March 29, 2024

ორი კომიტეტის წევრებმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირეს

პარლამენტის 2 კომიტეტის გაერთიანების სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა.

 

აღნიშნულ საკითზე მომხსენებლები იყვნენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე რევაზ ბაღაშვილი და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.

 

საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა საკითხს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. უფრო ზუსტად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6-მა წევრმა პროკურატურისთვის მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემას მხარი დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგ წავიდა. რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტს, მისმა 9 წევრმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე თითქმის 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

 

საკითხი დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

 

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

 

გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი.

 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

 

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

წაკითხვა 589 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.