“გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ” – აკაკი ბობოხიძის ამ განცხადებას აფხაზეთში ისტერიკა მოჰყვა

“მორიგი ანტიქართული და ამავდროულად რუსეთის მხარდამჭერი ისტერიკაა ატეხილი ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ივნისის გავრილოვის სკანდალის შემდეგ და ამჯერად სეპარატისტული ხელისუფლების საგანგებო სამიზნე ქართველი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე გახდა, რომლის მიმართაც სს საქმის აღძვრას აანონსებენ, ასევე მოსკოვს მიმართავენ, რომ ქართველ პარლამენტარზე საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადოს.

“გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ” – “ევროპული საქართველოს” წევრმა ამ სიტყვებით პარლამენტში რუს დელეგაციას 20 ივნისს მიმართა და სწორედ ამის გამოა დიდი აღშფოთებაა ატეხილი ოკუპირებულ სოხუმშიც და ამის გამო ბობოხიძის დასჯას ასევე ითხოვს თავად რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში მოწვევისა და პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის გამო დაიწყო მთელი სკანდალიც", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით “გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ” - ქართველი პოლიტიკოსის ამ განცხადებას აფხაზეთში ისტერიკა მოჰყვა.

 


“აკაკი ბობოხიძემ ეს ფრაზა მეორე დღესვე განმარტა. თქვა, რომ ის 1992-93 წლებში აფხაზეთში ომობდა და მან აფხაზეთის ომში არა აფხაზების, არამედ რუსების მკვლელობა იგულისხმა. “რუსები თუ დაიღუპნენ, დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხვირი შემოყვეს იქ, სადაც არ ესაქმებოდათ. არანაირი წუხილი არ მაქვს და არც მომავალში მექნება, ჩემ მიერ გასროლილი ტყვიით მოკვდა რუსი თუ არა. სწორედ ეს ვუთხარი რუსებს”, - განაცხადა ბობოხიძემ. მისი ამ განცხადების შემდეგაც არ შეწყვეტილა აფხაზეთში აღფშოთებული განცხადებები და ეს საკითხი დიდ განხილვის საგანი გახდა დე ფაქტო პარლამენტში. აფხაზმა ე.წ. დეპუტატმა დმიტრი დბარმა დააყენა საკითხი, რომ აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ ქართველი დეპუტატის წინააღმდეგ სს საქმე აღძრას. “გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ”, მან ეს თქვა მთელი მსოფლიოს გასაგონად. აფხაზეთის პრეზიდენტს, გენპროკურატურას მივმართავ, დაიწყოს სს საქმის აღძვრა ამ ადამიანზე. სთხოვეთ ჩვენს რუს კოლეგებს ის საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადონ”, - განაცხადა დბარმა. მის ინიციატივას ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა. აქვე, დმიტრი დბარმა თბილისში აქციების დასრულებამდე, “რუსეთის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების მიზნით”, - ენგურის გამშვები პუნქტის დახურვა მოითხოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


“დბარის თქმით, თუ “აფხაზეთი” რეაგირებას არ მოახდენს ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებზე, მაშინ მომავალში ბევრად მეტის უფლებას მისცემენ თავს. განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ნათქვამია, რომ აკაკი ბობოხიძემ “შეურაცხმყოფელი რეპლიკა წამოიყვირა, რომელშიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობი აღიარა”. დე ფაქტო უწყებაში აღნიშნვენ, რომ ოფიციალური პირის მიერ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მსგავსი ცინიკური განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში სამართლიან შეშფოთებას იწვევს და “მსგავსი განცხადება სამართლებრივი შედეგების გარეშე არ ჩაივლის იმ ადამიანისთვის, ვინც ღიად საუბრობს თავის სამხედრო დანაშაულებებზე”. სოხუმი იმუქრება, რომ ამ განცხადებას ჟენევის ფორმატში დააყენებენ და რომ ქართველი დეპუტატის სს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. პარალელურად, ბობოხიძე საგანგებო სამიზნეა მოსკოვისთვისაც. ბობოხიძის დასჯას ითხოვს რუსთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში მოწვევისა და პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის გამო დაიწყო მთელი სკანდალიც”, - განაგრძობს გამოცემა.

 


“გავრილოვის მიერ სესიის წაყვანის გამო დაწყებულ პროტესტისას წევრმა აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მისამართით თქვა, რომ “აფხაზეთში გხოცავდით და კიდევ დაგხოცავთ” და შეეცადა წყალი შეესხა გავრილოვისთვის. სწორედ მისი ამ განცხადების გამო მოსკოვში დაბრუნებულმა გავრილოვმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქართველი დეპუტატი მას მოკვლით ემუქრებოდა და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. მოსკოვში გაკეთდა განცხადებები, რომ რუსულმა მხარემ საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას, სადაც უნდა გამოვლინდეს, თუ ვინ უნდა დაისაჯოს რუსეთის დელეგაციის შეურაცხყოფისა და “მოკვლის მუქარის” გამო. “ექსპერტთა კლუბის” წევრი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთში არჩევნებია მოახლოებული და ახლა ყველა ცდილობს, წარმოაჩინოს ტავი აფხაზური ინტერესების მებრძოლად. ასევე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბობოხიძეზე ხმაურის ატეხვა აფხაზებს მოსკოვიდანაც უკარნახეს, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მოსკოვის განსაკუთრებული სამიზნე გახდა”., დასძენს გამოცემა.

 


“აფხაზეთში ამ ხმაურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გინდაც ბიბოხიძისთვის და გინდაც ქართული პოლიტუკისთვის. ახლა ამ თემას საარჩევნოდ დაიხვევს ხაჯიმბა, როგორც რაღაც პლუსს, იქ ანტიქართული რიტორიკა არჩევნებზე კარგად მუშაობს. რაც შეეხება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამოძიებას, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ რუსები დაამტკიცებენ რომ ბობოხიძე მართლა იბრძოდა და მისი მსხვერპლი გახდნენ რუსეთის მოქალაქეები იმიტომ, რომ ეს იქნება პირდაპირი ფაქტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და აგრესიის და ეს პირდაპირ ჰააგის ტრიბუნალისთვის იქნება ფაქტი, ამიტომ თუ ამას მოიძიებენ, ეს უკეთესი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის”, - დაასკვნის ირაკლი ცქიტიშვილი.

წაკითხვა 943 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.