შალვა შავგულიძე ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე ბიძინა ივანიშვილისბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, თუ რატომ არ მიმართა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის სტატუსით სააპელაციო სასამართლოს.

შალვა შავგულიძემ განმარტა, რომ მაშინდელი საპროცესო კანონმდებლობა დაზარალებულს არ აძლევდა საშუალებას მოეთხოვა არც მსჯავრდებულის ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება, დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით.

„ალბათ, საჯაროდ არც ვუპასუხებდი ივანიშვილის ამ ბინძურ ცილისწამებას და ახლად დაწყებულ საარჩევნო კამპანიას გავაგრძელებდი, მაგრამ ვითვალისწინებ რა საზოგადოების დიდ ინტერესს საქმესთან მიმართებით, შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი ამ უსამართლო ბრალდებებს. პირველი - რატომ არ გავასაჩივრეთ სააპელაციო ინსტანციაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. იმჟამინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო მოეთხოვა არც მსჯავრდებულის ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება, დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით. ანუ ჩვენ არ შეგვეძლო სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რომლებიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის და დაზარალებული მხარის ინტერესების დაცვის ინტერესებს შეესაბამებოდა. ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და ჩვენ აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისათვის და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოჯახი არ გაასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო ინსტანციაში, არსებობდა მოქმედების ორი შესაძლო ვარიანტი.

„პირველი - თუ სააპელაციო სარჩელს შეიტანდა ან პროკურორი, ან რომელიმე მსჯავრდებული მაინც, ჩვენ როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი, სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, საკასაციო ინსტანციაში გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არც პროკურორი და არც ერთი მსჯავრდებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპული კონვენციის 13-ე, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით მიგვემართა ევროპული სასამართლოსთვის. შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო ინსტანციაში რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა მაინც“, - განაცხადა შავგულიძემ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სანდრო გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა.

„დღეს ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია. ამავე დროს, საქმის ადვოკატს შალვა შავგულიძეს დაავიწყდა სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამნაშავეების სასჯელთან დაკავშირებით. აპელაცია სასჯელის მომატებაზე დაწერა პროკურორმა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქმის ადვოკატის შალვა შავგულიძის მიერ იმ დროს დაშვებული შეცდომა მან გამოუცდელობას მიაწერა, თუმცა დღეს ეს გადააფასა. ივანიშვილის თქმით, გირგვლიანის მთელი ოჯახი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეწირა და ამის მოთავე მიხეილ სააკაშვილი იყო.

წაკითხვა 708 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.