“თუ ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას” - გია ხუხაშვილი

“თუ ძალიან არ გადავაჭარბებ, ვიტყვი, რომ ივანიშვილის წასვლა, გარკვეულწილად, ეპოქალური გადაწყვეტილებაა.

ფაქტია, რომ ის პოლიტიკაში იმ ფორმით, როგორითაც აქამდე იყო, ვეღარ დარჩებოდა, რადგან რეალობა როგორც ქვეყანაში, ისე გარეთ გლობალურად შეცვლილია. მისთვის პირდაპირი პოლტიკური მართვა არც არასდროს ყოფილა კომფორტული. ივანიშვილისთვის ეს იყო რუტინა, რომელიც არ აინტერესებდა, მეტიც, ეს მის ყოფას ამძიმებდა. თუმცა გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, არ მგონია, ის ზუსტად იმ ფორმით გაემიჯნოს მოვლენებს, როგორზეც ლაპარაკობს, ანუ არ მჯერა, რომ სრულად ჩამოშორდება პროცესებს და “ქართული ოცნებისკენ” საერთოდ არ გაიხედავს. ივანიშვილი ამას ვერ მოახერხებს, უპირველესად, იმ სახელისუფლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც მართვისას ყველა გადაწყვეტილების ძაფი საბოლოოდ მასთან მიდიოდა”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას” / რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, ფუნქციონალური სისტემა უნდა შედგებოდეს 10-12 კაცისგან, 21-კაციანი სისტემა არ არის გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარის მქონე.

 

“შესაძლოა ივანიშვილს ყველა გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არც სურდა, მაგრამ ის სისტემა, რომელიც მისი წყალობით ჩამოყალიბდა, თვითონ მოითხოვდა ამას. შესაბამისად, გადაბარების პროცესი რთული, ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება. სისტემა კვლავაც შეეცდება, ის დატოვოს თამაშში, მძევლად აიყვანოს და არ მისცეს ყველაფრისგან გათავისუფლების საშუალება. არის მეორე ფაქტორიც. ის ეჭვიანი ადამიანია, ამიტომ ბევრს ფიქრობს პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე. ამის გამო ხელისუფლებაზე კონტროლს აუცილებლად შეინარჩუნებს, ამის მცდელობა ჩანს კიდეც... ის იტოვებს დამოკლეს მახვილს, რომელსაც აამუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მის პირად უსაფრთხოებას და კეთილდღეობას რაიმე ემუქრება... ეს ჩანს თუნდაც მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაში. ივანიშვილი თუ წასვლას აპირებდა და ეს დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებაა, მაშინ, წესით, უნდა მიეცა გიორგი გახარიასთვის საშუალება, საკუთარი მინისტრთა კაბინეტი წარმოედგინა - ივანიშვილმა თქვა, გახარიამ თვითონ მთხოვა, ეს ხალხი მჭირდება წარმატების მისაღწევადო... და იქვე დააყოლა, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნებაო - ანუ ამით გახარიას მიანიშნა, რომ მთავრობაში ვინმეს შეცვლის სურვილი არ აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ჩვენთან ქვეყნის მართვაზე პრემიერია პასუხისმგებელი მაშინ, როცა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი გახდა ადამიანი, რომელიც პარტიულ რეიტინგშიც კი მე-5 ან მე-6 ადგილზეა. დღეს დიდი სახელმწიფოებრივი გამოწვევები გვაქვს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მათთან გასამკლავებლად ეფექტიანი აღმასრულებელი ხელისუფლების არსებობა. ამ დროს გახარიას, რომელსაც აქვს ავტორიტეტი და მისგან შეიძლება მართლაც ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მოღვაწე, იმის გასაქანიც არ მისცეს, ერთი მინისტრი მაინც შეეცვალა... ივანიშვილს, თუ ის მართლაც სრულად ემიჯნება პარტიას, მის ლიდერად უნდა წარედგინა ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური წონა და ელექტორალური მიზიდულობა, ასეთი კი ორია პარტიაში - კალაძე და გახარია, თუმცა მან ანტიგმირი კობახიძე შეარჩია. რაში სჭირდება ეს? გამომდინარე იქიდან, რომ კობახიძეს ავტორიტეტი არათუ საზოგადებაში, საკუთარ პარტიაშიც კი არ აქვს, ის პარტიული აქტივი, რომელიც აქამდე სრულად ბიძინა ივანიშვილზე იყო ორიენტირებული, ისევ ასე დარჩება, რაც ივანიშვილისთვის კონტროლის ბერკეტი იქნება. პარტიის სათავეში პოლიტიკურად წონიანი ფიგურა მომავალში მისთვის შეიძლებოდა საფრთხედ ქცეულიყო. ასე რომ, ის მართვის მოდელიდან გადადის კონტროლის მოდელზე. ამ კონტროლის მატრიცა როგორია, დრო და პროცესი გვიჩვენებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს ძალთა შემკრები, რომელსაც აქვს პოზიტიური ენერგია მშენებლობისა და კონსოლიდაციისთვის, კობახიძე კი უფრო კონფლიქტზე, აგრესიასა და დაშლაზეა ორიენტირებული. ის არის “წითელი ნაჭერი” ქართულ პოლიტიკაში. მაინტერესებს, ახლა რა ელის აგრესიულ კონფორმიზმს, როცა ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი “ქართულ ოცნებას” ხმას აძლევდა აგრესიული კონფორმისტული არგუმენტებით, სისხლიანი ცხრა წლის გახსენებითა და ”ბიძინა მაგარიას” ძახილით, ახლა რას იზამს? როგორ მოახერხებს, ეს კონფორმიზმი ივანიშვილიდან კობახიძეზე გადააწყოს? რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, ფუნქციონალური სისტემა უნდა შედგებოდეს 10-12 კაცისგან, 21-კაციანი სისტემა არ არის გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარის მქონე. წარმოიდგინეთ, ყველამ რომ აზრი გამოთქვას, მარტო ამაში რამდენი დრო დაიკარგება, აღარაფერს ვამბობ რა მოხდება, თუ ამას დისკუსიაც მოჰყვა. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში გარკვეული ბალანსი ჩანს, ასევე - კავშირიც ივანიშვილთან...” - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

 

“პარტიისთვის მნიშვნელოვანი იქნება მითი, რომ ბიძინა არსად წასულა. მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ორიენტირებულია სწორედ ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ძალის ცენტრზე, მათთვის ავტორიტეტი არ არის არათუ კობახიძე, არამედ არც გახარია და არც კალაძე. თუ მათ გაუჩნდებათ განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავიდა, ეს შეიძლება ძალიან სერიოზული შიდა პარტიული რყევების საფუძველი გახდეს. მათთვის “ქართული ოცნება” პირადად ბიძინა ივანიშვილია. მოკლედ, თუ ივანიშვილი მითოსად მაინც არ დარჩა ცნობილი ფორმულით - “ის არსად არის, მაგრამ მაინც ყველგანაა”, მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ შიდა პარტიულ კრიზისს. ამიტომ “ქართული ოცნებისთვის” ლიდერებს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე დიდი საფრთხე სწორედ პარტიულ აქტივს შორის ბზარების გაჩენაა. რაც შეეხება ლიდერებს, მათ შორის, ალბათ, იქნება რაღაც მოძრაობა, გადაჯგუფების მცდელობა, თუმცა, ვფიქრობ, კობახიძეა ის დამოკლეს მახვილი, რომლის საშუალებით მოახერხებს ივანიშვილი ბალანსის შენარჩუნებასა და მის კონტროლს. კობახიძე იქნება ერთგვარი “საქმის გამრჩევი”. ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ეს საფრთხე ტყუილად არ ახსენა - ვფიქრობ, ამით მიანიშნა პარტიის წევრებს, რომ წასვლის მიუხედავად, ის მაინც იქნება მომრიგებელი”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

 

“თავიდანვე მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება არც პოლიტიკურად, არც სახელმწიფოებრივად სწორი არ არის. მეტიც, რისი მიღწევაც გუშინ შეიძლებოდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით, დღეს ეს სულ უფრო ნაკლებად შესაძლებელი ხდება... საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, ხელისუფლება უფრო ნაკლებს დათმობს. მათ მიიღეს საკმარისი ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ მშვიდად იგრძნონ თავი და ეს ყველაფერი სწორედ ოპოზიციის სიჯიუტეს მოჰყვა. ვფიქრობ, “გირჩის” ერთი ნაწილის ინიციატივა - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დაკავშირება ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან - ძალიან საინტერესოა. თუ ხელისუფლება ამას დასთანხმდება, ვფიქრობ, ეს იქნება მიღწევა, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ამ ინიციატივას ოპოზიციის ნაწილის აგრესია. თვითონ ხომ ითხოვდნენ პლებისციტს?! ჰოდა, ეს არის მოდელი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქცევს პლებისციტად. რატომ არ უნდა იყოს ეს მათთვის მისაღები, არ მესმის. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას მხოლოდ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის შენარჩუნება უნდა და მზად არის, ამას შესწიროს ყველაფერი, მათ შორის - საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივაც”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“ჩვენს საჭადრაკო დაფაზე ორი ფიგურა თამაშობდა და დღემდე თამაშობს... ივანიშვილის სრულ წასვლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ივანიშვილი და სააკაშვილი ამ წლების განმავლობაში ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ - ისინი თან უპირისპირდებოდნენ და თან კვებავდნენ და აძლიერებდნენ ერთმანეთს. შუას გაკრეფის მუდმივი პოლიტიკა ივანიშვილს უნარჩუნებდა ხელისუფლებას, მაგრამ ასევე აძლიერებდა სააკაშვილს, როგორც მეორე პოლუსს და კეტავდა სივრცეს სხვა პოლიტიკური ცენტრებისთვის. ჩემი აზრით, ამ სიმბიოზის დარღვევა ორივე მხარეს დაასუსტებს. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, ამ ეტაპზე სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას, მიუხედავად იმისა, წავა ის პოლიტიკიდან თუ არა... რაც შეეხება საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”, არ მგონია, ამ თემაზე ნეგატიური მსჯელობა გამართლებული იყოს. ეს ივანიშვილის ქონებაა და როგორ მართავს მას და როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი საქმეა. ის ამას აკეთებს კანონის შესაბამისად, თუმცა ცხადად ჩანს, რომ ის ახდენს ამ ქონების კონსოლიდაციას, რაც ნიშნავს, რომ დისტანცირებას ბიზნესის მართვისგანაც ცდილობს - თუ აქამდე ის ყველა ამ აქტივთან ცალ-ცალკე მუშაობდა, ახლა ადგა და ყველაფერი ერთ ხელში მოაქცია”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

 

“აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ივანიშვილის მთელ ქონებაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ მხოლოდ საქართველოში არსებულ აქტივებზე. ეს ფონდი საქველმოქმედო საქმიანობას აქამდეც ბიძინა ივანიშვილის ფულით ახერხებდა. ამჯერად მან გადასცა არა თანხა, არამედ ქონება და უთხრა, რომ შეძლონ ამ ქონების რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და ასე გააგრძელონ საქველმოქმედო საქმიანობა - აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, რადგან მას პირდაპირი მენეჯმენტის სფეროდან გააქვს საქართველოში არსებული აქტივები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის დასადასტურებლად, ის გარკვეული პერიოდით შეიძლება ქვეყნიდან წასვლასაც აპირებდეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოდან სამუდამოდ წავა - ამას არ იზამს, რადგან მისთვის ეს ქვეყანა ძალიან ძვირფასია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ბატონო გია, ბრძანეთ, რომ შესაძლოა კვლავ გააქტიურდეთ პოლიტიკურად. ითქვა ისიც, რომ არ არის გამორიცხული, “ლელოში” გიხილოთ...” - პასუხობს:

 

“არა, ეს მხოლოდ მედიის ვერსიებია - მე ამ განცხადებით შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გამოვხატე. ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ბოლო საუბრისას ჩემი ინიციატივით ავიღე ვალდებულება, რომ მას მართალია პოლიტიკურად გავაკრიტიკებდი, მაგრამ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობას არ მივიღებდი. თუ ის პოლიტიკიდან მიდის, შესაბამისად, ეს ვალდებულებაც მეხსნება. სწორედ ეს ვთქვი. ასევე მიმაჩნია, რომ კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არის სახიფათო ელემენტი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკფაქტორი, ამიტომაც ვიტოვებ უფლებას, ქვეყანაში დაბალანსებული, მულტიპარტიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად მონაწილეობა მივიღო ერთჯერად პოლიტიკურ პროექტში, თუმცა ვისთან და როგორ, ამაზე ჯერ არ მიფიქრია...”

წაკითხვა 865 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.