რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას

"კრემლიდან და რუსული სახელისუფლებო მედიიდან არ წყდება პროპაგანდისტული ისტერია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა საფრთხის შემცველია და რომ საქართველოში არიან „ექსტრემისტული ჯგუფები", რომლებიც რუსოფობიურ განწყობებს აღვივებენ. ამის პარალელურად, ჩნდება შეფასებები და ვერსიები, რა მიზანი ჰქონდა მოსკოვს, როცა რუსი ტურისტების ქართველი „ექსტრემისტებით" დაშინებაზე ააგო მთელი პროპაგანდა.

საუბარია იმაზე, რომ მოსკოვს საქართველოსთან ბევრი პრეტენზია დაუგროვდა, თუნდაც ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნატო-ს წვრთნები და ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებაზე მუდმივი საუბრები აშშ-დან, თუნდაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის პროვოკაციული ქმედების საჯაროდ გაპროტესტება. რუსულ მედიაში ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ კრემლმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ვერა და ვერ შეძლო რუსი ტურისტების დაინტერესება ყირიმში დასვენებით და ახლა მოსკოვმა რუსი ტურისტების ქართველებით დაშინება და ფრენების აკრძალვა სპეციალურად გააკეთა სწორედ იმის გამო, რომ რუსი ტურისტები საქართველოს ნაცვლად ყირიმში წავიდნენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას

 

"ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ომი ერთგვარი „შოკის ეფექტია". მოსკოვს ეგონა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი საქართველოში მოდუნებული იყო, ასევე ჩათვალა, რომ ეკონომიკურად იმდენადაა საქართველო რუსეთზე დამოკიდებული, რომ მიზანი 90%-ით მიღწეულია და თუკი საქართველოს დააშინებს ეკონომიკური სანქციებით, ეს გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობაც და ხელისუფლებაც რუსეთს დაუთმობს. „რუსეთმა ბოლო 7 წლის განმავლობაში დიდი შრომა გასწია, რომ ქართულ მოსახლეობაში ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი მოედუნებინა და ასევე საქართველო მეტად დამოკიდებული გაეხადა რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ კრემლს ეგონა, რომ მიზანი 90%-ით მიღწეული ჰქონდა, ოკუპაცია აღარ აღელვებს ქართველ ხალს და თუკი ეკონომიკურ სანქციებზე ალაპარაკდებოდა კრემლი, ამით საქართველოს მოსახლეობა დაშინდებოდა და საკუთარ ხელისუფლებას მოსთხოვდა, რუსეთისთვის დაეთმო. თუმცა, ამ ფონზე, ქართველების მიერ რუსი დეპუტატის გავრილოვის მიმართ გამოხატული დამოკიდებულება იყო გარკვეული შოკი კრემლში და ამ შოკის ფონზე მიიღეს ემოციური გადაწყვეტილებები, რომლის შემდეგ უკან დახევა არ გამოსდით და ცდილობენ უფრო გაამწვავონ სიტუაცია,"- ამბობს ცქიტიშვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"მისივე თქმით, რამდენად დააზარალებს რუსული სანქციები საქართველოს, ეს არ ვიცით, თუმცა რუსეთი ამ ომით ვერაფერს მოიგებს, ვერც იმას შეძლებს, რომ ანტიქართული პროპაგანდის გამო საქართველოზე უარის მთქმელი რუსი ტურისტი ყირიმში ჩაიყვანოს. „რაც არ უნდა ია-ვარდები დაუფინონ რუსებს ყირიმში, რუსები იქ არ წავლენ. ერთი, რომ ყირიმში ინფრასტრუქტურა საბჭოთადროინდელია და რუსებს საბჭოთა კავშირში დასვენება არ ხიბლავთ. თანაც, წერენ, რომ ყირიმი ძვირია და მაგ ფასად თურქეთშიც შეიძლება დასვენება. ყირიმის ანესიის პირველ წლებში დიდი პროპაგანდა იყო ატეხილი, რომ რუსებს ყირიმში დაესვენათ და მაშინაც არ გამოუვიდათ ეს," - ამბობს ცქიტიშვილი. რუსეთის ხელისუფლებამ 21 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური ომი გამოეცხადებინა და წინასწარ გაცხადებულია, რომ 8 ივლისიდან ფრენები იკრძალება. ასევე რუსულ მედიაში აქტიურად მიდის პროპაგანდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა სახიფათოა, რუსოფობი „ქართველ ექსტრემისტების"გამო. რუსეთში მოსახლეობის რაღაც ნაწილი ამ პროპაგანდას აჰყვა, ნაწილი კი საქართველოში ჩამოსვლას და დასვენებას მაინც გეგმავს. თავად კრემლის ლიდერებიც აღიარებენ, რომ მათი გაფრთხილების მიუხედავად რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში მაინც ჩადის და მომავალშიც გეგმავს ჩასვლას სხვადასხვა შემოვლითი გზით. ინტერნეტში გაჩნდა კიდეც სტატიები, რა გზებით შეიძლება ჩავიდნენ რუსეთიდან ტურისტები საქართველოში. იწერება ის, რომ ახლა რუსი ტურისტები ცდილობენ ტუროპერატორების გვერდის ავლით და შემოვლითი გზებით მაინც ჩავიდნენ საქართველოში და დაისვენონ. ამ გზებს შორის არის ჯერ ჩაფრენა აზერბაიჯანსა და სომხეთში და შემდეგ იქიდან საქართველოში გამომგზავრება. ასევე იწერება ისიც, რომ რუსეთი ვერ დახურავს ლარსის გამშვებ პუნქტს, რადგან ეს გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და საქართველოს სამხედრო გზა ჩრდილოეთ ოსეთიდან ლარსის გავლით ისევ რჩება ღია”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"კრემლის ანტიქართული პროპაგანდის შემდეგ „ნოვაია გაზეტა" წერს, რომ 8 ივლისიდან რუსი ტურისტების დიდმა ნაწილმა ყოველგვარი ტუროპერატორის გარეშე უნდა დაგეგმოს საქართველოში ჩასვლა და დასვენება, ამისათვის კი დარჩენილია ერთადერთი პირდაპირი გზა - ვლადიკავკაზიდან ლარსის გამშვები პუნქტით თბილისამდე. ამ მარშრუტს გადის გამოცემის ორი ჟურნალისტიც, ქართველი ტაქსის მძღოლთან, ერთ ჩეჩენთან და ერთ კაზაკთან ერთად. ჟურნალისტები წერენ, რომ ვლადიკავკაზის ავტოსადგურზე 20-მდე პატარა მინივენი თუ მსუბუქი ავტომანქანაა რუსული, სომხური თუ ქართული ნომრებით და 500-600 რუბლად შეგიძლია თბილისში წასვლა. წერენ, რომ ტაქსისტები წუხილს გამოთქვამენ მგზავრების სიმცირის გამო, რომ მათი თქმით, გასულ წელს ოსები და რუსები ბათუმში ბევრი მიჰყავდათ, ახლა კი, რამდენიმე დღეა ნახევრად ცარიელი მანქანებით უწევთ სიარული”, - დასძენს გამოცემა.

 

"რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ ზემო ლარსზე „დუტი ფრიში" ცოტა ხალხი ხვდებათ, რუსეთში უკან დამბრუნებელ რუს ოჯახს საქართველოზე შთაბეჭდილებებს ეკითხებიან და ისინი პასუხობენ, რომ ქართველებისგან მხოლოდ კეთილგანწყობა მოდიოდა და აგრესია არსად უგრძვნიათ. შემდეგ ჩერდებიან საქართველოს სამხედრო გზაზე სოკოებივით მიმოფანტული რესტორნებიდან ერთ-ერთში, სადაც მეპატრონე უკმაყოფილოა, რომ ბოლო დღეებია ტურისტების ნაკადმა ძალიან იკლო და სასტუმროები და რესტორნები პოლიტიკის გამო ნახევრად დაცარიელდა. სასტუმროს მეპატრონე ვარაუდობს, რომ მოსკოვმა რუსი ტურისტების შემოსვლა აკრძალა იმის გამო, რომ რუსები ყირიმში წავიდნენ და არა საქართველოში. მსგავსი ვერსიები აქვთ სხვებსაც. მეორე რესტორნის ქართველი მფლობელი ამბობს, რომ რუსეთიდან რამდენიმე კლიენტმა დაურეკა შეშფოთებით, რომ რუსული მედია აფრთხილებს, არ ჩავიდნენ საქართველოში და ამიტომ წელს ყირიმში წავლენ. რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ საღამოსთვის უკვე თბილისში არიან, მიდიან რუსთაველზე აქციაზეც, სადაც პლაკატებია, „გახარია წადი" და „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ". გასცდები რუსთაველს და უკვე მეორე სამყაროში ხარ, რომელსაც არაფერი აკავშირებს პირველ სამყაროსთან - რესტორნებში სხედან ადამიანები, ქუჩებში დადის ხალხი, სიმშვიდეა, არაფერს ეტყობა, რომ სულ ახლოს აქციაა. რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ ჩეჩენი და უზბეკი თანამგზავრები თბილისით აღფრთოვანებას არ მალავენ. ამბობენ, რომ აი, ეს არის ევროპა და გეგმავენ ბათუმში დასვენებას”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 605 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.