რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია

“რუსეთის ხელისუფლებამ შავი ზღვის მეოთხედზე მეტი ტერიტორია გადაკეტა, რითაც საქართველოს, უკრაინას, ბულგარეთსა და რუმინეთს საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლა შეუფერხდა.

შეზღუდვები შეეხება ზღვის 5 მონაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 118 570 კვარდატული კმ-ია. ოფიციალური მოსკოვის ცნობით, შეზღუდვები 24 ივლისიდან ამოქმედდა 19 აგვისტომდე გასტანს, თუმცა კონკრეტული მიზეზები, თუ რის გამო გახდა საჭირო საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვა, არ დაუსახელებიათ. ამჟამად ამ შეზღუდვებზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადება “ცურვისა და ნავიგაციის საფრთხის” შესახებ, ასევე ითქვა, რომ “უნდა ჩატარდეს საბრძოლო წვრთნები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია / უჩივლებენ თუ არა საქართველო, უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში.

 

“საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ საზღვაო პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევაა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა რუსეთის ქმედება მაინც გაუმართლებელია. მენაღარიშვილის თქმით, შესაძლოა, რომ ეს ერთგვარი “შურისძიება” იყო უკრაინაზე რუსული ტანკერების დაპატიმრების გამო. “ამგვარი ნაბიჯი ჩვეულებრივი ამბავია საზღვაო პრაქტიკაში. როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე სამხედრო წვრთნებისას ოკეანის ამა თუ იმ ნაწილში, რომელთან დაკავშირებითაც აცხადებენ გარკვეულ სივრცეს დახურულად, ანუ აცნობებს ნაოსნობის ყველა მონაწილეს, რომ ამ ზონაში შესვლა საფრთხის შემცველია - შეიძლება იყოს სროლა, სამხედრო ხომალდების მანევრირება, ზოგ შემთხვევაში სპეციალური იარაღის გამოყენება, მაგალითად რაკეტების გამოცდა და ა.შ. ეს ბუნებრივია, მაგრამ გაუგებარი ისაა, რომ შავი ზღვა არ არის დიდი სივრცის მქონე და ამ ფართობის ტერიტორიის დახურვა, ანუ არასანაოსნო ზონად მისი გამოცხადება, ფაქტობრივად, მთელ შავ ზღვაში ნაოსნობის გაუქმებას გულისხმობს”, - ამბობს მენაღარიშვილი, რომლის განმარტებით, “როგორც მინიმუმ, ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის უკვე რეგულარულად მოფუნქციონირე საზღვაო ხიდის მეშვეობით მიმოსვლის სრულ შეწყვეტას ნიშნავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“გასაგებია, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ამას სჭირდება თავის დროზე არა მხოლოდ გაფრთხილება, არამედ კონსულტაციები და სხვა პროცედურები. გარდა ამისა, არ შეიძლება, რომ ასეთი ტოტალური ხასიათის იყოს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო სადამსჯელო ხასიათის ნაბიჯი. შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ უკრაინის მიერ რუსული ტანკერის დაპატიმრების საპასუხოდ მოხდა, ანდა საერთოდ, შავ ზღვაში უკრაინისა და ნატო-ს ერთობლივი წვრთნების წინააღმდეგ მიმართული აქციაა”, - მიიჩნევს ირაკლი მენაღარიშვილი. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თვლის, რომ რუსეთი თავისი ქმედებით ნატო-ს სრულიად კანონიერ უფლებებს არღვევს ისევე, როგორც საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთისას: “ნატო-ს სრულიად ლეგიტიმური უფლება, რომლის თანახმადაც მას აქვს საშუალება თავის პარტნიორ ქვეყანასთან ჩაატაროს ლეგიტიმური სამხედრო წვრთნები, ასევე ირღვევა. რაც შეეხება საერთაშორისო რეაგირებას, შეიძლება რომ მოჰყვეს, მაგრამ ეს არ იქნება ავტომატური - ამისთვის საჭიროა უკრაინამ, ნატო-მ, საქართველომ, რუმინეთმა და ბულგარეთმა შესაბამის საერთაშორისო ინსტანციებს მიმართონ“, - ამბობს მენაღარიშვილი, რომლის თქმით, “პირველ ყოვლისა, ეს არის საზღვაო სამართლის შესაბამისი ორგანიზაციები გაეროში”, - დასძენს გამოცემა.

 

“უსაფრთხოების საკითხში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის დიდი ნაწილის გადაკეტვას შესაძლოა ორი რეალური მიზეზი ჰქონდეს - მასშტაბური სამხედრო აღლუმის მოწყობა, ან რუსების მიერ უკვე ზღვაზე წარმოებული ჰიბრიდული ომი. ექსპერტის განმარტებით, შესაძლოა, რომ რუსეთის ეს ქმედება ნატო-ს მუდმივმოქმედი საბრძოლო-საზღვაო ძალების დაჯგუფების ხომალდების გადაადგილებისთვის ხელის შეშლას ისახავდეს მიზნად”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“პირველი მომენტი ისაა, რომ 28 ივლისს იყო რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე და, როგორც ჩანს, რუსები გრანდიოზული ტიპის აღლუმებს გეგმავენ იმ აკვატორიაში, სადაც მათი ოპერატიული ფლოტებია განთავსებული, მათ შორის, შავი ზღვის აკვატორიაში. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჰიბრიდული საზღვაო ომის ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, პირდაპირ აცხადებს ჰეგემონობას ამ აკვატორიაში. ცდილობს, რომ სამხედრო ნაწილები გამოიყენოს ამ მისიის შესასრულებლად, რაც, ფაქტობრივად, ჰიბრიდული საზღვაო ომია. რუსეთის შავი ზღვის ფლოტს აქვს შეიარაღება იმისთვის, რომ ამხელა ტერიტორიის გადაკეტვა გახდეს საჭირო. მის შემადგენლობაში - სავარაუდოდ, აქვს 100 საბრძოლო ხომალდზე მეტი, მას გააჩნია წყალქვეშა ნავები და, გარდა ამისა, რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ შექმნა ე.წ. სრული საჰაერო კონტროლისა და მართვის ზონა - მას შეუძლია, რომ თავისი სტრატეგიული თავდაცვითი რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სივრცე გადაკეტოს და საზღვაო კუთხითაც მოახდინოს მისი ბლოკირება, სანაპირო დაცვისა და შავი ზღვის ფლოტის ხომალდების მეშვეობით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაიასაია.

 

“როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთს სურს შეაფერხოს ნატო-ს მუდმივმოქმედი საბრძოლო-საზღვაო ძალების დაჯგუფების ხომალდების გადაადგილება. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკული საზღვაო ხომალდები იმყოფებიან შავი ზღვის აკვატორიაში, აქ იმართება ნატო-ს რამდენიმე სრულმასშტაბიანი წვრთნა, ასევე საქართველოში მიმდინარეობს მრავალეროვანი წვრთნები “შეუდრეკელი სულის”, რომელიც ასევე საზღვაო კომპონენტებს მოიცავს. უკრაინაშიცაა ანალოგიური ტიპის წვრთნები დაგეგმილი აგვისტოს ბოლოს და ასევე რუმინეთშიც. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, რუსეთმა ახალი ელემენტი გამოიყენა, რათა სამხედრო მუქარა განახორციელოს საზღვაო აკვატორიაში”, - დაასკვნის მაისაია

წაკითხვა 674 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.