ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება მზარდი არასტაბილურობისადმი შიშს იწვევს - ნიუ-იორკ თაიმსი

აშშ-ის მთავარ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში («The New Yior Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოში ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება მზარდი არასტაბილურობისადმი შიშს იწვევს“, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია განხილული (ავტორი - ენდრიუ კრამერი, მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

„სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყნის - საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვანმა ოპოზიციურმა პარტიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პარლამენტის ბოიკოტს მანამდე გააგრძელებს, სანამ მთავრობა იმ ცნობილ ოპოზიციონერს არ გაათავისუფლებს, რომელიც ამას წინათ იქნა დაპატიმრებული.

 

არასტაბილური ქვეყნების მზარდ სიას კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ემატება, რომელიც პოლიტიკური დაძაბულობით და ქუჩის პროტესტებით არის მოცული. სიტუაცია ისეთია, რომ შესაძლოა აშკარა შეტაკებაც კი მოხდეს.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გაიმართა ბელარუსში, ყირგიზეთმა მესამე პოსტსაბჭოთა რევოლუცია გადაიტანა, აზერბაიჯანსა და სომხეთს კი სისხლისმრვრელი ომი ჰქონდათ ერთმანეთთან [მთიანი ყარაბაღის] გამო.

 

მართალია, საქართველოში - თითქმის ოთხმილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში -პოლიტიკა ყოველთვის სიმწვავით და სიხისტით გამოირჩეოდა, მაგრამ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკანორ მელიას დაკავება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ უფრო რეპრესიული პოლიტიკაზე გადასვლის საგანგაშო სიგნალი გახდა.

 

ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - იმ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ არის დაარსებული - პარტიის შტაბ-ბინაში ჩაიკეტა დაკავების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პოლიციელებმა მოახერხეს სახანძრო კიბით შენობის სახურავზე ასვლა, შიგნით შეიჭრნენ, ავეჯით მოწყობილი „ბარიკადები“ დაშალეს [და ნიკა მელია მაინც დააკავეს].

 

ნიკანორ მელიას ბრალად აქვს წაყენებული 2019 წელს პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების წაქეზება საკანონმდებლო ორგანოს შტურმისათვის. იგი ამ ბრალდებას უარყოფს.

 

სამშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა მკაცრად გააკრიტიკეს ქართველი ოპოზიციონერის დაპატიმრების ფაქტი და აღნიშნეს, რომ ამით „საფრთხე ექმნება ქართულ დემოკრატიას და მის ევროატლანტიკურ გზას.

 

განცხადება შეიცავს მოწოდებას ნიკა მელიას გათავისუფლების თაობაზე, ასევე დიალოგის დაწყებას პარტიებს შორის იმ პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სადაო შედეგების შემდეგ დაიწყო. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მტკიცებით, არცევნებში ხმის მიცემის შედეგები გაყალბდა და ამიტომ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. მათ მტკიცე პირობა დადეს, რომ ბოიკოტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება.

 

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა ადგილობრივ მასმედიას, „ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პირობით, თუ ამ მაგიდასთან ნიკა მელიაც იქნება“. სამშაბათს სარამოს თბილისის ცენტრში ნიკა მელიას დაპატიმრებას რამდენიმე ათასი ადამიანი აპროტესტებდა.

 

პოლიტიკურ კრიზისს საფუძვლად უდევს ოპოზიციის ბრალდება, რომლის თანახმად, პოლიტიკაში მოსულმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მმართველი პარტიის ლიდერმა, ქვეყნის პლურალისტური ინსტიტუტები დაშალა. რასაკვირველია, ამ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილი უარყოფს.

 

როგორც შოთა უტიაშვილმა - საქართველოს ატლანტიური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა - სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, „საქართველო რეგიონში დემოკრატიის შუქურად იყო დასახელებული და ძალიან დასანანია, რომ ახლა ის ავტორიტარიზმისაკენ მიექანება“.

 

„საქართველო არასოდეს არ ყოფილა სრულყოფილი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, მაგრამ მას ტრაექტორია სწორი მიმართულებით ჰქონდა აღებული“, - დაამატა შოთა უტიაშვილმა.

 

ნიკანორ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებულმა ამბებმა მმართველ პარტიაში განხეთქილება შეიტანა. გასულ კვირაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარტიის წევრმა, გადადგომა გამოაცხადა იმის გამო, რომ არ დაეთანხმა ნიკა მელიას დაპატიმრების ორდერის გაცემას: „ეს ძალზე სარისკო გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანას პოლარიზებასა და კონფრონტაციას მოუტანსო“, - თქვა მან.

 

სადაო საკითხების ირგვლივ გაჩენილმა გამწვავებულმა დაპირისპირებამ დასავლელი დიპლომატები შეაშფოთა. ისინი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყნად თვლიდნენ ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

 

გასულ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „საგარეოპოლიტიკური უწყება ღრმად არის შეშფოთებული იმით, რომ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოების დარეგულირებას ვერ ახერხებენ“. როგორც მასშია ნათქვამი, „შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ყოველგვარი ისეთი მოქმედებისა და რიტორიკისაგან, რომლებსაც დაძაბულობის ესკალაცია და ძალადობის გამოწვევა შეუძლიათ“.

 

წყარო: https://www.nytimes.com/2021/02/24/world/europe/georgia-opposition-leader-arrest.html

 

მოამზადა სიმინ კილაძემ

წაკითხვა 384 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.