ამ გვერდის ამობედვა

არსებობს თუ არა რისკი, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს?!

„ირლანდიაში ვაპირებდით წასვლას მე და ჩემი მეუღლე სამუშაოდ, შვედეთიდან გვინდოდა გადასვლა, სადაც ჩვენი დაკავება მოხდა, საბუთების გამო შეგვექმნა პრობლემა. შვედეთში 4 დღე დაგვაკავეს, თუმცა ცუდად არავინ გვექცეოდა. შემდეგ დეპორტი ჩაგვირტყეს და 3 წელი შვედეთში ვეღარ შევალთ,“- (FirstNews.ge – ს წყარო).

ამ და სხვა ისტორიებს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ხშირად მოისმენთ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გვიმტკიცებს, ქვეყნიდან მაინც ხდება მოსახლეობის გადინება. მთავარი მიზეზი კი ფინანსური სიდუხჭირეა. მოსახლეობის უმეტესობა, ძირითადად კი ქალები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ მიდიან და აღარ ბრუნდებიან.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით  ქვეყნიდან 10 783 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე საცხოვრებლად ჩამოვიდა.  ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

 

ჩნდება კითხვა - საქართველოს მოქალაქეების შეცდომამ შესაძლებელია,რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება გამოიწვიოს?

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1992 წლიდან იწყება. ეს თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი ურთიერთობები კი 2003 წლიდან უფრო ინტენსიური ხდება, როცა საქართველო აქტიურად იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი  2014 წლის 27 ივნისიდან დაიწყო, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამის ნაწილში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უვიზო რეჟიმის შემოღებას. უნდა აღინიშნოს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში დამოუკიდებელი პროცესია და საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს. სამწუხაროდ,  ამ კეთილგანწყობამ გვაწყინა, ის რაც გვიბოძეს არც თუ ისე კარგად გამოვიყენეთ და ახლა სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ.

 

უვიზო მიმოსვლით გაიზარდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. მკვეთრად იმატა  საქართველოს მოქალაქეების მიერ ბოლო დროს ჩადენილმა დანაშაულებებმა ევროპის ქვეყნებში. ქუთაისის აეროპორტში არსებული ფრენების დაბალმა საფასურმა გაზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც არღვევენ უვიზო მიმოსვლის წესებს და აღარ ბრუნდებიან საქართველოში.

 

არსებობს თუ არა რისკი, რომ საქართველომ  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს და გააფუჭოს ის ისტორიული მონაპოვარი რომელიც 1992 წლიდან მოგვყვება?

ემუქრება თუ არა ამით საფრთხე საქართველოს, რომ არ მოხდეს მისი ევროკავშირში გაწევრიანების გადავადება? ( ან უარი?)

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრიმა, თეა წულუკიანმაც კი განაცხადა. მისი თქმითევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა.

ნუ გავწირავთ უდიდეს მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

სახელმწიფოს არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის მოსახლეობა მაინც ცდილობს საზღვარგარეთ გასვლას. FirstNews.ge- მოიძია ასეთი ადამიანები ქუთაისში. პიროვნების იდენტიფიკაციის გამო რესპონდენტებმა საკუთარი სახელისა და გვარის გამხელა სტატიაში არ ისურვეს.

 

45 წლის ქალბატონი

„მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვმუშაობდი და მქონდა საყვარელი საქმე, ამის გარდა დამატებით სამსახურსაც ვითავსებდი ხოლმე, რომ  სხვა შემოსავალიც მქონოდა. ვაკეთებდი 5-6 ადამიანის საქმეს, რომ ოჯახში ფუნანსურად კარგად ვყოფილიყავით. მაგრამ ოჯახი ბევრ რამეს მოითხოვს და ეს არ არის საკმარისი. ბავშვები სწავლობენ და მთელი ჩემი რესურსი მათ განათლებაშია ჩადებული. გოგონა მე-3 კურსზეა, ვაჟი - აბიტურიენტია. ვიცი, რომ თუ კი გოგონა დანაზოგებს აკეთებდა და პლუს სტიპენდიანტია, ასე ვერ იქნება ვაჟის შემთხვევაში, რამდენად კარგი სტუდენტიც არ უნდა იყოს.

მე უკვე გათავისებული მაქვს რომ „ვერ მეყოფა“, არ კი არა, ვერ მეყოფა ეს შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეც მუშაობს და ოჯახში სტაბილური შემოსავალი გვაქვს. ვაპირებ ევროპის რომელიმე ქვეყანაში რამდენიმე თვით წავიდე.

მიუხედავად ჩემი სტატუსისა ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ ყველაგან ვიმუშავებ. იმისათვის, რომ შევინარჩუნო ფინანსური სტაბილურობა და დავიცვა ჩემი მეუღლისა და ბავშვების ნერვები, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო. ვფიქრობ, აქეთაც არ დამეკარგება სამსახური და ჩემი აქცენტი და გზა სწორად იქნება განსაზღვრული.

მინიმუმისთვის მივდივარ. მე მიყვარს ჩემი სახლი და ოჯახი, ამიტომ ვერ გადავიტან მათგან შორს ყოფნას. და თუ რამდენიმე თვეში იქიდან ჩამოვიტან იმ თანხას, რომ პირიქით გააძლიერებს ჩემს ოჯახს, ყველაფერს შევძლებ. ჩემზე წინ წავიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ჩემზე მეტი ხელფასი. მიატოვეს სტაბილური ხელფასი და წავიდენენ. მათ ვისაც აქ 1200 ჰქონდათ ხელფასი, იქ 1000 ევრო აქვთ და პლუს დანამატები.“

 

23 წლის გოგონა

„მინდოდა, რომ  სტაბილური სამსახური მქონოდა, თუმცა დღეს საქართველოში, ჩვენს რეგიონში, ქუთაისში ვერ ხდება ჩემი პრიფესიით დასაქმება, რადგან ბევრი ჩემი მეგობარი  უცხოეთში წავიდა.  გაჭირვების მიუხედავად რჩებიან იქ და აქეთ არ ბრუნდებიან. თავის თავს უცხო ქვეყანაში პოულობენ. მეც გამიჩნდა ეს სურვილი. ამ სურვილის ასრულებაში დამეხმარა ის, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში იოლად ხდება ამის მოგვარება, ასევე ქუთაისში არის აეროპორტი, საიდანაც მგზავრობა შედარებით ხელსაყრელია, არამარტო ტერიტორიულად, არამედ თანხობრივადაც, ბილეთები შედარებით იაფია. რატომაც არა, იქ, სადაც ვერ ვმუშაობ და არ შეიძლება გაჩერება სხვის იმედად, მოდი მოვსინჯავ ჩემს შესაძლებლობეს უცხო ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა რომ თავშესაფართა მაძიებლებისთვის გართულდა პირობები და ამის შეზღუდვა არის, მეგობრები მარწმუნებენ, რომ შეიძლება იქ 1-2 თვე უმუშევრად ვიყო, მაგრამ ვფიქრობ,  მაქვს შანსი.  ამიტომაც აქ ლოდინს მირჩევნია, წავიდე იქ და გავრისკო.“

 

როგორც ჩვენმა რესპონდეტნა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ქუთაისის აეროპორტში ხელმისაწვდომი ფასებია, ამის დახმარებით ადვილად შეიძლება ევროპის ქვეყნებში გასვლა. ქუთისის აეროპოტის,  2019 წლის მაისის მონაცემებით, აეროპორტი 64 312 მგზავრს მოემსახურა, რაც  22 % -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

382145805387694 930515054204289024 n

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ეს პროცესები შეჩერდეს/მოგვარდეს?  როგორ უნდა დაუპირისპირდეს ამ პრობლემებს სახელმწიფო? როგორ უნდა შემცირდეს თავშესაფართა მაძიებლების რიცხვი? 

სასწორზე ჩვენი, თითოეულის მომავალი დევს...

ამ საკითხებზე FirstNews.ge- პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ესაუბრა.

- არსებობს თუ არა რისკი, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს და გააფუჭოს ის ისტორიული ნაწილი რომელიც 1992 წლიდან მოგვყვება?

- უვიზო რეჟიმის, უფრო სწორად კი ლიბერალური სავიზო რეჟიმის (ვიზა-ლიბერალიზაციის) გაუქმების რისკი თეორიულად ყოველთვის არსებობს, მთავარია, რომ საქმე ისეთ მდგომარეობამდე არ მივიდეს (ჩვენ არ უნდა მივიყვანოთ), რომ ევროკავშირი იძულებული გახდეს მის გაუქმებაზე (ან შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე) იფიქროს. გავიხსენოთ 2018 წლის მარტში შექმნილი ვითარება, როცა გერმანიის მთავრობა (შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე) სერიოზულად ფიქრობდა ევროპის კომისიაში საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დაეყენებინა (იმატა გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილმა სამართალდარღვევებმა, სულ უფრო მეტი მოქალაქე მიმართავდა პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიზნით). ასევე გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავდა საფრანგეთის ხელისუფლებაც, მაგრამ, შეიძლება ითქვას, გადავრჩით. რასაკვირველია, საქართველოს მთავრობამაც შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, კანონები გაამკაცრა, გააძლიერა ახსნა-განმარტებითი მუშაობა, რეადმისიის პროცესიც გააქტიურდა... შედეგი უკვე აშკარაა: უვიზო რეჟიმის შეჩერების და მით უმეტეს, გაუქმების რისკები დღეს შემცირებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავი თვითკმაყოფილად ვიგრძნოთ. არ არის გამორიცხული, რომ როგორც კი უვიზო წესების დამრღვევთა რაოდენობა კრიტიკულ დონეს მიაღწევს, კვლავ დადგეს დღის წესრიგში ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი.

 

- ემუქრება თუ არა ამით საფრთხე საქართველოს, რომ არ მოხდეს მისი ევროკავშირში გაწევრიანების გადავადება?

- რადგანაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჯერ მხოლოდ იდეისა და სურვილის დონეზეა, რადგანაც ჯერ ჩვენი მიღების საკითხი არ დგას და არავინ იცის, მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში უახლოეს პერსპექტივაში, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ უვიზო რეჟიმის დარღვევით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გადავადება ემუქრება. ჯერ თარიღი მიახლოებით მაინც უნდა იყოს ცნობილი, რომ ის გადავადდეს. საერთოდ კი, რასაკვირველია, ნეგატიური რეპუტაციის მქონე სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანება გაუჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ „თამაშის წესები“ არ დავარღვიოთ.

 

- როგორ ფიქრობთ რაშია გამოსავალი? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ არსებული პრობლემა მოაგვაროს?

- ზემოთ უკვე ვთქვი, რომ საქართველოს მთავრობამ უვიზო რეჟიმის დამრღვევების მიმართ რიგი ღონისძიებები და ზომები გაატარა. თუმცა ამ მიმართულებით თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც იღებენ ზომებს. მაგალითად, არსებობს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი, რომელსაც იმ ქვეყანას ანიჭებენ, სადაც დემოკრატიული მმართველობაა, ადამიანის ძირითადი უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი საქართველოს უკვე მინიჭებული აქვს ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში. თუ არ ვცდები, ამ ორიოდე დღის წინათ კვიპროსმაც იგივე გააკეთა. ანუ საქართველოს მოქალაქეები თუ თავშესაფრის მიღების მიზნით ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს მიმართავენ, დიდი რისკია, რომ მათ განცხადებებს გამარტივებული წესით განიხილავენ და უარს ეტყვიან - თქვენ უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, თავშესაფარი არ გეკუთვნით და აქ ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ უმჯობესია სამშობლოში დაბრუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით გაგაძევებთო, - განაცხადა ჩვენთან საუბარში სიმონ კილაძემ.

 

უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ბოლო ხანებში დიდი პრობლემები აქვს ასევე ალბანეთს. პოლიტიკური ექსპერტების პროგნოზები კი ასეთია:

"საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ჰოლანდიის მიერ დაყენებული წინადადება. თუ ჰოლანდიის ეს წინადადება დაკმაყოფილდება, მაშინ მეორე ქვეყანა, რომელიც ამ თემაზე მოიაზრება, ყველა ვარიანტში საქართველოა და გამორიცხული არ არის, რომ ალბანეთის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საქართველოს საკითხიც დადგება,"- აცხადებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში.

 

აღნიშნულ საკითხს Firstnews.ge -თან საუბარში  გამოეხმაურა ჩეხეთის, მასარიკის უნივერსიტეტის ექსპერტი პეტრა კუჩინკოვა:

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც მე ვფლობ საჯარო (მაგ. https://www.schengenvisainfo.com/)  თუ პირადი წყაროებიდან, ბოლო რამდენიმე თვეა ევროკავშირის წარმომადგენლები გამოხატავენ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთებას, რომ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენება ხდება (მაგ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოსაპოვებლად ან არალეგალური მუშაობისთვის). მხოლოდ საქართველო არ დგას ამ პრობლემის წინაშე, შეგვიძლია სხვა ქვეყნების, თუნდაც ალბანეთის მაგალითიც მოვიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს აქვთ უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა დაარღვევს შეთანხმებას, ჩემს პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს შემთხვევაში ეს საკითხი ჯერჯერობით არც ისე მწვავედ დგას.  მაგალითად, ახლა ევროკავშირი არ გეგმავს დაუყოვნებლივ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მისთვის. მეორე მხრივ, პრობლემები არსებობს. საქართველოს წარმომადგენლებს ევროკავშირი სთხოვს, რომ მიიღონ ზომები ამ საკითხის გადასაჭრელად. საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით საფრთხე მწვავედ არ დგას, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლები თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან, რომ შეძლონ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პროებლემის გადაჭრა.“

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - მაგ. ალბანეთი - ამ შემთხვეაში უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რადგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გამო ევროკავშირი მათ დარღვევებს უფრო მკაცრად უდგება.

„საქართველოს არ აქვს ეს სტატუსი. ის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანაა და შესაძლოა მისი პრობლემების განხილვისას ევროკავშირი უფრო კეთილგანწყობილი იყოს. მეორე მხრივ, თუ საქართველოს სერიოზულად სურს ამ სტატუსის მოპოვება, უნდა მოერიდოს ასეთი ტიპის დარღვევებს და გადადგას საჭირო ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში პეტრა კუჩინკოვამ.

 

FirstNews.ge დაინტერესდა, თუ  რას ფიქრობენ საოზგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით.

 

იაგორ ბალანჩივაძე - ფსიქოლოგი

- საფრთხე ნამდვილად არის. ფსიქოლოგიურად ადამიანი ფიქრობს საკუთარ "მე"-ზე, შეაბამისად ყოველთვის ეცდება გავიდეს ქვეყნიდან და გადაარჩინოს საკუთარი თავი და ოჯახი. მან კარგად იცის, რომ შეიძლება უვიზო მიმოსვლა შეწყდეს, მაგრამ მთავარია მისი თავი და ოჯახი. ამჟამად არის მოსწრებაზე,რომ ფინანსურ სიდუხჭირეს თავი დააღწიოს და ქვეყნიდან გაასწროს. ასევე, ამას, კონკრეტულად კი იმერეთის მოსახლეობას, ხელს უწყობს ქუთაისში არსებული აეროპორტი, რომელსაც ხელმისაწვდომი ფასები აქვს. ადამიანებიც უფრო რისკავენ და ქვეყნიდან გადიან. 

 

ედმონდ მინაშვილი -რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროდიუსერი

- ამ სტატისტიკიდან გამიმდინარე, ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე ემუქრება. ეს იქნება საშინელება თუ ასე მოხდა. ამის წარმოდგენაც კი არ მინდა, რადგან როგორც არასდროს, ისე ვართ ახლა ევროპასთან ახლოს და გვიჩნდება შანსები, რომ მომავალში გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წვრები რასაც ევროპა ჰქვია, რასაც უდიდესი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენ ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნით. მარტო ხელისუფალი ვერ გახდება ვერაფერს, ჩვენ მოსახლეობამ, უფრო მეტად უნდა გავიაზროთ ის საფრთხეები, რაც ჩვენს თავს შეიძლება მოხდეს. თუ  დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას ეს იქნება კატასტროფა და მერე მართლა არ უნდა ვიწუწუნოთ რამეზე. რეფორმები ჯერ, პირველ რიგში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავატაროთ საკუთარ თავებში, ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ უფრო პრაგმატულად და სახელმწიფოებრივად. თვითრეფორმა გვჭირდება ყველას და კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენი როლი და ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, დავუსვათ კითხვები საკუთარ თავებს, რას ვაკეთებთ ჩვენ სასიკეთოს ქვეყნისთვის, ვდებთ კი იმ ერთ თუ ნახევარ აგურს კედლის ასაშენებლად? თუ არა, მაშინ ხელს მაინც ნუ ვუშლით, ესეც დიდი საქმე იქნება...

ნათია ბეგლარაშვილი - მარკეტინგის მენეჯერი

- აღნიშნული საკითხი ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანია დღეის მდგომარეობით. ერთია ის, რომ მეზობელ ქვეყნებში სტუმრობა გაადვილდა და ქვეყანას მიენიჭა პრიორიტეტი, რომ თავი იგრძნოს ევროპის ქვეყნების მეგობრად, თუმცა თუ ჩვენი დღევანდელი მძიმე სოციალური პირობების კუთხიდან შევხედავთ, მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში ბოროტად იყენებენ უცხოეთში ვიზიტს და რაც ხდება ყველასთვის ნაცნობია. პირადად ვარ შემსწრე ფაქტის, ახალგაზრდისგან, რომლებიც წინასწარ გათვლილი გეგმებით სტუმრობენ მეზობელ ქვეყნებს, რომ არაკეთილსინდისიერად მოიპოვონ შემოსავალი, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევებით ილახება ქვეყნის იმიჯი. გამოსავალს ვხედავ ისევ ქვეყნის შიგნით, ეს არის ელემენტარული საციცოცხლო პირობების გაუმჯობესება, რომ მოქალაქეებმა არსებობისთვის ასეთ გზებს არ მიმართონ, რა თქმა უნდა მეტად საყურადღებოა კონკრეტული მიზანი და მუდმივი კონტროლი თუ რატომ სტუმრობს მოაალაქე სხვადასხვა ქვეყნებს.

 

სტატია მომზადდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის - “ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 3139 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2019