“ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე

“მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს, სულ რაღაც 10 დღეში გაიმართება, სადაც “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ბლოკიდან შალვა შავგულიძე “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძეს დაუპირისპირდება და უკვე ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა, ვინც პირველ ტურში დამარცხდა, უარი განაცხადა ამ ბრძოლაში ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ოპოზიციონერი შალვა შავგულიძისთვის დაეჭირა მხარი.

პირველი ტურის შედეგებით ოპოზიციას ჯამში მეტი ხმა აქვს, ვიდრე “ქართულ ოცნებას”, ამიტომაც, ზოგადად, ოპოზიციურ სპექტრში ეს გვერდზე გაწევა სწორედ “ოცნებას” აძლევს ხელს და როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, ამ ნაბიჯით ოპოზიცია, ნებსით თუ უნებლიეთ, “ოცნების” თამაშს თამაშობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე.

 

“ანალიტიკოსი  გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციის განზე გადგომა, ეს მათ უმწიფრობაზე მიუთითებს და ეს არის “ოცნების” ნარატივის ხაფანგში თავის გაბმა: ქართული ოცნების” ტექნოლოგია არის ძალიან მარტივი, რომელიც წარმატებით მუშაობს - ძლიერი კანდიდატის აბსურდული დისკრედიტაცია და ოპოზიციისთვის კომპლექსის გაჩენა, “რაღაც არ დამაბრალონ”, “ნაციონალობა არ დამაბრალონ” და სჯობს, ხელები დავიბანო. სამწუხაროდ, “ოცნების” ამ ხაფანგში ხვდება ყველა ოპოზიციონერი კანდიდატი და ახლაც ეს ვნახეთ. ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერის გამოხატვა მთაწმინდაზე შედეგის თვალსაზრისით დიდ არაფერს შეცვლიდა, თუმცა, მათი უარი ბევრს გვეუბნება თავად ამ კანდიდატებზე. ეს მათ სისუსტეზე მეტყველებს. ხომ ხედავენ ეს პარტიები, რომ მარტო არაფრის თავი არ აქვთ და რატომ წვავენ ხიდებს შესაძლო სამომავლო პარტნიორებთან, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის არაპროფესიონალიზი და კომპლექსი, მეტი არაფერი”, - ამბობს ხუხაშვილი, რომლის აზრით, “პოლიტიკაში კომპლექსებით სიცოცხლის უნარიანი ვერ იქნები”. - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ცნობისათვის, მთაწმინდის არჩევნების პირველი ტურის შედეგები ასეთია: ლადო კახაძე - 41%, შალვა შავგულიძე - 37% და ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება მეორე ტურში ერთმანეთს. მესამე ადგილზე გავიდა ლევან იოსელიანი - 6,5%-ით, მეოთხეზე ჰერმან საბო - 5%-ით და მეხუთეზე გრიგოლ გეგელია - 3%-ით. დაახლოებით 3-3% აიღეს სოფო ხორგუანმა და კობა დავითაშვილმაც. ჯამში, ოპოზიციას მეტი ხმა აქვს, ვიდრე “ოცნებას” და ამიტომაც როგორც პირველი ტურის წინ იყო, ახლაც “ოცნების” პროგრამაში კრიტიკის მთავარი ქარცეცხლი შალვა შავგულიძის მიმართა. მმართველი პარტიის თავდასხმის ძირითადი ხაზი უცვლელია - შავგულიძის მიერ სტრასბურგში მოგებული გირგვლიანის საქმეზე შავგულიძის კრიტიკა. რა მოხდება მეორე ტურში, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა, ამ ბრძოლაში ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანება არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურის დასრულების შემდეგ შალვა შავგულიძემ თავად მოუწოდა ყველა კანდიდატს ოპოზიციური ხმების კონსოლიდირებისკენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“შავგულიძის ამ მოწოდებას მაშინ მხოლოდ “ნაცმოძრაობა” გამოეხმაურა, რომელიც პირველივე ტურშიც შეთანხმებული იყო, რომ მთაწმინდაზე შავგულიძეს კონკურენტად არავის დაუყენებდა. მეორე ტურისთვის “ნაცმოძრაობის” სახელით შავგულიძეს მხარდაჭერა თავად მიხეილ სააკაშვილმაც გამოუცხადა. ხოლო ყველა იმ კანდიდატმა, ვინც მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს, მხარდაჭერის გამოცხადებაზე უარი ერთი მეორის მიყოლებით თქვა. უარის თქმის სიაში ერთ-ერთი პირველი “გირჩის” კანდიდატი ჰერმან საბო იყო, რასაც მაშინ საკმაოდ დიდი უკმაყოფილება-ბრალდებები მოჰყვა “ევროპულ საქართველოსა” და “გირჩის” ლიდერებს შორის. მაშინ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ შავგულიძე არის მხოლოდ “ფასადზე გამოდგმული თოჯინა” და “გირჩი” დარწმუნებული არ არის, რომ კარგია, თუ “ევროპული საქართველო” გაიმყარებს პოზიციებს, რადგან სწორედ ამ პარტიის ლიდერების მიერაა აწყობილი არსებული ძალადობრივი სისტემა და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ სისტემას ისევ უკან არ გადაიბარებენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“პირველი ტურის მეორე დღესვე თქვა მხარდაჭერაზე უარი ასევე გრიგოლ გეგელიამაც. სოფო ხორგუანმაც და კობა დავითაშვილმაც, რომლებმაც პირველ ტურში 3-3%-იანი მხარდაჭერა მიიღეს. არჩევნების მეორე დღესვე განცხადება გააკეთა ალეკო ელისაშვილის მიერ შექმნილი მოძრაობის წარმომადგენელმა და მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა, რომელმაც თქვა, რომ საკუთარ ამომრჩევლებს დაეკითხებოდა. ოთხშაბათს, 29 მაისს კი საბოლოო გადაწყვეტილებაც გამოაცხადა. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, რადგან ეს მისი ამომრჩევლის პოზიციაა - “ვადასტურებ პიროვნულ პატივისცემას შალვა შავგულიძის მიმართ, თუმცა ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენთვისაც მიუღებელია მხარი დავუჭიროთ მას არჩევნების მეორე ტურის წინ ერთი მიზეზით, მან პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა იმ გუნდს, რომლის მხარდაჭერა ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია”, - განაცხადა იოსელიანმა. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილის თქმით, იმაზე ადვილი არაფერი არ არის, ხელები დაიბანო და გვერდზე გადგომა რაღაცით ახსნა, თუმცა ოპოზიციამ აჩვენა ის, რომ უმწიფარია და “ოცნების” ხაფანგში მარტივად გაება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“რასაც ხელისუფლების მხრიდან ვაკვირდებით შალვა შავგულიძესთან მიმართებაში, ეს სრული ცინიზმია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნებისმიერი საზოგადო მოღვაწე ოპონირებს მოქმედ ხელისუფლებასთან და თუ ამ ბრძოლაში მის გვერდით ვინმე, ხელისუფლების აზრით, დამნაშავე აღმოჩნდა, ეს ოპოზიციის ამ კანდიდატის პრობლემა კი არ არის, არამედ ხელისუფლების იმპოტენციის პრობლემაა. თუ ხელისუფლება თვლის, რომ ვიღაც დამნაშავეა, მაშინ ის ციხეში უნდა იჯდეს. ხოლო თუ ამის თავი არ აქვს და ხელს სხვისკენ იშვერს, რომ დამნაშავის გვერდზე როგორ დადგაო, რანაირად შეიძლება ხელისუფლება ასეთ რაღაცას ლაპარაკობდეს?! მით უმეტეს იმ ადამიანების პირით, რომლებიც თვითონ იყვნენ იმ დანაშაულის თანამონაწილეები, რა დანაშაულზეც ხელისუფლება ლაპარაკობს. ხელისუფლებამ სრულ აბსურდამდე დაიყვანა თავისი რიტორიკა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ელიტა სულ ამ ხაფანგშია გაბმული და აქიდან ვერ გამოდის. ხელისუფლების ბრალდებები, აბსურდია, თუმცა ამით პატარა, არაპროფესიონალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კომპლექსს უჩენენ და მერე ჩვენ ვხედავთ ამ კომპლექსების რეალიზაციას და მეტს არაფერს”, - დაასკვნის გი ხუხაშვილი, რომლის თქმით, მეორე ტურში ძირითადად გადამწყვეტი რესურსებია და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს უპირატესობა, მაგრამ სიურპრიზებს არ გამორიცხავს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 856 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.