"ავანტიურისტებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ დადებითი დინამიკა, რაც ეკონომიკაში გვქონდა, გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის  შეფასებით, ლარის კურსის ვარდნა 20 ივნისს და შემდგომ განვითარებული მოვლენების გავლენის შედეგია.

როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ვალუტის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურისტმა წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დადებითი დინამიკა დიდი ნეგატივის წყარო გამხდარიყო.

 

„ტურიზმის სექტორი საქართველოში არის ყველაზე ზრდადი, ამასთანავე ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ამ სექტორში, არის ყველაზე მაღალი. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. შემდეგ ავანტიურისტებმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ და მის ბელადს, ასევე რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

ბახტაძის შეფასებით, ტურიზმზე, რომელიც ქართული ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივია, გავლენა 20 ივნისის მოვლენებმაც იქონია.

 

„20 ივნისზე შეფასება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს იყო სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი. პირადად მე და ჩემი გუნდის ყველა წევრი ვუერთდებით იმ პროტესტს, რომელიც ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისს გამოვიდნენ რუსთაველის გაზირზე. მაგრამ, ეს ავანტიურისტები შეეცადნენ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე, მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ - რას ეფუძნება ეკონომიკის მდგრადი განვითარება? - ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეკონომიკას ეხმარება თუ პირიქით, აფერხებს? - ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ კითხვას სვამენ. თან მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, რომელიც ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ დუშეთში სტუმრობისას.

 

„აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩემი ამ რეგიონში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ გვინდა დავრწმუნდეთ, არც ერთი მშენებლობა, რომელიც იგეგმებოდა, იქნება ეს საოჯახო სასტუმრო, თუ სხვა მსხვილი პროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მთავარ მიზანს, რეგიონში შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, არც ერთი არ გაჩერდება. პირიქით, უფრო სწრაფი ტემპით გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ტურიზმის სექტორი დარჩება ეკონომიკის მთავარ ლოკომოტივად, როგორც ეს იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წაკითხვა 569 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.