“ოცნებას” აღარც ვადამდელი არჩევნები უშველის"

"ძალიან მძიმე და რთული პროცესის მოწმენი ვართ. სიმართლე გითხრათ, არც იმის თქმა მინდა, რომ ერთ მხარეს არის სინათლე და მეორე მხარეს წყვდიადი. ფაქტია, ადამიანებს დაპატიმრებით ემუქრებიან.

ასევე ფაქტია, რომ ვიღაცები დააკავეს. ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც გარკვეული დანაშაულის ელემენტებს შეიცავს. ასევე ძალიან რთული მოსასმენია ის, რასაც ვისმენთ - თურმე სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ამ ქვეყნის სამსახურში უნდა იყვნენ, რაღაც წილების გადაფორმება-გადმოფორმებით ყოფილან დაკავებული. ბოლოს და ბოლოს რა გამოდის, რომ მთელი ეს ჩვენი უახლესი ისტორია, ეს 30 წელი, სახელმწიფოს ხარჯზე ჩინოვნიკების გამდიდრების ისტორიაა?! ეს არის სრული კატასტროფა”, - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის”მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ჭიჭინაძე: “ოცნებას” აღარც ვადამდელი არჩევნები უშველის.

 

“ამას ვამბობ ყველა ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებაზე, გაქცეულზე, დაპატიმრებულზე თუ მოქმედ ჩინოვნიკზე, რომელიც სავარძელშია მოკალათებული და რომელსაც საერთოდ არ ადარდებს ამ ქვეყნის მოქალაქის ბედი. სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებული ჩინოვნიკების ისტორია აგამოდის ჩვენი უახლესი ისტორია და თუ ის არ შეიცვალა, თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა, ასე შორს ვერ წავალთ. თუმცა ამ ყველაფრის შემხედვარეს ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს სიბინძურე ასე მარტივად შეიცვალოს. პოლიტიკური კლასი თუ არ შეიცვალა, თუ არ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყნის მომავალი ადარდებთ და რომლებიც ამ პასუხისმგებლობის ასაღებად იქნებიან მზად, არაფერი გამოვა. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური კლასი, რომელსაც არ შესწევს ვითარების შემობრუნების ძალა. ხალხი დაიღალა უკვე ამ ჩინოვნიკებით, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ, საკუთარი მომავალი და საკუთარი კეთილდღეობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

 

“პოლიტიკური ველი მოსუფთავებულია. მეტ-ნაკლებად რაციონალური, ოდნავ ძლიერი პოლიტიკური ძალა თუ გამოჩნდება, ხელისუფლებას ეს არჩევნები წაგებული აქვს. “ქართულმა ოცნებამ” თავის თავს ხარაკირი გაუკეთა, - სხვა შეფასება, უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებამდე მისვლას, ეს იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრს ფაქტორზე, მათ შორის გარე და შიდა ფაქტორებზე. გარე ფაქტორებში ვგულისხმობ ძალიან ბევრ რამეს... ეკონომიკურ ფაქტორებსაც არ გამოვრიცხავ. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მხოლოდ ხელისუფლებას არა - მაშინ ბევრად ნაკლები პრობლემა იქნებოდა, - სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “შეიძლება ვადამდელი არჩევნების დაინიშნოს?” - პასუხობს:

 

“ამ ვითარებაში არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა მე როდესაც ვადამდელ არჩევნებზე ვსაუბრობდი, მაშინ რომ დაენიშნათ არჩევნები, “ქართული ოცნება” თვითონაც მოგებული იქნებოდა და ქვეყანაც. ამდენი შეცდომა არ ექნებოდათ დაშვებული, ახლა შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ქვეყანას ეს ყველაფერი ასცდებოდა. გახსოვთ, ალბათ, როგორც ვითარდებოდა მაშინ მოვლენები - გახსენებაც არ მინდა... მე ვხედავდი შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მას რეალურად ვაფასებდი, მაგრამ მე ვინ მისმენდა. ეჭვგარეშე იყო, რომ ეს კრიზისები იყო გარდაუვალი. კრიზისების პირველი პრევენცია კი არჩევნებია... ახლა კი გნებავთ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს “ქართუ,ა ოცნებამ” და გნებავთ, 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდეს არჩევნები, როგორც ეს კომსტიტუციით არის განსაზღვრული, ხელისუფლებას მაინც არაფერი ეშველება..."

წაკითხვა 611 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.