საეჭვო ფაქტები ოქრუაშვილის საქმეში

“თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე ახალ-ახალი კითხვები ჩნდება.

კონკრეტულად ის, რომ ყველა ჩვენება, რის საფუძველზე ოქრუაშვილს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება, მიცემულია პოლიციელების და სპეცრაზმელების მიერ და თან, ყველა მათგანმა ჩვენება არა 20 ივნისის მოვლენების შემდგომ დღეებში მისცა, არამედ ერთი თვის შემდეგ, 23-24 ივლისს. ანუ, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა “რუსთავი 2”-ის წილზე პრეტენზია გამოაცხადა და ბიძინა ივანიშვილთან სკანდალურ გარიგებაზე ილაპარაკა. ამ ინფორმაციას ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ადასტურებს, ხოლო მისი თანაგუნდელებიც და ოპოზიციაც აცხადებს, რომ სწორედ “რუსთავი 2”-ის წილებზე გამოცხადებული პრეტენზიის გამო დაიჭირეს და დასაჯეს ოქრუაშვილი. ოქრუაშვილის თანაპარტიელი კოტე კემულარიას განცხადებით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ მაღალი რანგის პოლიციელების ჩვენებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, ამას ჰქვია ფალსიფიკაცია და ისიც უტვინოდ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საეჭვო ფაქტები ოქრუაშვილის საქმეში / რატომ აქვთ მისჯილი ერთსა და იმავე ბრალდებაზე ნიკა მელიას შინა პატიმრობა, ირაკლი ოქრუაშვილს კი - წინასწარი პატიმრობა.

 


“სიმართლეა თუ არა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების ავტორების მხოლოდ სამართალდამცველები არიან და ჩვენებები ოქრუაშვილის დაკავების მხოლოდ წინა დღეებში, ანუ გამოძიების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ არის მიცემული - შს სამინისტროში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მიმდინარე გამოძიების დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ შსს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ოქრუაშვილის ძალადობა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ამიტომ მისთვის პატიმრობის შეფარდებაზე კითხვები არ აქვთ და საფუძველს მოკლებულია შეფასებები, რომ ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში “რუსთავი 2”-ზე გაკეთებული განცხადებების გამოა. თბილისი მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის საქმე და მისი პერსონა უინტერესოა და ყველამ უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი. “ქართული ოცნების” დეპუტატ აკაკი ზოიძის თქმით, ოქრუაშვილის ადვოკატი რას ამბობს, ან პროკურორი რას ამტკიცებს, ამაზე კომენტარების კეთება პოლიტიკოსების საქმე არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


“აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია მსგავსი განცხადებები, რომ “რუსთავი 2”-ის გამოა ოქრუაშვილი ბრალდებული. არანაირად არ მიჩნდება კითხვა. ოქრუაშვილმა რა ჩვენებებიც მისცა საჯაროდ, ეს არის ძალიან კარგი ანატომია იმ ძალადობრივი ხელისუფლების სისტემური დანაშაულის, რომელიც ადრე იყო - ბიზნესრეკეტი, ადამიანების იძულება, დაჭერები, ტერორი ზოგადად მოსახლეობის და რომელთა მემკვიდრეები დღეს გველაპარაკებიან დემოკრატიაზე. ეს არის ჩემთვის ერთადერთი კომენტარი. 20 ივნისის პროცესებშიც, ვინც კადრები ნახა, არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რაც კადრებში ჩანს, ამაზე ოქრუაშვილს ელემენტარული პასუხები აქვს გასაცემი. რატომ ერთი თვის შემდეგ, ეს კითხვა ჩემთან არ უნდა იყოს, ეს კითხვა უნდა იყოს პროკურატურასთნ, სასამართლოსთან და მათ შორის ბრალდებულ ბატონ ოქრუაშვილთან”, - აცხადებს ზოიძე. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალის ერთი თვის შემდეგ წარდგენაზე კითხვები ყველა საღი აზრის მქონე ადამიანს გაუჩნდება”, - განაგრძობს გამოცემა.

 


“თუ იმდენად საშიში იყო ოქრუაშვილის მოქმედება 20 ივნისის ღამეს, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი ერთი თვის შემდეგ? - ეს ჩვეულებრივი, ნორმალური კითხვაა, რომელიც ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. როდესაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ოქრუაშვილმა განცხადებები გააკეთა, მათ შორის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, აქაც საღი აზრის მქონე ადამიანს ნორმალური ასოციაციები შეიძლება წარმოექმნას და იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. გარდა ამისა, იმ ვიდეოკადრებში, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა, იქ რაიმე განსაკუთრებული ძალადობა ოქრუაშვილის მხრიდან ნამდვილად არ ჩანს. ხალხის მასაში კი იდგა, მაგრამ არც რაიმე საგანი სჭერია ხელში, არც უშუალოდ თავდასხმა განუხორციელებია პოლიციელებზე და რაიმე ხელმძღვანელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია სპონტანურად იმ არეულობაში. ამიტომ ეს ყველაფერი, რასაკვირველია, აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და კონკრეტულად იმით არის მოტივირებული, რომ მან გააკეთა ისეთი განცხადებები ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით, რომელიც ხალვაშის საკუთრების ლეგიტიმურობას “რუსთავი 2”-ის წილებზე თავდაყირა აყენებს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბარამიძე.

 


“მისი თქმით, ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ ერთი და იგივე ბრალდებაზე ნიკა მელიას შინა პატიმრობა აქვს, ოქრუაშვილს კი - წინასწარი პატიმრობა. ამასთან, ბარამიძე ამბობს, რომ ოქრუაშვილს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებები რომ არ გაეკეთებინა, ის დღეს პატიმრობაში არ იქნებოდა. “მთლიანობაში, ოქრუაშვილის განცხადებები იყო ნამდვილად ღია გამოწვევა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებითაც და ზოგადადაც და როგორც ჩანს, ამან გააღიზიანა ქვეყნის არაფორმალური მმართველი და შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ოქრუაშვილის მიმართ დევნა. კიდევ ვიმეორებ, თუ ოქრუაშვილის მოქმედება თავის დროზე ესოდენ საშიში და სახიფათო იყო საზოგადოებრივი წესრიგისთვის, მაშინვე რატომ არ დაიწყეს ამ მოწმეების გამოკითხვა?” - დასძენს ბარამიძე, რომლიც მტკიცებით, “თავისთავად ის ფაქტი, რომ ერთი თვის მერე დაიწყო ოქრუაშვილის მიმართ ჩვენებების ჩამორთმევაც კი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია”, - დასძენს გამოცემა.

 


“ორშაბათს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ მოიპოვა ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სს საქმის მასალები, რომლითაც დგინდება, რომ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოძიებას პირველი ჩვენებები 23-24 ივლისს აქვს მოპოვებული. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი. როგორც ცნობილია, გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენები, რომლის გამოც შსს-მ გამოძიება დაიწყო, 20-21 ივნისს მოხდა. შსს-მ შესაბამისი გამოძიებაც მყისიერად დაიწყო, თუმცა “კურიერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ჩვენებები გამოძიებამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოიპოვა. უცხოეთში მყოფი ოქრუაშვილი საქართველოში 20 ივლისამდე დაბრუნდა. დაახლოებით ამ პერიოდში გააკეთა მან არაერთი სკანდალური განცხადება ტელეეთერებში, მათ შორის პრეტენზია გამოთქვა “რუსთავი 2”-ის 100%-იან წილთან დაკავშირებით და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც დააანონსა სასამართლოში. ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ აქვს ხალვაშის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ “რუსთავი 2” სწორედ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ეკუთვნის. ხალვაში ამ ხელმოწერას გაყალბებულს უწოდებს”, - წერს სტატიის ავტორი

წაკითხვა 856 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.