ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში

“2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ბიომეტრიული პასპორტით მოკლევადიან 90-დღიან ვიზიტს ევროპის აღნიშნულ ქვეყნებში. მოკლევადიანში იგულისხმება სამი თვის ვადაში განხორციელებული ისეთი ვიზიტები, როგორებიცაა, ტურისტული, ოჯახის მოსანახულებლად გამგზავრება თუ სხვა. სავიზო ვალდებულების მოხსნას მოჰყვა მოწოდება წესების დაცვის შესახებ. ვადების პატივისცემა აუცილებელია. ამ რეჟიმის ბოროტად გამოყენება კი აკრძალულია და შეიძლება ისტორიული მონაპოვარის შეჩერებამდე მიგვიყვანოს. დღეს საქართველოს მოსახლეობის 25% მიგრანტია, რომელთა უდიდესი ნაწილი სამშობლოში სამუშაო ადგილების არარსებობის გამო გადაიხვეწა, უვიზო მიმოსვლის პირობებში კი მიგრანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა იმატა, რაც უვიზო მიმოსვლის დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში.

 

“ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნით ხშირ შემთხვევაში საფრანგეთს მიმართავენ, მიზეზი, რის გამოც ქართველებს საფრანგეთში სურთ თავშესაფრის მიღება ბევრია, მთავარი მიზეზები კი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და მძიმე დაავადება, რომლის მკურნალობა საქართველოში ძვირი ჯდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლეს, დაახლოებით, 240 000-ჯერ. სამინისტროს განცხადებით, სავიზო ლიბერალიზაციას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, საქართველოს მოქალაქეთა მიერ წესების დარღვევისა და თავშესაფრის მიღების პროცედურით ბოროტად სარგებლობის ფაქტების შემდგომი ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც. მიმდინარე წლის 10 მაისს საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საფრანგეთის ამ უწყების ხელმძღვანელი პირველად ესტუმრა, მან ქართველ კოლეგასთან პრესკონფერენციაზე საკმაოდ ხისტი განცხადებები გააჟღერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება და თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების განხილვა ამ ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს”, - განაცხადა კრისტოფ კასტანერმა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის შს მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ქუთაისის აეროპორტში, საიდანაც ყველაზე მეტი მგზავრი გაედინება, უცხოელი მესაზღვრეები გამოჩდნენ, ვარაუდი არსებობს იმისა რომ მესაზღვრეები მგზავრების ერთგვარ “გაფილტვრას” ახდენენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“შსს არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ საქართველოს რამდენ მოქალაქეს უთხრეს უარი ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენილიყო შენგენის ზონაში - აეროპორტების გაერთიანება სტატისტიკურ მონაცემებს თავად არ ავრცელებს. ქუთაისის აეროპორტში საზღვრის კვეთას ქართველ მესაზღვრეებთან ერთად საფრანგეთისა და საბერძნეთის მესაზღვრეებიც აკონტროლებენ. “ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამ პირობებში, რაც დღეს გვაქვს, უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის ალბათობა ნაკლებია. “იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს და იმ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, რაც ხელმისაწვდომი და საჯაროა, მსგავს მყისიერად დადგომის საფრთხის ალბათობა ნაკლებია, შემდგომ რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს”, - აცხადებს ჩხიკვაძე, რომლის განმარტებით, “ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს საკითხი რომელიმე სახელმწიფოს განეხილოს და დაეყენებინოს, ასეთი რამე არ მომხდარა ევროკავშირის სახელმწიფოებში”, - დასძენს გამოცემა.

 

“როდესაც საფრანგეთის შს მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას განცხადება გააკეთა, იმ პერიოდში საქართველოდან ძალიან მზარდი იყო თავშესაფრის მაძიებლის რაოდენობა, ახლა რიცხვი შედარებით ქვემოთ წამოვიდა. ვერ ვიტყვი რომ ნულის ტოლია, თუმცა საგრძნობლად დაიკლო, ამ წუთას შეიძლება ითქვას მეტ-ნაკლებად სტაბილურია. იმ პერიოდში, როცა ეს განხადებები გაკეთდა, ძალიან გაზრდილი იყო საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, არა მარტო საფრანგეთში, არამედ გერმანიაშიც”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე და შეკითხვაზე - “შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა საქართველოს მოქალაქეთა რიცხვის საგრძნობი კლება ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეების შედეგად ხომ არ მოხდა?” - პასუხობს:

 

“ვერ გეტყვით, პირდაპირ ამ ფაქტთან გამიჭირდება დაკავშირება, იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა კომპლექსური ღონისძიებები გატარდა, საინფორმაციო კამპანიების გააქტიურება, მეორე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება და ა.შ. ასევე ბევრი იყო საზღვრიდან უკან გამობრუნებულების რაოდენობა და შესაძლებელია ამანაც მოახდინა გავლენა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა დაიკლო, ასევე ზოგიერთმა ქვეყანამ საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყანად, ესეც გარკვეულწილად თავის როლს თამაშობს ამ ყველაფერში”.

წაკითხვა 656 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 16 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.