"რუსეთსა და საქართველოს, საზღვრის გახსნის მიზნით, მოლაპარაკებების განახლება თებერვალში შეუძლიათ" - უცხოური პრესა

რუსული გაზეთის „იზვესტიის“ («Известия») 27 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სდექ“ მოხსნილია: რუსეთსა და საქართველოს, საზღვრის გახსნის მიზნით, მოლაპარაკებების განახლება თებერვალში შეუძლიათ“ (ავტორი - ელნარ ბაინაზაროვი), რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის  სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენასა და ტურიზმის აღორძინებაზე საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

„საქართველოს იმედი აქვს, რომ რუსი ტურისტებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნის მიზნით მოლაპარაკების დაწყება უკვე თებერვალში შეიძლება მოხდეს. ამის შესახებ „იზვესტიას“ საქარტველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. მისი თქმით, პარალელურად თბილისი ზემო ლარსისაკენ ახალი ტრასის მშენებლობასაც დაასრულებს. ტავის მხრივ, სენატორმა გრიგორი კარასინმა „იზვესტიას“ აცნობა, რომ რუსი და ქართველი ექსპერტები  ტრანსპორტის საკითხებზე მოსალაპარაკებლად ერთმანეთს უკვე ამ კვირაში შეხვდებიან, რომლებიც, სახმელეთოსთან ერთად, საჰაერო საზღვრების გახსნაზეც (ავიამიმოსვლის განახლებაზე) იმსჯელებენ, თუმცა, ჯერ-ჯერობით, ამ საკითხების მოგვარება დამოკიდებულია როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე პოლიტიკურ სიტუაციაზე.

 

თებერვალი გვაჩვენებს

 

რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამსვლელი პუნქტი „ყაზბეგი - ზემო ლარსი“ - ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2020 წლის 16 მარტიდანაა დახურული. ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება ორივე ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ და ტვირთების გადაზიდვაზეც. რაც შეეხება მგზავრობას ტურისტული მიზნით, ის ორივე მიმართულებით აკრძალულია.

 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ აუხსნა „იზვესტიას“, სახმელეთო საზღვარი ტურისტებისთვის მხოლოდ კორონავირუსის ეპიდემიის გამოა დახურული. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სეფასება კი მხოლოდ ორივე ქვეყნის სამიტარულ სამსახურების პრეროგატივას წარმოადგენს და თუ ვიტარება დამაკმაყოფილებელი იქნება, შეზღუდვები მოიხსნება: „იმედია, რომ მოლაპარაკება ამ საკითხზე თებერვალში დაიწყება“, - დააზუსტა ზურაბ აბაშიძემ.

 

საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. აკრძალულია რესტორნების მუშაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე შეზღუდულია ავიამიმოსვლაც - თბილისისა და ქუტაისი აეროპორტებიდან ფრენები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება... ამჟამად საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, წინა თვეებთან შედარებით და როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, შესაძლებელი გახდება უცხოელი ტურისტების მიღება, თუმცა იქნება თუ არა რუსები მათ შორის, ეს ჯერ დაუზუსტებელია.

 

ვირუსი და პოლიტიკა

 

როგორც „როსპოტრებნადზორ“-ში „იზვესტიას“ აცნობეს, საქართველოსთან რუსეთის საზღვრის გახსნის საკითხი კორონავირუსთან ბრძოლის ფედერალური შტაბის უფლებამოსილებაში შედის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხი „დღის წესრიგში ჯერ არ დგას“, თუმცა, რასაკვირველია, არის ზოგიერთი მომენტი, რომლებიც ჰუმანიტარულ საკითხებთან არის დაკავშირებული და ასეთ სიტუაციაში მოქალაქეები საზღვარზე გადადიან.

 

კითხვაზე, როდის აღდგენა ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, რომ ეპიდემიოლოგიურ შეზღუდვასთან ერთად ამ საკითხში კვლავ მოქმედებს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება, რომლის მიღება „ქართველი რადიკალების პროვოკაციამ“ განაპირობა.

 

თუმცა როგორც საქართველოსთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელმა, სენატორმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, საზღვრების გახსნისა და ავიამიმოსვლის აღდგენის თემა „დღის წესრიგიდან არასდროს არ ამოღებულა“.

 

„მე ზურაბ ირაკლიევიჩს სრულიად მხარს ვუჭერ (იმ იმედით, რომ თებერვალში მოლაპარაკება განახლდება). საკითხი პრიორიტეტულია. გასაგებია, რომ ბერვი რამ არის დამოკიდებული კორონავირუსთან დაკავშირებულ გარემოებებზე, მასტან ბრძოლაზე... რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური მომენტებიც, თუმცა ამ ყველაფერზე მსჯელობა შეიძლება“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა „იზვესტია“-სთან საუბარში, - იანვრის ბოლოს სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები ერთმანეთს შეხვდებიან, ისაუბრებენ ზემო ლარსის შესახებაც, რომ საზღვარი თებერვალში გაიხსნას“.

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა „იზვესტია“-სთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა აქტუალურია სამხრეთკავკასიური მარშრუტების განბლოკების თვალსაზრისითაც. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ქართველებისთვის კვლავ რჩება გადაუწყვეტელი საკითხები, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უნდა გადაიდგას ნაბიჯები ერთმანეთთან დასაახლოებლად, უნდა განვავითაროთ ტურისტული, ეკონომიკური თანამშრომლობა... განსაკუთრებით ამჟამად, როცა გადაიჭრა უსერიოზულესი კონფლიქტი მთიან ყარაბაღში: იხსნება მარშრუტები აზერბაიჯანის გავლით სომხეთში, ირანში და თურქეთში“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

„საქართველოსადმი ინტერესი რუსებში შენარჩუნებულია და ძველებურად მაღალია, თუმცა, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, ტურისტთა ძირითადი ნაკადი ახლა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე იქნება, ზამთრის დასვენებაზე ფიქრი უკვე დაგვიანებულია“, - ამბობს რუსეთის ტურისტული ნდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იური ბარზიკინი. ამასთან, მან „იზვესტია“-სთან საუბარში დააზუსტა, რომ სახმელეთო საზღვრის გახსნას რუსეთიდან ტურისტთა დიდი ნაკადი არ მოჰყვება, რადგან ტრადიციულად, რუსი ტურისტები ავიატრანსპორტით უფრო სარგებლობენ.

 

პარალელური ლარსი

 

როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, უახლოეს წლებში განხორციელდება საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მოდერიზება - ზემო ლარსის საკონტროლო-გამსვლელი პუნქტისაკენ ახალი გზა და გვირაბები იქნება გაყვანილი. ახალი გზა ქვეშეთიდან კობამდე ძველი მარშრუტის გვერდაქცევით გაივლის, მისი მანძილი არსებულზე 12 კილომეტრით ნაკლები იქნება, აშენდება ექვსი ხიდი და ხუთი გვირაბი. „პრაქტიკული სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება, თუმცა მათში რუსეთის ჩართვა დაგეგმილი არ არის“, - დააზუსტა ქართველმა დიპლომატმა. ახალი გზა არარ იქნება დამოკიდებული ამინდის კაპრიზებზე. საკმარისია გავიხსენოთ, რომ 11-24 იანვარს საქართველოს სამხედრო გზა სამჯერ გადაიკეტა კლიმატური პირობების გამო.

 

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შემდეგი შეხვედრა პრაღაში, 2021 წლის პირველ კვარტალში უნდა გაიმართოს - თუ, რასაკვირველია, სასურველი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

წყარო: https://iz.ru/1116518/elnar-bainazarov/stop-sniato-rf-i-gruziia-mogut-vozobnovit-peregovory-o-granitce-v-fevrale

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

წაკითხვა 1180 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 27 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.