"ოცნება“ ყველაფერზე მიდის, რომ ეს არჩევნები მოიგოს" - თავდასხმა ჟურნალისტზე

“რიგგარეშე არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. პოლიტიკური ტემპერატურა განსაკუთრებულ ნიშნულზე ზუგდიდშია ასული, სადაც მერობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი აპირებს.

ბოლო რამდენიმე დღეა რაც დაძაბულობა შეიმჩნევა - „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან. როგორია საარჩევნო გარემო და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები როგორც ოპოზიციისთვის, ასევე მმართველი გუნდისთვის? ოპოზიცია აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებზე გარემო არის ზუსტად ისეთი, რაც წინა არჩევნებზე უცხოელი პარტნიორების სერიოზული კრიტიკის საბაბი გახდა. მათი აზრით, პირველ რიგში ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაშინება იმ მიზნით, რომ არ მოვიდეს და არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და დაუსჯელი ძალადობა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე / რატომ არის ზუგდიდის არჩევნების შედეგები ასე მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვისაც

 

"მმართველი გუნდი კი ამ ბრალდებებს არ იზიარებს და ამბობენ, რომ ოპოზიცია დემარშის სურვილით არის შეპყრობილი და ზუგდიდში პროვოკაციებს ხელოვნურად თავად აწყობენ. მათი აზრით, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ხოლო ცესკო და შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობენ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში იყოს უზრუნველყოფილი წესრიგი და შესაბამისი საარჩევნო პროცედურები სათანადოდ იყოს დაცული. ზუგდიდში კი 14 მაისს მოვლენები ასე განვითარდა - „გაერთიანებული ოპოზიციის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის მათ კანდიდატ სანდრა რულოვსს „ქართული ოცნების“ აგენტ პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ტელეკომპანია „ოდიში“ მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, როდესაც ადგილზე რამდენიმე მამაკაცი მივიდა. მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლო გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მოგვიანებით პოლიციამ თავდასხმის ერთი მონაწილე - გელა კვარაცხელია დააკავა. იგი „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ყოფილ პირველ ლედის ზვიად გამსახურდიას გამო დაუპირისპირდა. დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში გაგრძელდა, სადაც სხდომაზე დასასწრებად სანდრა რულოვსი მივიდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა განცხადების გაკეთება დააპირა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს. სწორედ ამ ფაქტს მოყვა სხდომაზე ჩხუბი. სანდრა რულოვსს სურდა საკრებულოსთვის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას სახელობის სკვერის გახსნა შეეთავაზებინა, თუმცა მას დარბაზი დაატოვებინეს“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ასევე გავრცელდა ფარული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ავტომობილშია გადაღებული და ზუგდიდის საკრებულოს მმართველი გუნდის წევრი გია დანელია მეორე პირს უხსნის, თუ რა დავალებები მიიღეს წინასაარჩევნოდ „ზევიდან“. გია დანელია „კურიერთან“ ამბობს, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია და ჩანაწერში ის არ არის აღბეჭდილი. ჩანაწერში მამაკაცი, რომელიც დანელია ჰგავს, ყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, რომ მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად... ვისაც ვერ მოისყიდიან - დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ - გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების მოგებას ამომრჩევლის მოსყიდვით, კრიმინალების დახმარებითა და მოქალაქეებზე ზეწოლით ცდილობს. მისი თქმით, ხელისუფლება ზუგდიდში არჩევნებს აგებს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩეველზე მასშტაბური ზეწოლა ხდება. „არჩევნებში კრიმინალების გამოყენება ამ ხელისუფლების ნოუ ჰაუ გახდა. წვრილფეხა კრიმინალობა, რომელიც, ასე ვთქვათ, შეზრდილები არიან პოლიციასთან და ხელისუფლებასთან, ატერორებენ სამეზობლოს და ნაცნობებს. მოსყიდვამ ფაქტობრივად ტოტალური ხასიათი მიიღო. თუკი ადრე მიდიოდნენ და ლამაზი ხონჩით მიართმევდნენ სურსათს, ახლა გაზრდილია შეთავაზება და ფულს პირდაპირ ურიგებენ“, - დასძენს გამოცემა.

 

"გვყავს უამრავი მეთვალყურე. გაყალბების უფლებას იმ დღეს არ მივცემთ, მაგრამ რა ვუყოთ მანამდე ამ ზეწოლას და ამ უმსგავსობას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ?! „ოცნება“ ყველაფერზე მიდის, რომ ეს არჩევნები მოიგოს, რადგანაც იციან, რომ წააგებენ და ხალხი მათ მხარს აღარ უჭერს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ქართული ოცნების“ წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალების“ ტრადიციული სტილია, რომ ისინი მამა აბრამის ბატკნის ტყავში გაეხვიონ და ჩაგრულის მანტია მოისხან. მისი თქმით, ეს ტაქტიკა უკვე ნაცნობია და ისინი შეეცდებიან, რომ ამ ფონზე შემდეგ არჩევნების შედეგები გააპროტესტონ. ზოიძე ამბობს, რომ „ნაციონალებმა“ წინასწარ იციან, რომ მათი კანდიდატის შანსები საკმაოდ დაბალია და პროვოკაციაზე შეგნებულად მიდიან. „ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთი ინციდენტები წინასაარჩევნოდ აღკვეთილი იყოს. ჩვენს მომხრეებს ძალიან მკაცრი მითითება აქვთ, რომ არავითარ შემთხვევაში, რაიმე სახით, ფორმით საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არ მოახდინონ, ძალადობაზე რაიმე სახით საუბარი ხომ ზედმეტია. „რაც შეეხება ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა აუცილებლად გამოსაძიებელია და გასარკვევია ვინ იყვნენ ეს ადამიანები რეალურად და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. უმკაცრესი ზომებია მისაღები და სათანადო პასუხი უნდა აგოს ყველამ. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამომრჩეველს უმკაცრეს მითითებებს ვაძლევთ, რომ არანაირი პროვოკაციას არ წამოეგონ. „ნაციოანლებისგან“ აუცილებლად ველით გარკვეული სახის პროვოკაციებს. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს შეეცდებიან. ამიტომაც ჩვენც მომზადებულები შევხვდებით და მსგავსი მზაკვრული გეგმების განხორციელებას არ დავუშვებთ“, - აცხადებს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“. „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა აქვთ სრულად გადაბარებული და ყველა ის ნაძირალა, ვინც სააკაშვილს ემსახურებოდა, ახლა „ოცნების“ სამსახურშია“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოლო დღეებში არჩევნების ირგვლივ განვითარებულ პროცესებს“, - წერს გამოცემა.

 

"ხუხაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სააკშვილის ხელისუფლებისგან აღარაფრით განხვავდება. მისი აზრით, „ოცნება“ ყველა მეთოდს იგივე ხალხის ხელით იყენებს, რომელთაც 9 წელი სააკაშვილი იყენებდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხალხი სისტემას ებრძოდა, თუმცა ეს სისტემა ახლა ვხედავთ, რომ „ოცნების“ სახით მოქმედებს. „სანდრა რულოვსის გამარჯვების ასეთი ფანატიკური შიში გასგებია. ჯერ თავისთავად ძალიან ცუდია, როცა ხელისუფლება მშიშარა გვყავს, მაგრამ ამ შიშს მოტივი აქვს - რულოვსის გამარჯვება ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციას ნიშნავს, „ოცნებას“ კი მთელი თავისი საარჩევნო პროპაგანდა „ანტი-მიშაზე“ აქვს აწყობილი. თუ ეს ნარატივი დაინგრა, ზუგდიდს კი არა მთელ საქართველოს კარგავენ. ამაშია მთავარი აზრი, რის გამოც ასე სასიცოცხლო ბრძოლა გამართეს. ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რითაც ისინი ძალაუფლებას იტოვებენ - რომ მიშა მათზე უარესია - ეს მითი ინგრევა და ამის უფრო ეშინიათ. „რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, რა თქმა უნდა, მაგისიც ეშინიათ, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ეხალისებათ. რისიც უფრო მეტად ეშინიათ, იმას აკეთებენ. „ოცნება“ ახლა თვლის, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდის და გამარჯვება გადარჩენის ტოლფასია. „სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემა ისევ ორ პარტიას შორის დაპირისპირებაა. მოსახლეობას არცერთი არ უნდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვერა და ვერ ხერხდება ახალი მესამე ძალის ფორმირება, ამ ორ პარტიას შორის ყოფნა უწევს“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.

 

საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები კვირას, 19 მაისს გაიმართება. შუალედური საკრებულოს არჩევნები ჩატარდება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის მთაწმინდის რაიონში 20 კანდიდატი იბრძოლებს – მათგან 14 პარტიისა და ბლოკის წარმომადგენელი, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის. დეპუტატის სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში პრეზიდენტი გახდა“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 699 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.