოსაკვლევია, გაჩნდა მოთხოვნები, რომ ეს პარტია მოვხსნათ საპარლამენტო არჩევნებიდან და ა.შ. ამით არასტაბილურობის კერები უკვე შექმნილია. სრულიად შესაძლებელია, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთი საქართველოში არასტაბილური პირობების შექმნით იყოს დაინტერესებული, შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა სერიოზული დაპირისპირებები განახორციელონ, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდეს და ამან რევოლუციური სცენარების განვითარება გამოიწვიოს. რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს მიმართ თავიანთი საშინაო დავალება აქვთ, ამისი ერთი ნაწილი ჩვენ უკვე ვიგემეთ. თანაც ეს არჩევნები წინა არჩევნებისაგან თვისობრივად განსხვავდება, შარშან მიღებულმა ახალმა კონსტიტუციამ, აჩვენა, რომ ეს კლასიკური საპარლამენტო მმართველობაა და ამ არჩევნებს ამიტომაც აქვს დიდი დატვირთვა” - მიიჩნევს რესპონდენტი. მან.

 

“რა თქმა უნდა, რუსეთი ასევე შეეცდება, რომ წინასაარჩევნოდ რეგიონებში ეთნიკური დაპირისპირებებით არასტაბილური ელემენტები შექმნას, იქ შესაძლოა რუსულმა მასმედიამ და რბილმა ძალებმა დავით გარეჯის ამბავი წამოსწიონ. სხვათა შორის რუსული საინფორმაციო საშუალებების დაინტერესების სფერო მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა იყო. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნდება, მახსენდება მისი უკრაინაში საზღვრის გარღვევის პირობებში დაბრუნება, შემდეგ კი მან უკრაინაში სერიოზული დაპირისპირების ფონი შექმნა. მე არ ვამბობს, რომ სააკაშვილი არჩევნების პერიოდში ამას გაბედავს, მაგრამ არჩევნების მერე შესაძლოა, რომ “ნაცმოძრაობამ” არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს და ამის საფუძველზე სააკაშვილმა შემოჭრა ან საზღვაო სანაპიროდან მოახდინოს, ან თურქეთის ტერიტორიიდან და ამის საფუძველზე სამოქალაქო დაპირისპირების კერები შეიქმნას” - დასძენს მაისაია.

 

“პატრიოტთა ალიანსს” ან სხვა პრორუსულ ძალებს ის შესაბამისი რეიტინგი არ აქვთ, რომ გამოსვლებისა და დემონსტრაციების ჩატარების გზით ადგილი დესტაბილიზაციის მცდელობას ჰქონდეს, ამიტომაც რუსეთის ჩარევა მიმართული იქნება კიბერშეტევებით და გარკვეული საინფორმაციო ტექნოლოგიის გზით, პროდასავლური პარტიების დისკრედიტაციას შეეცდება. რუსეთს საქართველოს ხელისუფლებაში პროდასავლური ძალის მოსვლა არ აწყობს, რადგან კვლავ დღის წესრიგში ანაკლიის პორტის განხორციელების საკითხი და სახელმწიფო ინსტიტუტები შედარებით განმტკიცდება. ჯავახეთის მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად რუსული არხებიდან იგებს და შესაძლებელია, რომ რუსეთმა ამის სახით პროპაგანდისტული მანქანა აამუშავოს”, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

 

“ასევე, ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური დაპირისპირებები შექმნას, მაგალითად ისეთი, როგორიც ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით წარმოიშვა. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან წინასაარჩევნოდ გარკვეულ მცდელობებს ექნება ადგილი და ამიტომ ქართული საზოგადოება მაქსიმალურად მომზადებით უნდა შეხვდეს. ამის გარდა, შესაძლოა არჩევნებისთვის არეულობა გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ თუ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეეცდება, ასევე სხვადასხვა რეგიონებში გარკვეული ჯგუფების მხარდაჭერას შეეცდება, მათ შორის საარჩევნო უბნებზეც, ასევე თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება, ამ შემთხვევაში შესაძლოა ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის გარკვეული დაპირისპირებები გამოიწვიოს”, - დაასკვნის ჩიტაძე.

წაკითხვა 466 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 11 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.