"ოცნება“ ახალ სიას წერს - ვის დატოვებენ პარლამენტის გარეთ

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ გუნდის მასშტაბური განახლებაა მოსალოდნელი. ამაზე მინიშნება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომელმაც სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ „ყველა თანაგუნდელი, რომელმაც წარმატებით იმუშავა პარლამენტში, გუნდში მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს“.

მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ განახლება იქნება, რაც ასევე აუცილებელია, თუმცა ნაწილი მიანიშნებს, რომ ეს მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნება“ ახალ სიას წერს - ვის დატოვებენ პარლამენტის გარეთ.

 


"ვინ მიდის პარლამენტიდან და ვინ დაიკავებს მათ ადგილს მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში? რა ცვლილებას უნდა ველოდოთ და რას მოუტანს ეს „ოცნებას“? „არ მგონია, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“ იყოს ვინმე, ვისაც მომავალ პარლამენტში ადგილი გარანტირებულად ექნება, რადგან ვნახეთ, რომ ამ შემადგენლობით და ამ მოცემულობით „ოცნებამ“ სრული დისკრეტიდაცია განიცადა და ეს ბიძინა ივანიშვილის თავის სატკივარია. "ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ისეთი ღირსეული კანიდიდატი, ვისზეც იტყის, რომ „ეს არის მისი სახე“. მათ შეიძლება სურვილი ჰქონდეთ 100%-ის განახლების, მაგრამ არ მგონია ქვეყანაში მოიძებნებოდეს ისეთი ხალხი, ვისაც დღეს „ოცნებაში“ ყოფნა ენდომება,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


"უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანისთვის სრულიად მისაღებია პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება, თუმცა რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება. „დარწმუნებული ვარ, რაც არჩილ თალაკვაძემ თქვა, ამ პრინციპით შეირჩევა 2020 წლისთვის გუნდის შემადგენლობა, რაც სრულიად ლოგიკური იქნება. ზოგადად, განახლება ყველა პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და კარგი იქნება, თუ მეტი დაინტერესებული და მოტივირებული ადამიანი დაგვემატება. „არ მაქვს მოლოდინი, რომ ძალიან რადიკალური ცვლილებების, თუმცა განახლების პროცესი იქნება,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა. რა მნიშვენლოვანი გარდატეხა მოხდება მმართველი გუნდისთვის თუკი განახლების პროცესს დაიწყებს და მაინც, ვინ დარჩება „ოცნებაში?“ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა რესურსი ამოწურა და „სახლში უნდა წავიდეს“. „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მეორე ვადას ამთავრებს და მესამე ვადაში რა უნდა შეცვალოს და რას უნდა დაპირდეს ხალხს?! რვა წლის განმავლობაში ეს ტყუილები საზოგადოების ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო, რაც კი შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარ ამომრჩეველს მიაყენოს. "ოცნებამ“ დაამთავრა მისი მოღვაწეობა ძალიან სამარცხვინოდ. დადგა დრო, რომ "ოცნება“ წავიდეს სახლში და მასთან ერთად„ნაციო ნალური მოძრაობაც,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

 


"უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ვინც პარლამენტის საქმიანობაში პოზიტიური როლი შეასრულა, მან მომავალშიც უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა, რაც, მისი თქმით, უფრო მართებული და სწორი იქნება. „ვისაც დამსახურება აქვს, ვინც იმუშავა, პოზიტიური როლი შეასრულა ჩვენს საპარლამენტო საქმიანობის განვითარებაში, ალბათ მათ შესაბამისი ადგილი ექნებათ ჩვენ გუნდში - ეს იქნება პარლამენტში, აღმასრულებელში თუ სხვა რგოლში. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ საქმიანობას. კონკრეტულად რა გეგმები იქნება და როგორ, ამაზე ალბათ პარტიის ხელმძღვანელობა ერთობლივად გააკეთებს შესაბამის განცხადებას და ამ გეგმის მიხედვით ვიმუშავებთ. „ვიღაცას შეიძლება ბევრი კანონი ჰქონდეს მიღებული, მაგრამ არ იყოს ისეთი ხარისხობრივად, ვიღაცას კი პირიქით - ცოტა ჰქონდეს და უფრო ხარისხიანი. განახლებაც ბუნებრივი პროცესია, გადახალისებაც და გადაადგილებები გუნდის შიგნით,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, რაც მოსაგვარებელია. მისი თქმით, გუნდის ერთგვარ განახლებაზე საუბარი საჯაროდ პირველად მან დაიწყო და დღემდე ამას ითხოვს. „ვინ შეიძლება წავიდეს და ვინ შეიძლება დაიკავოს მისი ადგილი, ამაზე ფიქრისთვის ნაკლებად მრჩება დრო, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა და პრობლემები არსებობს. „ეს დამოკიდებულია პოლიტიკოსის იმ თვისებებზე, რომელიც მის პოლიტიკაში დარჩენას უზრუნველყოფს, ან პოლიტიკაში დარჩენისთვის აუცილებელია. ეს არ არის პრიორიტეტული ჩემთვის; „ქართულ ოცნებაში“ პროცესის გაჯანსაღებაზე საუბარი დავიწყე მაშინ, როდესაც ამაზე ჩემს მეტი არავინ ლაპარაკობდა საჯაროდ. „პოზიტიური უნდა იყოს ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელიც პოზიტიურ შედეგს მოიტანს. ამის დეფიციტი არის მთელ პოლიტიკურ ე.წ. დღის წესრიგებში და პროცესში. იმდენი პროცენტით უნდა მოხდეს გაჯანსაღება და ცვლილება, რა პროცენტიც აუცილებელია, რომ პოზიტიური პროცესი და შედეგი მივიღოთ,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ”, - დასძენს გამოცემა.

 


"ხოლო უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ „რეზონანსთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა: „არ მგონია ჯანდაცვაზე ან სოციალურ სფეროზე გქონდეთ კითხვა. სხვა თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ გაატარა, მხოლოდ განახლების პროცესი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვან გარდატეხას ვერ მოახდენს. „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ძველი, ორჯერ ნაპარლამენტარი ამ რიგებს ალბათ დატოვებს, დანარჩენი გამოკვეთილი, ახალგაზრდული ფრთა მოვა. თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ამ ხნის განმავლობაში რაიმე ქმედითი ღონისძიება არ განახორციელა. სხვა შემთხვევაში ეს ძირითადად დაფუძნებული იქნება არსებული ბიუროკრატიაზე, სახელისუფლებო რესურსზე და ასოცირებულ ბიზნესზე. ამ კატეგორიისთვის ახალი სახეები იქნება თუ ძველი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 801 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.