April 26, 2024

“ამ განცხადებების შემდეგ ივანიშვილის მესამედ მოსვლა ცოტა კომიკური იქნება” - ძაბირაძე

“როცა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მან მაშინვე განაცხადა, რომ განსაზღვრული დროით დარჩებოდა პოლიტიკაში და მაშინ წავიდოდა, როცა ჩათვლიდა, რომ ყველაფერი რიგზეა.

ამას შემდეგაც ხშირად ამბობდა და ასე ამბობს ახლაც. რეალური მიზეზი, თუ რატომ მოვიდა ან წავიდა, ვითომ დატოვა, სინამდვილეში ჩრდილში გადგა და იქიდან აკონტროლებს სიტუაციას, არავინ იცის. რას აპირებს, არც ის ვიცით, ისევე როგორც ის, თუ რას მიაღწია. თქვა, მე ჩამოვაშორე წინა ხელისუფლება სახელისუფლებო ბერკეტებსო, რაც მართალია. შესაძლოა ამიტომაც არ მიიღო საზოგადოების ნაწილმა მისი წასვლა სიმართლედ... ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ხვალ-ზეგ არ დაბრუნდება პოლიტიკაში. ამ განცხადებების შემდეგ მისი მესამედ მოსვლა ცოტა კომიკური იქნება. ამიტომ, სავარაუდოდ, საჯაროობას, მოერიდება. თუმცა სატელეფონო მართვა იქნება თუ არა, არ ვიცით, მით უფრო, რომ მისი გამკონტროლებელი არავინაა", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა რისკები ახლავს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას / “ამ განცხადებების შემდეგ ივანიშვილის მესამედ მოსვლა ცოტა კომიკური იქნება”.

 

“მისმა წასვლამ განსაზღვრული დისბალანსი შექმნა როგორც “ქართულ ოცნებაში”, ასევე პოლიტიკაში, რადგან დღემდე ორი პოლიტიკური ძალა და ლიდერი, ივანიშვილ-სააკაშვილი ქმნიდა ამინდს. თუ როგორ აისახება ეს მის გუნდზე, თუ შიდა დაპირისპირება დაიწყო, ორ თვეში გამოჩნდება. ისევე როგორც ის, ივანიშვილი წავიდა თუ დისტანციურად აპირებს ხელისუფლების მართვას. თუ პარტიაში გაჩაღდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ეს ნიშნავს, რომ გუნდის ნაწილი “ოცნებას” დატოვებს. ალბათ, მცირე ნაწილი... არა მგონია, პარტიულ ბრძოლას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მოჰყვეს - ვგულისხმობ იმას, რომ მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლონ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გადაწყვიტონ. თუმცა ამის შანსიც არსებობს. შესაძლოა ეს გამოსავალიც იყოს, თუ დასჭირდათ, რომ სცენა გათამაშდეს დაპირისპირებების გამო, მთავრობას აღარ აქვს უმრავლესობა და ვერც ახალი უმრავლესობა შეიქმნება, ამიტომ რიგგარეშე არჩევნებზე თანახმა ვართო. თუმცა, თუ “ოცნების” საპარლამენტო შემადგენლობას დავაკვირდებით, ნაკლებად სავარაუდოა გადაჯგუფებებმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. “ოცნების” უმრავლესობა არ მოისურვებს ახალ არჩევნებს და პრემიერის ნებისმიერ კანდიდატურას დათანხმდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ოცნებაში” ახლა ოთხი ლიდერია - გიორგი გახარია, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე. პარტიის თავმჯდომარე ამ ოთხეულიდან უნდა ყოფილიყო, სამ მათგანს მაღალი თანამდებობა უჭირავს და შესაბამისად, კობახიძის კანდიდატურა რეალურია. გარდა ამისა, კობახიძე 6-7 წელია “ოცნების” საორგანიზაციო მდივანი იყო და გამოცდილება აქვს. შესაძლოა ხისტი პოლიტიკოსია ტელეეთერსა და პარტიის გარეთ, თუმცა შიდა ურთიერთობაში, ალბათ, სხვანაირია და მას მაინც აირჩევენ, მაგრამ რამდენად გულწრფელი იქნება “ოცნების” ელიტა ამ არჩევანში, საკითხავია. ისიც საკითხავია, რა დასაყრდენი აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში და რა გავლენა აქვს პარტიის ვერტიკალში - გააჩნია, პარტიული ვერტიკალი რამდენად სწორად იქნება ჩამოყალიბებული. იმასაც გააჩნია, პარტიული გუნდი - გახარია, კალაძე და თალაკვაძე - კობახიძეს ლიდერად აღიარებს თუ არა. მედიასთან რას იტყვიან, არა აქვს მნიშვნელობა. თუ აღიარებენ და სტრუქტურა შენარჩუნდება, შეიძლება იმაზე საუბარი, “ოცნება” გაძლიერდება თუ არა...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“გუნდს ახლა უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა, თუ ახლა კობახიძემ ლიდერობა შეძლო, ოპოზიცია ძალიან ბასრ არგუმენტს კარგავს - ანუ გამოდის, ივანიშვილის წასვლით ბევრი არაფერი იცვლება და “ოცნებამ” შეიძლება ისე იმუშაოს, როგორ ადრე ან უკეთესადაც, საინტერესო იდეებიც გაუჩნდეს. თუ პარტიული იერარქია დაცული იქნება, ეს ბევრ რამეს შეცვლის. ივანიშვილის წასვლამ და პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ სააკაშვილის დატოვებამ შესაძლოა პროცესები უკეთესობისკენ წარმართოს. თუ “ოცნება” ისეთ გუნდად ჩამოყალიბდა, რომ შიდა რყევები ვერაფერს ავნებს, ეს სააკაშვილს დააზიანებს”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი. “ოპოზიციამ სწორად უნდა შეაფასოს ვითარება, თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს “ოცნებაში”. ოპოზიციის ნაწილს, “ნაციონალებს”, “ევროპულ საქართველოს” და “ლელოს” პარლამენტში შესასვლელად პირობები აქვთ, “ოცნებისთვის” კი იმიჯის საკითხია, ვიდრე რეალური წუხილი იმაზე, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა. მეორე მხრივ, ბოლო გამოხმაურებების მიხედვით, არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენენ, გინდა თუ არა რიგგარეშე არჩევნები დანიშნეო. მეტიც, “ოცნება” არც იმ პირობებს დათანხმდება, რაც ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს. თუ დასავლეთის ზეწოლა გამწვავდება და ეს ფინანსურად გამოიხატება, შესაძლოა რაღაც მოიმოქმედონ. ასე რომ, პარლამენტში შესვლით ბევრი არაფერი შეიცვლება. მთავარია, 30 მანდატი მოიძებნოს და ელჩები გარანტი იყვნენ, რომ მიღწეული შეთანხმება შესრულდება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 449 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.