ივანიშვილის ე.წ. შავი სია ამოქმედდა - ქობულია გადააყენეს, ვინ იქნება შემდეგი?

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შავი სია გააქტიურდა. ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა.

მედიაში ვრცელდება ცნობები, თითქოს მას გადადგომა აიძულეს. ყველა სვამს კითხვას - ვინ იქნება შემდეგი?! შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში ღიად გამოხატა უკმაყოფილება სამი მინისტრის მუშაობაზე, რომელთა შორის ერთ-ერთი ქალია. ქობულიას შემდეგ, ვარაუდობენ, რომ თანამდებობას შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაემშვიდობონ. ციხელაშვილის ადგილი ერთი ვერსიით დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემაც შეიძლება დაიკავოს. ხოლო დავით ზალკალიანი კი აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ჩაანაცვლოს. მოგვიანებით ამ საკითხზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილის ე.წ. შავი სია ამოქმედდა - ქობულია გადააყენეს, ვინ იქნება შემდეგი?

 

"რაც შეეხება ქობულიას, არსებული ინფორმაციით, მას პრემიერმა ერთი თვის განმავლობაში გადადგომა არა ერთხელ მოსთხოვა. ამასთანავე მედიაში შიდა წყაროებით ცნობილი ხდება, რომ მის მიმართ განსაკუთრებული უკმაყოფილებით ივანიშვილი გამოირჩეოდა. ქობულიამ კი პრემიერს შეუთვალა, რომ ის საკუთარი ნებით წასვლას არ აპირებდა და არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ მისი გადადგომა, რატომ სურდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება. ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივლისში დაიკავა“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პრემიერს მოუწევს ახსნას, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია. პრემიერ-მინისტრს მოუწევს ძალიან კარგად ახსნას, ჩვენთვის, დეპუტატებისთვის, საზოგადოებისთვის, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ იმ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ დიდი თანამდებობის პირს, ეკონომიკის მინისტრს, იმიტომ, რომ მაგაზე უარეს სისულელეებს საუბრობს ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს პოლიტიკური თვალსაზრისით,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, მისთვის ქობულიას გადაყენება მოსალოდნელი იყო, რადგან "ბევრი არასერიოზული განცხადება გააკეთა". ამბობს, რომ ქობულიამ თავდაპირველად უარი თქვა თანამდებობის დატოვებაზე, თუმცა ბოლოს ზეწოლას ვეღარ გაუძლო. დაახლოებით, ერთი თვის წინ უკვე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის ენით შეუთვალა ქობულიას წასვლა. მან უარი განაცხადა და მისი პასუხი თურმე ყოფილა ასეთი, რომ საკუთარი ნებით არ წავა, დაასაბუთონ, რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა და თუ უნდათ ჩემი გაშვება, გამათავისუფლონო. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა მასზე და იძულებული გახადეს, რომ წასულიყო და ვნახოთ, ახლა როგორ ახსნის ამ მოვლენას,“ - აცხადებს რომან გოცირიძე. მისივე თქმით, ქობულია ივანიშვილის დავალებებს სრულად არ ასრულებდა და მისი გადაყენების მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს ფაქტი გახდა“ , - განაგრძობს გამოცემა.

 

"საპარლამენტო უმრავლესობა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრემიერმა ქობულიას გადადგომა აიძულა. უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, მოსთხოვა თუ არა მამუკა ბახტაძემ მინისტრს გადადგომა. „რაც შეეხება მინისტრების და კაბინეტში ცვლილებებს, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა გადაწყვეტილებების კუთხით კითხვებს პასუხებს ის უნდა სცემდეს ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ანალიტიკოსი, ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქობულიას გადაყენება კი არა მთელი მინისტრთა კაბინეტის სახლში გაშვება ამ ქვეყანაში არაფერს შეცვლის. „მმართველობითი სისტემა ისეთი არეულია, მთელი მინისტრთა კაბინეტი სახლში რომ წავიდეს, ქვეყანას მაინც არაფერი შეეტყობა. კარგი მინისტრი იქნება თუ ცუდი, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. გადაწყვეტილების მიღების სისტემაა საერთოდ მორღვეული. აქედან გამომდინარე, ეს სრულიად ტექნიკური საკითხებია. ორი პრემიერი ისე მოვინელეთ, მათი სახელებიც კი აღარავის ახსოვდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მმართველობითი სისტემა ერთი ადამიანის მხრებზეა და მისი პასუხისმგებლობის ზონაა. მთელი „ოცნება“ რომ პოლიტიკიდან წავიდეს, მაინც არაფერი შეიცვლება, რადგანაც ყველაფერზე პასუხისმგებლობა ერთ კაცზეა დაკისრებული. თუ კაბინეტის ცვლილებით მოსამართლების თემის გადაფარვა უნდა, ამას ვერ შეძლებს. ეს შეიძლება ერთი ან ორი დღით გადაფაროს. ეს არის საკითხი, რომელიც როგორც ჩანს ამ ხელისუფლებისთვის ფატალურად დასრულდება“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

 

წყარო: რეზონანსი

წაკითხვა 688 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.