შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად

“შესაძლოა სექტემბრიდან ქვეყანას ახალი მთავრობა და პრემიერი ჰყავდეს. მიუხედავად იმისა,

რომ “რეზონანსს” ამის შესახებ მმართველ გუნდში ინფორმაციას ოფიციალურად არ უდასტურებენ, კულუარებში სულ უფრო აქტიურია იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი მთავრობის დათხოვნას გეგმავს. ამის მიზეზად კი გაუფასურებული ლარი და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაცია სახელდება. სავარაუდოდ, ის ბახტაძეს კვირიკაშვილის მსგავსად გაათავისუფლებს და მიზეზად კვლავ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას დაასახელებს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბახტაძის შემცვლელებად კი აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და მოქმედი ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოიაზრებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად / “ქვეყანაში ქაოსია, მიშვებულია სადავეები, ვინ რას აკეთებს, კაცმა არ იცის”.

 

“როგორც ჩანს, ცქიტიშვილს თავად “ოცნების” შიგნით მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მათი ერთი ნაწილი მინისტრის გარკვეული სახის პიარითაც კი არის დაკავებული და მედიასთან მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ ცქიტიშვილის სამინისტრომ პროექტების სრულად ათვისება მოახერხა და საკმაოდ წარმატებული უწყებაა. თუმცა არსებობს ვერსიებიც, რომ ივანიშვილის გუნდის ნაწილი მის გაპრემიერებას არ ემხრობა. შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ეჭვი ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულმა განცხადებამაც გააჩინა - “სექტემბრიდან მეტად გავაქტიურდებით, “ქართული ოცნებიდან” მაქსიმალური რაოდენობა მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან კომუნიკაციას”, - განუცხადა ჟურნალისტებს ივანიშვილმა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ. სამთავრობო ცვლილებებს ოპოზიციაში ელიან. თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მოძრაობის ჩვენება”, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სამთავრობო ცვლილებები რეალურ პოლიტიკურ ძვრას გამოიწვევს. თუმცა ივანიშვილი, როგორც ყოველთვის, ამ ილუზიის შექმნას კვლავ შეეცდება. “ველოდები სამთავრობო ცვლილებებს. დღეს, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მოძრაობის ჩვენება იმიტომ, რომ აბსოლუტურ უძრაობაში ვართ. ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდება, თვითონაც ხვდება. მეც ველოდები, რომ სამთავრობო ცვლილებები იქნება”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომლის თქმით, მას სამწუხაროდ არ აქვს მოლოდინი, რომ გვარების და სახელების გამოცვლით რეალურად პოლიტიკური ცვლილება მოხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რა სახის გადადგილებაც არ უნდა მოხდეს, ქვეყანაში სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ რაიმეს გამოსწორებაზე არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ძალიან რთული იქნება. მისი თქმით, ახლა საზოგადოების მთავარი მოლოდინი მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა, რასაც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ “ოცნების” ხელისუფლება შეძლებს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებელია და არა აქვს მნიშვნელობა, ეს რაიმე შედეგს მოიტანს თუ არა. მისი თქმით, თუ ცვლილებები იქნება, მაშინ ვიღაცას რაღაცეები უნდა დაბრალდეს და ორთქლის გამოშვება მოხდეს. თუ პრემიერი შეიცვლება, დიდი მნიშვნელობა ექნება, მას ვინ შეცვლის. ვარაუდობს, რომ გახარიას თემა დღის წესრიგიდან უკვე მოხსნილია. იქნება თუ არა ეს ცქიტიშვილი, ეს ძაბირაძისთვის კითხვებს აჩენს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ივანიშვილი ზუსტად ერთი წლით ადრე მოსახლეობას დაპირდა, რომ ერთ წელში ბევრი რამე შეიცვლებოდა. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ შეიცვალა კი არა, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ამ ყველაფერს კი ახლა კოსმეტიკური ცვლილებები არ უშველის. შესაძლოა ისევ გარკვეული ილუზიის შექმნას შეეცადოს, რომ ქვეყანაში რაღაც მოძრაობაა და, აი, იმ გაუფასურებულ ლარზე ვიღაცა პასუხს აგებს, მაგრამ ეს ხალხზე აღარ ჭრის. უფრო მგონია, რომ ივანიშვილი 2020 წლმადე სიტუაციის “გათრევას” ისე შეეცდება, როგორც არის. მას კადრების საკმაოდ მოკლე სკამი აქვს. ვინც შეიძლება პრემიერად კიდევ რაღაცის პასუხისმგებლად მოგვეაზრებინა და ვინმეს რამედ ჩაეგდო, გახარიაა. თუმცა 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ახლა მისი საერთოდ მინისტრად დარჩენის საკითხიც კი სათუოა. ამიტომაც ივანიშვილს ახლა რაღაცის გადათამაშება გაუჭირდება. მისი უკან დაბრუნებაც რადიკალურად ვერაფერს ვერ შეცვლის, პირიქით, მას ახლა საკმაოდ დაუვარდა რეიტინგი და ეს შეიძლება უკუეფექტის მომცემიც კი იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

 

“თუ ხელისფლებას რაიმე პროგრამა არა აქვს, მხოლოდ გვარების და სახელების ცვლილება ვერ უშველის. პროგრამის არსებობის შემთხვევაშიც, თუ უკან ივანიშვილი არ დაბრუნდა, ამას ვერავინ შესარულებს. მართალია მას ახლა საკმაოდ დავარდნილი აქვს რეიტინგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი დაბრუნება ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. ახლა რასაც ვუყურებთ, ქვეყანაში ქაოსია. მიშვებულია სადავეები, ვინ რას აკეთებს, კაცმა არ იცის. რაიმე პრობლემებზე ორიენტირება და კონცეტრირება არ ხდება. გარდა ამის, როდესაც არსებობს პრემიერი, რომელსაც მთავრობა ემორჩილება და ამ პრემიერს კიდევ ზემდგომი ჰყავს, რომელსაც ემორჩილება, ეს სისტემა არ მუშაობს. როგორი კარგი პროგრამაც არ უნდა ჰქონდეთ, ეს გამართული სისტემის გარეშე არ მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია დაქსაქსული, ჩამოუყალიბებელი და გაფანტულია, ასეთ სიტუაციაში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რაღაცის შეცვლის რესურსი ჯერ კიდევ “ოცნებას" აქვს”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 601 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 05 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.