ამ გვერდის ამობედვა

როგორ შეიძლება დააღწიოს ციხეს თავი ნიკა მელიამ? - არსებობს 4 გზა და ახლა მთავარია, რომელს აირჩევს პოლიტიკოსი

“ქართველ ანალიტიკოსთა და უცხოელ პარტნიორთა უმეტესობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისათვის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი გზები მოძებნოს.

იურისტები კი კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს ასახელებენ, რომლის გამოყენებაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია. ამ მექანიზმებს თავად მმართველ პარტიაშიც განიხილავენ. “ქართული ოცნების” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს - ენმ-ს თავმჯდომარემ ან ბრალი უნდა აღიაროს, ან გირაოს თანხა გადაიხადოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ შეიძლება დააღწიოს ციხეს თავი ნიკა მელიამ? - არსებობს 4 გზა და ახლა მთავარია, რომელს აირჩევს პოლიტიკოსი.

 

“სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნაწილობრივ, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება. მას საჯარო გამოსვლებშიც აქვს ნათქვამი, რომ ის იჭრებოდა პარლამენტში - ის ამას თუ აღიარებს სასამართლოშიც, მე მგონი, გამოსავალი იქნება ყველასთვის ძალიან კარგი. ეს მის ხელშია, როგორც აქამდე იყო”, - განაცხადა სამხარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში. თუმცა, “ნაცმოძრაობის” ლიდერის წინა განცხადებებიდან და ოპოზიციის საერთო განწყობიდან გამომდინარე, თავად მელიასთვის ეს ნაბიჯები, სავარაუდოდ, მიუღებელი იქნება. იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია კი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ გარდა ამისა სამართლებრივად არსებობს კიდევ ორი გზა, რომელთა შემთხვევაშიც ნიკა მელია საპატიმროდან ისე გამოვა, ოპოზიციაც და ხელისუფებაც მეტ-ნაკლებად შეძლებს სახის შენარჩუნებას. ერთი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მელიას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და მეორე - ადვოკატების მიმართვა სტრასბურგის სასამართლოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აპელაციაში ხომ გასაჩივრებულია და კიდევ სტრასბურგს შეიძლება მიეწეროს, როგორც გადაუდებელი შემთხვევა 39-ე წესით დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მათ შეუძლიათ 24 საათში საქართველოს ხელისუფლებას დაუკავშირდნენ და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოსთხოვონ. ჩვენ რომ ევროპულ კონვენციას მივუერთდით და ევროსაბჭოს წევრი გავხდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს იურისდიქცია ჩვენზე ვრცელდება და მათი ყველა გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. წერილი ევროსასამართლოს პრეზიდენტის სახელით მოდის, რომელიც პირდაპირ იუსტიციის მინისტრს და ქვეყნის პირველ პირს ეგზავნება, სადაც ძალიან მკაფიოდაა ჩამოწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს, ან რისი გაკეთებისგან უნდა შეიკავოს თავი მთავრობამ. ამიტომ მნიშვნელოვანია რას მოითხოვენ ადვოკატები, რომ ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. თუ არ დაკმაყოფილდა და ამ გადაწყვეტილების მიღება 24 საათში არ მოხდა, საქმის განხილვა მაინც გაგრძელდება და გადამოწმდება დაკავების ფორმა რამდენად იყო კანონიერი და ევროკონვენციის შესაბამისი, რომელიც განხორციელებული იქნა, რასაც დესტაბილიზაცია მოჰყვა. ევროსასამართლოში ამ საქმის განხილვის დაწყება იმის უტყუარი ნიშანი იქნება, რომ რაღაცა დროის შემდეგ გადაწყვეტილება დადგება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

 

“რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჯერ განხილვა არ დანიშნულა. ალბათ ხვალ ან ზეგ დაინიშნება. ეს ამ კვირაში უნდა მოხდეს, თუ უნდათ, რომ დროულად იმოქმედონ. ვნახოთ. იგივე შეიძლება ითქვას ევროსასამართლოზეც. ევროსასამართლოს აქვს განსაკუთრებული პროცედურა - ე.წ. დროებითი ღონისძიება, ქართულად ასე ითარგმნება. სასამართლო წესების 39-ე წესით დაუყოვნებლივ მიმართვა ხდება, ფაქსი იგზავნება პრეზიდენტის ოფისის ფაქსზე და 24 საათში გადაწყვეტილებას იღებენ, მიმართონ თუ არა მოთხოვნით მოპასუხე მთავრობას და მოსთხოვონ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს გათავისუფლება და მერე გაგრძელდება განხილვა, ვიდრე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოვა. მაგრამ პატიმრობაში რომ არ იყოს პირი, ეს შეიძლება. მე დღეს სულ ვცდილობდი მის ადვოკატებთან დაკავშირებას, რომ ეს მეთქვა, მაგრამ მე მგონი ბექამ იცის ეს პროცედურები. აქამდეც უნდა მიეწერათ სტრასბურგისთვის, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდა და ეგება ისინი ჩარეულიყვნენ და ეს ამბავი აქამდე არ მივიდოდა”, - დასძენს მუხაშავრია.

წაკითხვა 528 ჯერ