March 29, 2024

“ივანიშვილი ცდილობს შექმნას მტრის ხატი”- არჩილ გამზარდია

“ნახევარი ირონიით შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლაში აღარავითარი გზავნილი აღარ დამინახავს.

გზავნილები წლების განმავლობაში არის ერთი და იგივე, რომ “ქართული ოცნება” მუშაობს კარგად და პრობლემები არის მხოლოდ ოპოზიციაში, ყველა, ვინც არ ეთანხმება “ქართულ ოცნებას”, არის წინა ხელისუფლების მომხრე, რომ ხალხი ცხოვრობს უკეთესად, მაგრამ ამას საზოგადოება და მოსახლეობა ვერ ხედავს, რომ პრობლემები მხოლოდ რაღაც საქმეებში აქვთ და არა ძირეულად, რომ “ობიექტური” მიზეზები აქვთ და ხელისუფლება არაფერ შუაშია”, - აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი ცდილობს შექმნას მტრის ხატი” - გამზარდია.


“ივანიშვილის წინა და ახალ ინტერვიუებს შორის განსხვავება ის იყო, რომ შვიდი თვის წინ, როდესაც ეს შეფასებები კეთდებოდა, მაშინ რეალობა სხვა იყო, მაგრამ დღეს რეალობა სრულიად სხვაგვარია. დროდადრო მის ტექსტებში იცვლებიან ფიგურანტები ვიღაცა ემატება, ვიღაცა აკლდება, ახლა დაუმატა ხუხაშვილი, შავგულიძე და ბესელია, მაგრამ არსებითად არაფერი ახალი არ არის, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში, ზუსტად ერთი და იგივე კონცეპტუალური მახასიათებლებით მსჯელობს. ივანიშვილის და მთლიანად “ქართულ ოცნებაში”, არის ხოლმე ასეთი მიდგომა, ვინც არ არის “ქართულ ოცნებასთან”, ის არის მისი მტერი. მსგავსი მიდგომა ჰქონდა თავის დროზე სხვა მმართველ ძალებსაც, ამიტომაც, ანალოგიურად ყოფილი პარტნიორები, უკვე აღმოჩნდნენ ივანიშვილის მტრების და მთლიანად “ქართული ოცნების” მტრების ნუსხაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.


“ივანიშვილი, საბოლოო ჯამში ვერ სწავლობს იმას, რომ კონკრეტულ პირებზე ლაპარაკისგან თავი შეიკავოს, ამ პროცესით, საზოგადოების პოზიციების ფორმირებას ვერ ახდენს და მტრებს კი იმატებს და იმატებს ყოველდღიურად, ამიტომაც “ქართული ოცნების” ძირითადი აქტიორები კარგად იყენებენ ივანიშვილის ამ სისუსტეებს, მას ახმოვანებენ და ისიც სიამოვნებით ახმოვანებს ნეგატივს კონკრეტულ პიროვნებებზე. მთლიანობაში, ამით ცდილობს შექმნას მათგან მტრის ხატი, მაგრამ ერთი უცნაური რამაა, ვისაც ივანიშვილი თავს ესხმის, როგორც წესი საზოგადობაში მათი რეიტინგი მაღლა იწევს. ფასს ადებს თითოეულ ადამიანს, ვისაც ის ახსენებს, - ეს ადამიანები არაფრით არ ზარალდებიან, ზარალდება ამით მხოლოდ თვითონ ივანიშვილი”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “რამდენად შეიძლება დავუკავშიროთ ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, 2019 წლის მაისის შუალედურ მაჟორიტარულ და მერის არჩევნებს?” - პასუხობს:


“ივანიშვილის ეს ინტერვიუ შეიძლება შუალედურ არჩევნებს დავუკავშიროთ. ის, უმიზეზოდ, ბუნებრივია არ გამოჩნდებოდა უახლოეს ხანებში თუ მეორედ გამოვა, რაღაც უნდა თქვას ახალი, თუმცა, თავის დროზე მისი საჯარო კომუნიკაციები ცოტათი მეტად რაღაცის მომტანი იყო მმართველი ძალისათვის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, საბოლოოდ გაქარწყლდა ეს მოსაზრება და მხოლოდ კონკრეტულმა რესურსებმა გაიმარჯვეს: ეს იყო მატერიალური, ტექნიკური, სახელისუფლებო ძალაუფლებითი და ადამიანური რესურსები, ამიტომ, ივანიშვილი თუ ფიქრობს, რომ ამ გამოსვლას არჩევნების პროცესების სათავისოდ წარმართვა შეუძლია, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პროცესი საერთო ჯამში რესურსებამდე მიდის. ივანიშვილის საჯარო გამოსვლებს, თანდათან სტრატეგიული ეფექტი ეკარგება, მისი რეალური შედეგი არის ჩაფიქრებულის უკუეფექტი, რასაც ის იღებს ხოლმე”.

წაკითხვა 1076 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.