"ადამიანები, რომლებსაც 2004-2009 წლებში ბრალი მიუძღოდათ დანაშაულებში, სახელმწიფო სტრუქტურებში დარჩნენ"

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საზოგადოებაში იყო საუბარი, რომ პოლიცია, უშიშროების სამსახურები, პროკურატურა, სასამართლო არ იწმინდებოდა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირდაპირ ბრალი მიუძღოდათ იმ დანაშაულებში, რომელიც ჩაიდინეს 2004-2009 წლებში.

სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების უმრავლესობა შენარჩუნდა ამ სტრუქტურებში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის დაშლისას სამართალდამცველების მოქმედება ძალიან დაემსგავსა წინა ხელისუფლების პოლიციელების მოქმედებას.

 

კობა ნარჩემაშვილის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რიგით პოლიციელებზე გადატყდეს ჯოხი და საშუალო, მაღალი და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

 

„რაც შეეხება იმ რეალობას, რომელიც მივიღეთ – ღრმად მჯერა, რომ ის მოცემულობა, რომელიც შექმნილია, სამწუხაროდ, ნებით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ გაუთვითცნობიერებულად არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, რადგან მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მთელი შვიდი წლის განმავლობაში აირჩია უკიდურესად დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმის კეთების გარდა, რასაც აკეთებს არა მარტო შვიდი, არამედ ბოლო 16-17 წელიწადი, არაფერი იცის. ამის შესახებ თქვენ გქონდათ წინ გადაშლილი წიგნი, რომლის წაკითხვაც შეგეძლოთ. ამის მიუხედავად, ეს პოლიტიკური ძალა შენარჩუნდა მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად და მან თავის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ძალიან წარმატებულად მოახერხა, რომ დღეს ძალიან გაგიჭირდებათ მათ შეედავოთ იმ დიდ ბოროტებაზე, რასაც ერქვა 7 ნოემბერი და 26 მაისი. მაქსიმალურად შეუწყვეთ საკუთარი თავის გაშავებას და ამ უკიდურესად დესტრუქციული ძალის გათეთრებას.

რაც შეეხება პოლიციასთან დაკავშირებულ საკითხს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, საზოგადოების ნაწილი საუბრობდა, რომ პოლიცია, უშიშროების სამსახურები, პროკურატურა, სასამართლო არ იწმინდებოდა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირდაპირ ბრალი მიუძღოდათ იმ დანაშაულებში, რომელიც ჩაიდინეს 2004-2009 წლებში. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების უმრავლესობა შენარჩუნდა სახელმწიფო სტრუქტურებში. საბოლოო ჯამში, 01:30 საათის შემდეგ მათი მოქმედება ძალიან დაემსგავსა წინა ხელისუფლების პოლიციელების მოქმედებას, რადგან უბრალოდ სხვა რამის გაკეთება არ იცოდნენ, გარდა იმისა, რაც გააკეთეს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ცვლილება და რეფორმა, რომელიც გასაღდა რაღაც მიღწევად ამ სტრუქტურებში, იყო ფასადური ხასიათის და შინაარსობრივ, ღრმა ცვლილება ამ ორგანიზაციებს არ განუცდიათ. 21 ივნისის ღამეში დავინახე არა მარტო დესტრუქციული მოქმედებები, არამედ საბოტაჟის ნიშნები, დავინახე, რომ ამ ადამიანებმა სხვანაირად მოქმედება არ იციან. კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია, რიგით პოლიციელებზე გადატყდეს ჯოხი და საშუალო, მაღალი და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ ხდება მარტო ხელისუფლებების გადასარჩენად ან ხელისუფლებაში დასარჩენად, ეს ხდება ინსტიტუციების გადასარჩენად. ნუ გავაკეთებთ პოლიციელების დემორალიზებას“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

 

​ამასთან, დეპუტატის თქმით, მზად არის, დაიცვას ყველა ის პოლიციელი, რომელიც გადაწყვეტს, რომ უსამართლოდ ექცევიან და შესაძლებელია, ბრალს სდებენ ისეთ მოქმედებაში, რომელიც მას არ ჩაუდენია.

 

„მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რა სახის ინფორმაციები გააჩნდათ უშიშროების, შს სამინისტროს და სხვა ორგანოებს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც განვითარდა. ასეთი პროცესები ასე სწრაფად არ ვითარდება ქვეყანაში. მართლა მნიშვნელოვანია, ჩვენს ორგანოებს ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუ არ ჰქონდათ“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

წაკითხვა 955 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.