როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე

“საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე მოსალონდელია, რომ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები ხმის მისაცემად არ მივიდნენ, რადგან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მოთხოვნა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებაა, თუმცა, თუ მათი ამომრჩეველი მეორე ტურზე მივა, ის ჩვეულებრივად შეძლებს ხმის მიცემას სასურველი კანდიდატისთვის და ამ მხრივ არავითარი ტექნიკური პრობლემა არ შეიქმნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე - “ოპოზიციის ამომრჩეველი მეორე ტურზე შეიძლება არ მივიდეს”.

 


“საკითხზე, თუ როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების გარეშე და ტექნიკურად როგორ ჩატარდება არჩევნები, “რეზონანსს” კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრნენ. ხმალაძის აზრით, მეორე ტურში ტექნიკური პრობლემები არ შეიქმნება და ამომრჩეველი ჩვეულებრივად მისცემს ხმას სასურველ კანდიდატს, იმის მიუხედავად ოპოზიცია უარს იტყვის თუ არა. საყვარელიძე საკითზე, თუ როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუკი ოპოზიციური პარტიები რეალურად იტყვიან უარს მეორე ტურზე, მაშინ შეიძლება მათი ამომრჩეველიც არ მივიდეს ხმის მისაცემად”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


“საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ტექნიკურად არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ბიულეტენში ჩვეულებრივად იქნებიან კანდიდატები. ერთი ამომრჩეველიც თუ მივიდა და მისცა ხმა რომელიმე კანდიდატს, ის კანდიდატი გაიმარჯვებს და ამით დასრულდება ყველაფერი. ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვიცით რაც არის ნათქვამი. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები ჩატარდა უამრავი დარღვევებით და ამიტომ ამ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს. ამ დროისათვის მათ ეს მოთხოვნა აქვთ დარჩენილი, მერე რა იქნება, არ ვიცი, ამიტომ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

 


“ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თუ რეალურად აპირებენ უარის თქმას არჩევნების მეორე ტურზე, მაშინ დიდი ალბათობით არც მათი მხარდამჭერები და ამომრჩევლები არ მივლენ ხმის მისაცემად, რადგან მათთვის ამ შემთხვევაში მთავარი იმ პარტიათა შეხედულებები იქნება, რომელთაც მხარს უჭერენ, მაგრამ თუ ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდა, ის ჩვეულებრივად მისცემს ხმას. ბიულეტენებში უკვე შეტანილია ყველა პარტია თავისი წარმომადგენლით და ვინც არის ამ ჩამონათვალში, ისინი ჩვეულებრივად მიიღებენ ხმებს. შესაბამისად ხმის მიცემის პროცესებზე ოპოზიციის უარი მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. თუკი საარჩევნო უბანზე მისულმა ადამიანმა შემოხაზა ოპოზიციიდან კანდიდატი, მას ჩვეულებრივად ჩაეთვლება ეს ხმა. ასევე იქნება მმართველი პარტიის წარმომადგენლის შემთხვევაშიც. შესაბამისად ხმის მიცემის პროცესზე პრობლემა არ შეიქმნება და ოპოზიციის უარი ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. აქ მთავარია ერთი დეტალი, მივა თუ არა ოპოზიციის მხარდამჭერი მეორე ტურზე”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 608 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.