“ფოთის პორტზე ჩინურ-რუსული ინტერესები იკვეთება” - ვახტანგ მაისაია

“ ბახტაძესთან შეხვედრაზე პომპეოს მხრიდან ძალიან საინტერესო კონტექსტი იყო.

როგორც ჩანს, აქ საუბარია ფოთის პორტზე, სადაც ჩინურ-რუსული ინტერესები იკვეთებოდა და ანაკლიის პორტის შეჩერება ხდებოდა. საერთოდ, ჩინელები ინტერესდებიან ღრმაწყლოვანი პორტებით. მათ გააჩნიათ ასეთი პორტების შეძენის დიდი გამოცდილება. ახლახალ ჩინელებმა იტალიაში შეიძინეს ვენეციის პორტი. ღრმაწყლოვანი პორტი ჩინელებს აქვთ პაკისტანსა და შრი-ლანკაში. ბანგლადეშში ჩადეს ინვესტია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაში. როგორც ჩანს, ჩინეთს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტები, რათა განახორციელოს თავისი 400 მილიარდ დოლარიანი პროექტი “ერთი გაზა ერთი სარტყელი”, -აცხადებს ექპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ მაისაია: “ფოთის პორტზე ჩინურ-რუსული ინტერესები იკვეთება” / “ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოში რუსული კაპიტალის გაზრდაც არ გამოეპარა. ახლა უკვე აქცენტი რუსულ-ჩინურ გაეთიანებულ პოტენციალზე გაკეთდა, რაც ახალი ფენომენია ჩვენ რეალობაში”.

 

“ეს პროექტი გეოსტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ეს საკითხი ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩანს, ჩინელები დაინტერესებული არიან ფოთის პორტის განვითარებით. ისინი ასევე მოლაპარაკებას აწარმოებენ ბულგარელებთან და რუმინელებთან, საბერძნეთთან, მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ თურქეთთან. ფაქტობრივად დაინტერესებული არიან ხმელთაშუა ზღვა-შავისზღვისპირეთი-კასპიის ზღვის ერთიანი პორტების ხელში ჩაგდებით. ამ კუთხით ჩინეთი ძალიან დიდი კაპიტალიზაციის მნიშვნელოვან ეტაპზე გადის… მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი წარმატებული იყო. ასევე ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩინეთს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, გმობს სეპარატისტულ მოძრაობებს. ჩვენს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია ჩვენთან ჩინეთიდან შემოდის. ასევე ჩინეთში ჩვენი იმპორტი საკმაოდ მძლავრი სტიმულია. საქართველოში მეტია ჩინური ინვესტიციები, ვიდრე სხვა ქვეყნების, მათ შორის იგივე ამერიკის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია და შეკითხვაზე – “ჩინეთის ინტერესები ღრმაწყლოვან პორტებთან დაკავშირებით გასაგებია, მაგრამ რუსეთის ინტერესები პომპეომ რაში ამოიკითხა?” – პასუხობს:

 

“როგორც ჩანს, აქ საუბარია “როსნეფტის” შემოსვლის მცდელობაზე, რომელიც დაინტერესებულია ანალოგიური პროექტების განხორციელებით – რუსეთს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება, სავაჭრო ტერმინალები, ტვირთბრუნვების მოცულობის გაზრდა და გამოყენება საპორტო კომუნიკაციებისთვის. ქართული პორტები იმით განსხვავდება რუსული პორტებისგან, რომ მთელი წლის განმავლობაში, 24 საათი მუშაობენ. რუსული პორტები კი 6 თვით იყინება და გაჩერებულია. ამ კუთხით ქართული პორტები რუსეთისთვის მიმზიდველია. როგორც ჩანს, ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოში რუსული კაპიტალის გაზრდაც არ გამოეპარა - ახლა უკვე აქცენტი რუსულ-ჩინურ გაერთიანებულ პოტენციალზე გაკეთდა, რაც ახალი ფენომენია ჩვენს რეალობაში”.

 

“ჩვენთან ბოლომდე არ ჰქონდათ აღქმული ამ ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, ტენდენცია, სადაც ევრაზიული მსოფლიო წესრიგის ელემენტები ჩნდება ამერიკული ლიბერალური მსოფლიო წესრიგის საპირისპიროდ. უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ახალი ცივი ომი დაიწყო ევრაზიული გავლენის ცენტრსა და ატლანტიკურ ცენტრს შორის. ეს ჩვენთან ეტყობა ნაკლებად იყო აღქმული და შეცნობილი - ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის ადმინისტრაციამ მოიყვანა აზრზე... როგორც ჩანს, ამერიკელები ეწინააღმდეგებიან საკონტინენტშორისო მაგისტრალის მშენებლობასაც - ამერიკელები აპირებენ ჩრდილოეთ-სამხრეთის ანალოგიური სავაჭრო მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც მოიცავს ბალტიის ზღვის აკვატორიას, შავი ზღვის აკვატორიასა და სპარსეთის ყურის აკვატორიას. საქართველოში ამ პროექტის შესახებ საერთოდ არ იციან – ახლახან ვიყავი ევროპაში, სადაც ამაზე იყო საუბარი. ეს იქნება ახალი დერეფანი, ფაქტობრივად ჩინეთ-რუსეთის ახალი აბრეშუმის გზის საპირისპირო. ჩანს ამ ორი პროექტის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე. საქართველო ამ პროექტში, რა თქმა უნდა, გათვალისწიმებული იქმება – ამერიკული კონსორციუმის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესება შემთხვევითი არ არის. პომპეოს მოწოდება კეთილის სურვილების კონტექსტში იყო ნათქვამი, მაგრამ რეალურად ამერიკის სიგნალური დიპლომატიის მთავარი მესიჯი შეიძლება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იყოს”, - დაასკვნის ექსპერტი.

წაკითხვა 633 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.