ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა"

ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერები მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი იქნებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის შეფასებით, ისინი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და ეს ცვლილება გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. გიორგი გახარიამ ასევე წარმატებები უსურვა კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს - ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს.


ამასთან, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე ჩატარდება.


„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა და ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს",- მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.


მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავს.

წაკითხვა 613 ჯერ