თვის ბოლოს შეიძლება უკრაინა-რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს - როგორია თბილისიდან დანახული კონფლიქტის პერსპექტივა

“უკრაინაში ვითარება დღითი დღე უფრო კრიტიკული ხდება, გასული 24 საათის განმავლობაში პრორუსულმა ფორმირებებმა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რასაც უკრაინელი კიდევ ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

7 აპრილის ეუთოს მოხსენებაში კი აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 57 დარღვევა დააფიქსირა. აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს, რომ პენტაგონის წარმომადგენელმა ნატოელ პარტნიორებთან ერთად უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამანდა დორი, ასევე კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პენტაგონი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ქვეყნები არიან უკრაინის უსაფრთხოების მთავარი კონტრიბუტორები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თვის ბოლოს შეიძლება უკრაინა-რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს - როგორია თბილისიდან დანახული კონფლიქტის პერსპექტივა.

 

“აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობა. მოლაპარაკებების მონაწილეთა აზრით კი რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციას, რომელიც მიღწეული იყო ეუთო-ს შუამავლობით 2020 წლის ივლისში. “ბლუმბერგი” ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ მზადაა, რუსეთის მტრულ ქმედებებზე პასუხი გასცეს. წერს, რომ აშშ-ში უკვე შეაგროვეს რუსეთის მტრული ქმედებების შესახებ მტკიცებულებები და საპასუხოდ რუსი დიპლომატების გაძევება და პრეზიდენტ პუტინის გარემოცვის წევრებისთვის სანქციების დაწესება განიხილება. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის მობილიზაცია 2008 წლის საქართველოს 8 აგვისტოს ომამდელ ოკუპანტის მობილიზაციას ძალიან ჰგავს, რაც მისი პროგნოზით შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ სავარაუდოდ აპრილის ბოლოსთვის საომარმა მოქმედებებმა გარკვეულ მასშტაბებს მიაღწიოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩემი პროგნოზით, შესაძლოა აპრილის ბოლოს საომარმა მოქმედებებმა უკვე სრულ მასშატაბებს მიაღწიოს. ეს ეყრდნობა იმას, რომ როგორც ჩანს რუსეთი თავისი ძალების კონცენტრაციას ახორციელებს, საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების გადმოსროლა ხდება, ყირიმის ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე რუსებმა ულიანოვსკიდან 76-ე სადესანტო დივიზია გადმოისროლეს. ეს დივიზია თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ ინტერვენციაში პირდაპირ ჩაერთო, სხვათა შორის ამ დივიზიის ნაწილები 8 აგვისტოდან დაახლოებით სამი კვირით ადრე, ვლადიკავკაზში 58-ე არმიის შემადგენლობაში გადმოისროლეს. 76-ე სადესანტო დივიზია ყველაზე მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, რომელიც უმაღლესი მთავარსარდლის სტრატეგიულ რეზერვში ითვლება და რომლის ბრძოლისუნარიანობის მთლიანი შემადგენლობის 95% ამ დივიზიაზე მოდის. ამ მედესანტეებს დიდი გამოცდილება აქვთ სამხედრო მოქმედებებში, ბრძოლებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“დივიზია ოკუპირებული ყირიმშია გადმოსროლილი. ამას გარდა, აღმოსავლეთიდან მძიმე სატანკო ნაწილების გადმოსროლა ხდება. რამდენადაც ვიცი საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი 49-ე არმიაც, რომელიც ჩრდილო კავკასიაში, შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ეს კი უკვე მოწმობს, რომ სავარაუდოდ აპრილის მეორე ნახევარში ან ბოლოს სამხედრო მოქმედებები შეიძლება სრულმასშტაბიანი გახდეს. არ ვიცი დასავლეთი რამდენად მზადაა, რომ ამ ქცევებზე რუსეთს ადეკვატურად უპასუხოს, ამაზე პასუხი მიჭირს. ზელენსკი იმიტომაც ჩავიდა დონბასის არაოკუპირებულ ტერიორიაზე და იქ გააკეთა ეს განცხადება, რომ ნატოში მიღება დაჩქარდესო. ზელენსკის მესმის, რადგან სიტუაცია ძალიან საშიში და ურთულესია, თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ჩვენ რა თქმა უნდა განზე ვერ ვიქნებით. როგორც ჩანს კრემლი უკვე სერიოზულად ემზადება - ზელენსკის “რეჟიმ ჩეინჯის” ვარიანტში კრემლს შერჩეული ჰყავს პოლიტიკური ძალა. ეს არის მედვედჩუკის პრორუსული ე.წ. ოპოზიციური პარტია, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ სერიოზულ რეიტინგებს იღებს. უკრაინასთან მიმართებაში ალბათ ამერიკელების დახმარების უფრო რეალური შანსი არსებობს, ვიდრე ევროკავშირის და ნატოს ევროპელი წევრების, ევროპას თავისი პრობლემები აქვს, კოვიდის მესამე ტალღაა, ერთი რჩება აშშ. ვფიქრობ, რომ უკრაინას ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი და ამერიკა აქტიურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ”, - დაასკვნის ექსპერტი.

წაკითხვა 557 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.