ტყის ხანძრები აფხაზეთში - “დივერსიულ- პოლიტიკური აქტი თუ რუსეთის გეგმა"

“ჩემი კოლეგები აფხაზეთში ვერ მაძლევენ გასაგებ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ ინდომებენ არა მხოლოდ ქართული მხარის წინადადებაზე დათანხმებას, არამედ არც რუსული მხარისგან არ ცდილობენ აქტიურად დახმარების მიღებას”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აფხაზეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაზე დე ფაქტო ხელისუფლების მშვიდ რეაქციას.

იანვარში აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას მასშტაბური ხანძარები დაიწყო. ცეცხლი ზოგ შემთხვევაში დასახლებულ პუნქტებამდეც მივიდა. უკვე დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები. შაბათს ღამით ცეცხლმა ქალაქ გაგრის გარეუბნებსაც მიაღწია. დე ფაქტო ხელისუფლება ხანძრის დაწყებას “ადამიანურ ფაქტორს” უკავშირებს და დღემდე ვერ ახერხებს მის სრულად ლიკვიდირებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტყის ხანძრები აფხაზეთში შესაძლოა დივერსიის შედეგი იყოს - “ჩემი აფხაზი კოლეგები ამაზე გასაგებ პასუხს ვერ მაძლევენ”.

 

“ხანძრების სერია 1 იანვარს დაიწყო სოხუმში, სადაც 300 კვადრატული მეტრის ტყის მონაკვეთს წაეკიდა ცეცხლი. შემდეგ ხანძარი გაჩნდა გალში, სადაც სტიქია დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა, რის შედეგადაც 3 სახლი დაიწვა. 6 იანვარს გავრცელებული ცნობის თანახმად, მასშტაბური ცეცხლი გაგრამდე მივიდა, სადაც სიტუაცია საგრძნობლად გართულებული იყო. ხანძართან ერთან კლდიდან ქვების ცვენა დაიწყო ფსოუ-ენგურის ტრასასთან ახლოს. 7 იანვარს ხანძარი გაგრაში საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 150 მეტრში მძვინვარებდა. 8 იანვარს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ გაგრაში ხანძარი მთლიანად ჩააქრეს, თუმცა ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ფოტოსურათებსა და ვიდეოებს, სადაც ჩანდა, რომ ხანძარი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ლოკალიზებული. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საგანგებო ბრიფინგზე აფხაზურ მხარეს ხანძრების ლიკიდირებაში დახმარება შესთავაზა, თუმცა 8 იანვარს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ “შესაბამისი სამსახურები უმკლავდებიან ვითარებას” და უარი თქვა დახმარების მიღებაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“იმავე დღეს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პირად კონტროლზე აიყვანა ხანძრებთან ბრძოლის პროცესი. ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას განცხადებით, ამჟამად ცეცხლის გავრცელების ინტენსივობა მცირდება და დასახლებულ პუნქტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. კვიცინიას თქმით, ის რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე პაველ ბარიშევს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს დე ფაქტო აფხაზეთს ხანძრის ჩაქრობაში საჰაერო ძალებით. “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ამბობენ აფხზეთში უარს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დახმარებაზე. აფხაზურ საზოგადოებაში კი ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება მოსაზრება, რომ ეს ხანძრები ხელოვნურადაა მოწყობილი და გარკვეული ბიზნეს-ჯგუფების კომერციულ ინტერესებს უკავშირდება. ამას არც არეშიძე გამორიცხავს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ხანძრის ჩაქრობის საკუთარი რესურსი და ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ. გარდა ამისა, უაზრო სიჯიუტე აქვთ, რომელიც ჩემთვის გაუგებარია, ბოლომდე ვერ მივხვდი რატომ ხდება ასე. ჩემი კოლეგები აფხაზეთში ვერ მაძლევენ გასაგებ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ ინდომებენ არა მხოლოდ ქართული მხარის წინადადებაზე დათანხმებას, არამედ არც რუსული მხარისგან არ ცდილობენ აქტიურად დახმარების მიღებას. შთაბეჭდილება მაქვს, რომ გარკვეული დივერსიული მოქმედებაა ეს, ან ბიზნეს კლანების დაპირისპირება. სხვა რა უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ახლა არ არის წელიწადის ის დრო, რომ ხანძარი თავისით დაიწყოს. გაგრის ტყეში რატომ უნდა გაჩენილიყო ცეცხლი, ვერ ვხვდები. შესაძლოა დაუდევრობის ბრალია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხანძარი არაკეთილსინდისიერი ქმედებითაა გამოწვეული. თუმცა დივერსიული აქტია, პოლიტიკური, თუ რუსეთის გეგმა - ეს არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

წაკითხვა 534 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.