March 28, 2024

“კალაძე და გახარია თუ გაერთიანდებიან, ორპოლუსიან პოლიტიკურ ველს დაასრულებენ”

“რატომ შეხვდა კალაძე გახარიას? ამ შეხვედრის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება - კალაძე ადასტურებს გახარიასთან შეხვედრას, გახარია კი - არა.

კობახიძეც ადასტურებს, მაგრამ სრულიად სხვა ვერსიას ჰყვება. “შეხვედრა იყო, რამდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან”, - თქვა კახა კალაძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიას მხრიდან იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან ეს ინფორმაციაც უარყო და თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “კალაძე და გახარია თუ გაერთიანდებიან, ორპოლუსიან პოლიტიკურ ველს დაასრულებენ” - ზაქარეიშვილი.

 

“იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მე მგონი კეზერაშვილში ვეშლებით”, - აღნიშნა კობახიძემ. “ტყუილებს ყვება. მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ? ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების. ამ ხალხს, ორგანიზაცია ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს, იმის ნახევარი მაინც რომ გაეკეთებინათ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ რვა წლის განმავლობაში, მათთან ბრძოლაში, რასაც დღეს აკეთებენ ჩვენს წინააღმდეგ, დღეს ჩვენი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ იქნებოდა და სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში”, - თქვა გახარიამ. “გიორგი გახარია კონკურენტებს - კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. ამის შესახებ გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია “ქართული ოცნება” სულ უფრო ემსგავსება “ნაციონალურ მოძრაობას” და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!” - წერს გახარია. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა კონსპირაციული შეხვედრები იქნება და რა თემებს განიხილავენ, ფულის თემა იქნება მათთვის მნიშვნელოვანი თუ სხვა თემები. მთავარია ის, რომ მათთვის ქვეყნის და ამომრჩევლის ინტერესები არ არის მნიშვნელოვანი”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, შეხვედრით მისთვის კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გიორგი გახარია და კალაძე ერთი გუნდის წევრები არიან. ხოლო “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ნორმალური პროცესია, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთს ხვდებიან”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ გახარია შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფდა, თუმცა მის თანაპარტიელებს ამის დადასტურება მოუწიათ. “როგორც მას უყვარს თქმა - ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი. პოლიტიკაში არ “მოსულა” ტყუილები და არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ. მოუწიათ იმის დადასტურება, რომ დიახ, ასეთი შეხვედრა იყო”, - განაცხადა ღუდუშაურმა. ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას მერობის კანდიდატად დასახელებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა: “მე გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება”. მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტებები, შეხვედრის თაობაზე ისაუბრეს კახა კალაძემ და პარტიის ხელმძღვანელებმა. “შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახი კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია წააგებს, მაგრამ მას მეორე ტურში გადასვლის შანსი აქვს. ეს კი კარგია მისთვის, პარტიისთვის და ქვეყნისთვის, რადგანაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკის დასრულების შანსი იზრდება”, - დასძენს გამოცემა.

 

“არ ვიცი რატომ შეხვდნენ გახარია და კალაძე ერთმანეთს. უბრალოდ ერთი რეალობა ისაა, რომ ორივე კარგად ხვდება სამომავლოდ ერთმანეთი სჭირდებათ. გიორგი გახარიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ეს სჭირდება, როგორც მას, ასევე ქვეყანას და მის პარტიას. მართალია მეორე ტური იქნება და გახარია გამარჯვებას ვერ შეძლებს, რადგანაც კალაძე და გახარია თუ დარჩნენ, მაინც კალაძის შანსები უფრო დიდია. მიუხედავად ამისა, გახარიას პარტია და გუნდის წვერები წელში გამართულები იქნებიან და ეცოდინებათ 2024 წლის არჩევნებისთვის რა შანსები ექნებათ. მეორეც - ეს პოლიტიკოსისთვის საკუთარი რეიტინგის და შესაძლებლობების გასაზომად კარგი ინდიკატორი იქნება. საბოლოო ჯამში რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მგონია, რომ კალაძეს და გახარიას ერთმანეთი სჭირდებათ. ცალცალკე თუ ერთად, ორივეს ძალიან კარგი პლიტიკური კაპიტალი აქვს. ქვეყანაში ახლა ისინი არიან ყველაზე რეიტინგული ფიგურები. ამიტომ თუ ისინი გაერთიანდებიან 2024 წლისთვის ამ ორ პოლუსიან პოლიტიკურ ველს საერთოდ დაასრულებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 451 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.