ამ გვერდის ამობედვა

“ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” 2020 წელს შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მიგვიყვანოს”

“ჩემი აზრით, გახარიას პრემიერ-მინისტრობა ამ ეტაპზე განპირობებულია ხისტი პოლიტიკის გატარების სურვილით.

“ქართული ოცნება” ცდილობს ასეთი პოლიტიკოსები წინა პლანზე გადმოსწიოს და ეს უბრალოდ განაცხადია საზოგადოებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მკაცრი პოლიტიკის ქვეშ. პროგრამაში, რაც ახალმა მინისტრთა კაბინეტმა წარმოადგინა, იქ არაფერი სიახლე არ ყოფილა, ეს ძველი პროგრამაა. ცვლილებები სახელისუფლებო სტრუქტურაში არის სწორედ იმის განაცხადი, რომ ამ ქვეყანას მართავს “მტკიცე ხელი”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” 2020 წელს შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მიგვიყვანოს, - ძაბირაძე.

 

“ნაციონალური მოძრაობაც” და “ქართული ოცნებაც” თამაშობენ ძველ თამაშს, ცდილობენ ერთმანეთს რადიკალურად დაუპირისპირდნენ და პოლიტიკური ველი მთლიანად ამ ორმა ძალამ შეავსოს. ორივე მიდის დესტრუქციისკენ. ეს მიმართულია იქითკენ, რომ რაღაც ახალი ძალა არ გაჩნდეს. დღემდე “ქართული ოცნება” მთავარ არგუმენტად იყენებს იმას რომ “თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, გავა “ნაცმოძრაობა”. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი ვერ გააცნობიერა, რომ სწორედ ეს არის მისი ყველაზე სუსტი წერტილი და იგივე აგრესიით პასუხობს “ქართულ ოცნებას”. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი გაგრძელდება, თუ საშუალება მიეცემა უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ წავა და ამომრჩევლის უფრო მეტად პოლარიზება დაიწყება. მათ სწორედ ეს უნდათ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაცმოძრაობას” უნდა, რომ 3%-იანი ბარიერი იყოს და ბლოკები დაუშვან იმიტომ, რომ თავად არ უნდათ, რომ ბიულეტენში ფიგურირებდნენ და ფიგურირებდეს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც უფრო მოცულობითია ამომრჩევლისთვის. თუ 3%-იანი ბარიერი იქნება, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი გაიწმინდება. ამიტომ მათ ურჩევნიათ იყოს პროპორციული და ამ პროცენტებით. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” თუ პროპორციულზე წავა, პირიქით, უნდა, რომ ბარიერი არ არსებობდეს, იყოს წვრილი პარტიები, რომ მოახდინონ ხმების კონსოლიდაცია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ქართული პოლიტიკური სპექტრი გადავიდა საარჩევნო კამპანიაზე და გიორგი გახარიას მუქარაც “მე თქვენ დაგამთავრებთო” დიდი დოზით შეიცავს საარჩევნო პიარს. ანალოგიურს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობაც”, იგივე სააკაშვილიც, იგივე სხვებიც. უაღრესად დესტრუქციული არჩევნები იქნება და თუ არ გაჩნდა რაღაც მესამე ძალა, ამ დესტრუქციამ შესაძლოა მიგვიყვანოს გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი. ამიტომ, გახარიას განცხადება სხვა შინაარსის მატარებელი არ არის, ეს საარჩევნო პიარისთვის გაკეთებული განცხადებაა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “სოფელ ჩორჩანასთან ბლოკპოსტების აშენებას როგორ შეაფასებთ?” - პასუხობს:

 

“ჩორჩანასთან ეს ბლოკპოსტები ზოგადი კონტექსტიდან ამოვარდნილია, რაც მაშფოთებს კიდეც იმიტომ, რომ, რამდენადაც ვიცი, ეს ადმინისტრაციული საზღვარი ჩორჩანადან არ იწყება, იქ მთავრდება. ბორდერიზაციის პროცესი ახლა არ დაწყებულა. თუ აქამდე “ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა არანაირი სურვილი ეს ბლოკპოსტები გაეკეთებინა, რამ გამოიწვია მაინცდამაინც ჩორჩანასთან ამის გაკეთება და მაინცდამაინც ახლა? ეს არის კითხვა, რომელზედაც ხელისუფლება პასუხს არ იძლევა. მე ბლოკპოსტების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ, როდესაც მთელი ეს წლები პირიქით იყო საუბარი, რომ ბლოკპოსტები არ უნდა აშენებულიყო, რომ ეს ხიფათის შემცველია და შესაძლოა პროვოცირება მოხდესო და უცებ ჩნდება ბლოკპოსტი, რა ხდება? რაღაცნაირად გააქტიურდა წლების წინ დაწყებული მოუგვარებელი პრობლემა დავით გარეჯთან დაკავშირებით; პანკისის ხეობაში რაღაც პროცესები მიდის; გავრილოვის ჩამოსვლას აჟიოტაჟი მოჰყვა - ძალიან ბევრი რაღაცა ხდება საქართველოში ისეთი, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს და ამაზე პასუხი არ არის”.

 

ჩემი აზრით, ის, რომ ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმას მიმართა დახმარებისთვის გამომდინარეობს იქიდან, რომ რაღაცა ახალი თემის აგორებასთან გვექნება საქმე რუსებსა და ცხინვალს შორის, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა თემა იქნება და რატომ ხდება ამ ყველაფრის კულტივირება, ეს ძალიან საინტერესოა. იმ დროს, როდესაც ტერიტორიაზე სიტუაცია შედარებით დაწყნარდა და ჩნდება რაღაც მიმართვა, ეს შესაძლოა გამოყენებული იქნას ახალი თემის ასაგორებლად და ახალი კითხვების წამოყენებისთვის და ჩვენთან პასუხების მოსათხოვად. ჩვენი ხელისუფლება ამ დროს უნდა იყოს ზომიერი, მშვიდი და პრინციპული, სხვა გამოსავალი აქ არ არის”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 768 ჯერ