ამ გვერდის ამობედვა

"ქუთაისი ყოველთვის იქნება ქართული სულისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი"

ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სულისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა ქუთაისში, სადაც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა.


კახა კალაძის თქმით, ქუთაისი თავის თავში უამრავ საგანძურს იტევს, რაზეც ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი.

 


„თუმცა, პირადად ჩემთვის, ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სულის და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის შორეულ ისტორიაში რომ არ წავიდეთ, გალაკტიონისა და ცისფერყანწელების გახსენებაც საკმარისია. ამ დიდი ადამიანების, რომლებიც სწორედ აქ, ამ ქუჩებში დააბიჯებდნენ, თქვენი მშობლების, ბებია-ბაბუების გვერდით სწავლობდნენ, მათთან ერთად იზრდებოდნენ, ემზადებოდნენ საქართველოს ისტორიაში საკუთარი სახელების ოქროს ასოებით ჩაწერისთვის.

 


სწორედ ამ საოცარ ქალაქს წარმოადგენდნენ ის დიდი ქართველები, ვინც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის კულტურისა და განათლების სფეროების განვითარებისთვის.

 


ამ ფონზე, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აქ მდებარეობდა ჩვენი ერისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება – გელათის აკადემია, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის – ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. პროექტის საერთო ჯამური ღირებულება მილიარდი ევროა და ბუნებრივია, რომ ასეთი გრანდიოზული მასშტაბის პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ქუთაისის და რეგიონის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

 


ეს მოგვცემს შესაძლებლობას ის პოტენციალი, რომელიც ამ ქალაქს აქვს, მაქსიმალურად ავითვისოთ. ქუთაისში ისწავლიან საუკეთესო ახალგაზრდები მთელი ქვეყნიდან და აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები სხვა სიმაღლეზე აიყვანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ქუთაისი დაიბრუნებს საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 


მან ასევე ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში.

 


„მე აღარ მოვყვები, თუ რამდენი რამ გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა ხელისუფლებაში – რამდენი გზა დაიგო, რამდენად უფრო სწრაფად შენდება შემოვლითი ავტომაგისტრალი და ა.შ. არც იმას მოვერიდები გითხრათ, რომ ქუთაისს, როგორც მთელს ქვეყანას, წინ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიჭირს საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს გამოწვევები. ზუსტად ვიცით, რომ თვითკმაყოფილების უფლება ამ ქვეყანაში ხელისუფლებას არ აქვს და არც ექნება, მანამდე სანამ ერთ მოქალაქეს მაინც უჭირს და ერთ ოჯახს მაინც აქვს ცხოვრების ელემენტარული პირობები დასაკმაყოფილებელი. სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს ქუთაისშიც და მთლიანად ქვეყანაშიც, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. მე არ მიყვარს წარსულზე საუბარი, საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მინდა, უბრალოდ მაგალითები მოვიყვანო მხოლოდ და მხოლოდ შედარებისთვის – რა იყო და რა არის დღეს, ასევე, რა გვინდა, საით მივდივართ, როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში.


რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. როგორც გითხარით, გვაქვს გამოწვევები და ჩვენ შევძლებთ, ამ გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხოთ მომდევნო წლების განმავლობაში, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, როგორც ეს იყო 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნების დროს, ყველა პრობლემის მოგვარების დროს, ყველა წარმატების დროს. ახლაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენი ერთობით ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავამტკიცეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და ახლაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, დარწმუნებული ვარ, ერთად გავიმარჯვებთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 566 ჯერ