საქართველოს მიერ ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო — აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ ამერიკის ხმასთან 20 ივნისის აქციის დაშლისა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ის მომხდარს შეცდომად აფასებს. კორტნი ამბობს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. მისივე თქმით, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება მოხდა.

 

"გულწრფელად გითხრათ, საქართველოს პარლამენტის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. პარლამენტების უმრავლესობა მსგავს გარეშე ღონისძიებას არ დაუშვებდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მსმენია. რაც შეეხება პარლამენტის სპიკერის გადადგომას, თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მთავრობა ცვლილებებისთვის მზად არ იყო. თუმცა, შემდეგ, აქციის მონაწილეების და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის გათვალისწინებით, მთავრობამ რიგ დათმობებზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი იყო. ხელისუფლებამ ასევე უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ [აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ] იმაზე მეტი ძალა გამოიყენა, ვიდრე ეს მოცემულ მომენტში საჭირო უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს. ის შეამცირებდა როგორც საკამათო საკითხებზე პოლარიზაციას, ასევე მომავალში — საპროტესტო აქციების ძალადობრივი ხასიათის რისკებს", — ამბობს კორტნი.

კორტნი საუბრობს, ასევე, საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლაზე და ხაზს უსვამს, რომ მთავრობას ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციებზე საკუთარი მოვალეობის შესრულება სასიცოცხლო რისკების გარეშე შეეძლოთ. როცა ძალადობას აქვს ადგილი, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება. მათ საგანგებო ზომები უნდა მიიღონ, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ", — თქვა მან.

20 მაისის აქცია

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

on.ge

წაკითხვა 120 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.