„არჩევნებში ვმონაწილეობთ მხოლოდ პროპორციული სიით, რომელშიც რეგიონების წარმომადგენლები არიან“ - მამუკა ტუსკაძე

„ჩვენი მოძრაობის მხრიდან პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტები მეცნიერების უშუალო ჩართულობით მომზადდება“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა მამუკა ტუსკაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ლიდერების ოცეულის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც დღეს საზოგადოების წინაშე წარდგნენ, არა მარტო კონკრეტული უნარებით და  საკითხის სიღრმისეული ცოდნით, არამედ პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევიან.

 

„დღეს ჩვენ წარვადგინეთ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“  ლიდერების ოცეული, რომლებმაც საზოგადოებას საკუთარი ხედვები და მიზნები გააცნეს. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს თქვენ წინაშე სიტყვით გამოვიდა, პროფესიონალიზმით და ადამიანური ღირსებებით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კანდიდატებით ჩვენ, მინიმუმ, სამ მანდატს მაინც ავიღებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პარტიულ სიაში გაწევრიანებულები არიან მეცნიერებიც და არცერთი კანონპროექტი, რომელიც მომზადდება ჩვენი მხრიდან, არ იქნება შეტანილი პარლამენტში ამ მეცნიერების დასკვნების გარეშე. მეტიც, ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართულნი მომზადების პროცესში. როგორც იცით, ჩვენ არ გვყავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები,  ვმონაწილეობთ მხოლოდ  პროპორციული სიით და ამ სიაში არიან რეგიონების წარმომადგენლები, რომლებიც აუცილებლად იმუშავებენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ რეგიონს აწუხებს.“ - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ. 

 

მისივე განმარტებით, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, სამ რეგიონში გამონაკლისი მაინც დაუშვეს და ეს ინტერესის გამო გააკეთეს. 

 

„გვყავს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,  მალხაზ ხაბაზი, ერთიც მერობის კანდიდატი ქუთაისში, ძალიან ღირსეული ქალბატონი - ირმა პეტრიაშვილი და თელავის საკრებულოსთვის დავასახელეთ კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი - ბიძინა ზუროშვილი. ეს იყო თავისებური ტესტი. პირველად ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მივიღებთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება 5 რეგიონში, კანდიდატი დავაყენეთ მხოლოდ ერთში. საინტერესოა, რა შედეგი დაიდება აჭარაში და რას მივიღებთ კახეთში. ნელ-ნელა გავალთ რეგიონებში, შევხდებით  მოსახლეობას, მოვისმენთ მათ საჭიროებებს და გავაცნობთ ჩვენს საარჩევნო პროგრამასაც. დარწმუნებული ვარ, ასეთი ძლიერი გუნდით სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ.“ - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

 

(NS)

წაკითხვა 1077 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 15 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.