პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ვცვლით

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. (ზოგჯერ სუსტად, ზოგჯერ შედარებით ძლიერად). მოპოვება რთულია, შენარჩუნება კი კიდევ უფრო რთული. 

საბჭოთა კავშირმა დიდი დაღი დაასვა სამოქალაქო აქტივობას და ინდივიდი დიდი მექანიზმის უმნიშვნელო დეტალად აქცია. სწორედ ამიტომ აუცილებელი იყო საზოგადოებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივება და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენის ერთ-ერთი თვალსაჩინო შესაძლებლობა არჩევნებია.


დემოკრატიული მმართველობა თავის არსში სწორედ რომ არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს. დემოკრატია (ბერძნულად, „დემოს“ - ხალხი, „კრატოს“ - კანონი, ძალა) სიტყვა სიტყვით ხალხის მმართველობას ნიშნავს. ხალხის მმართველობა კი ხალხის არჩევანის, ნების გამოხატვაა.

 

რა შეუძლია ხალხის არჩევანს? რამდენად შეუძლია არჩევნებს ცვლილებების მოხდენა?
არჩევნების ისტორია საქართველოში 1919 წლიდან იწყება არჩევნებით, რომელიც თავისი საყოველთაოობის მაღალი ხარისხით ისტორიული პრეცენდენტია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პირველად აირჩია საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება.


ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხების საილუსტრაციოდ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს შემოგთავაზებთ:

 

ფაქტი #1: დამოუკიდებლობის აღდგენა


29 წლის წინ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.

სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

 


სტატისტიკა:

⦁    ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო  3,672,403
⦁    რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 334. 286, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,79%;
⦁    კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,57%-ს;
⦁    სარეფერანდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის „დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08%-ს;
⦁    სარეფერანდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, „არა” მომხრეთა რიცხვი – 16. 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51%-ს.
⦁    ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა – 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.


ფაქტი #2: დამოუკიდებელი საქართველოს პირველი  პრეზიდენტი


1991 წელს, პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების შემდგომ საქართველოში 26 მაისს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერას.
3 594 810 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 2 978 247-მა მიიღო.  


ხმათა უმრავლესობით დამოუკიდებელმა საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია, რაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იყო ახალფეხადგმული დემოკრატიული ქვეყნისთვის.

 

BeFunky Collage

1991  დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელია. საკვანძო ეტაპი, საიდანაც დამოუკიდებელმა საქართველომ ხელახლა დაიწყო არსებობა. ორივე შემთხვევაში აღსანიშნავია საზოგადოების ჩართულობის მაღალი დონე, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ქონა, რაც არჩევნებში მონაწილეობით გამოიხატა. საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ საკუთარ ბედსა და მომავალს თავად წყვეტს.

 


ფაქტობრივად, არჩევანის თავისუფლებამ ქართველ ხალხს თავისუფლება დაუბრუნა,  მაგრამ “იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხების და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის”. (ნელსონ მანდელა) ამიტომაც ბუნებრივია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი მიზანი, მისი შენარჩუნება და ძლიერი ქვეყნის შექმნა გახდა. ქვეყანა კი ძლიერი არაა, ძლიერი საზოგადოების გარეშე.

 


სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე ნათელი მაგალითი საქართველოს ისტორიაში არის მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ეს იყოს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ხსნიდა სკოლებს, ბიბლიოთეკებს, გამოსცემდა წიგნებს. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებაში.

 


პოსტსაბჭოთა საქართველოში, ინდივიდში „ჩაკლული“ მოქალაქეობის განცდის აღდგენა და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება დროსთან და სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული. ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი წერს: „მოქალაქეობის გრძნობა აბსოლუტურად უცხოა საბჭოთა ადამიანისათვის. ის კი არ არის საქმე, ჭკვიანია იგი თუ სულელი: უბრალოდ, მისთვის პრინციპულად უცხოა მოქალაქეობა“. თუმცა სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტივიზმის პირველი ნაბიჯები არჩევნებით გადაიდგა.

 


ამის შემდგომ სამოქალაქო აქტივიზმი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების სახით გამოვლინდა, რომლებიც ძირითადად დასავლური ფონდებიდან მიღებულ ფინანსურ რესურსებზე იყვნენ დამოკიდებული. ამ პერიოდიდან დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის დინამიკა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. მიუხედავად ამისა, მათგან დიდი ნაწილი მხოლოდ ფორმალურადაა რეგისტრირებული, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები კი საერთო რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. თუმცა ისინი იქცნენ ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესის და კონტროლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალად. აღსანიშნავია მათი როლი არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში, რაც არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყოფს.

 


1919 წლის 14-15-16 თებერვალი, 1991 წლის 31 მარტი, 1991 წლის 26 მაისი - ეს ის თარიღებია, როცა ქართულმა საზოგადოებამ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენით საკუთარი ქვეყნის მომავალი შეცვალა. სულ მალე კიდევ ერთი არჩევნებია და პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ დამტკიცების დროა. მთავარია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია. 


რა შეუძლია ერთ ხმას? 

თავად შეაფასეთ: 

⦁    1645 წელს - ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისის კონტროლი მოუტანა.

⦁    1646 წელს - ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ I-ს სიკვდილით დასჯად დაუჯდა.

⦁    1776 წელს - ერთი ხმის წყალობით ამერიკაში გერმანული ენის ნაცვლად ინგლისური დამკვიდრდა.

⦁    1839 წელს - ერთმა ხმამ გადაწყვიტა მასაჩუსეტსის გუბერნატორად მარკუს ნორტონის არჩევა.

⦁    1845 წელს - ერთმა ხმამ გადაწყვიტა ტეხასის შტატების შემადგენლობაში შესვლა.

⦁    1868 წელს - ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ანდრიუ ჯონსონი იმპიჩმენტს.

⦁    1876 წელს - ერთი ხმით გახდა რეზერფორდ ჰეისი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

⦁    ერთმა ხმამ გადაწყვიტა საფრანგეთში მონარქიული წყობის რესპუბლიკურით შეცვლა.

⦁    1924 წელს - ერთი ხმის წყალობით მოიპოვა ადოლფ ჰიტლერმა ნაცისტურ პარტიაზე კონტროლი.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 692 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.