ამ გვერდის ამობედვა

"წლებია ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას" - ირმა ინაშვილი

ამ წლების განმავლობაში ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას, როდის გავწევრიანდებით და მეტიც, გვეუბნებიან, რომ სულ რაღაც კრიტერიუმები გვაქვს დასაკმაყოფილებელი“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან.

 

„ბათუმში რამდენიმე დღის წინ ჩავატარეთ საყოველთაო გამოკითხვა, შედეგები არის ძალიან საინტერესო. ჩვენ გამოვკითხეთ ბათუმელების დიდი მოცულობა, 77 000-ზე მეტი ბათუმელი და უნდა ითქვას, რომ აქედან 79%, ანუ 53 130 ბათუმელი მხარს უჭერს ავსტრია, შვეიცარია, ფინეთი, შვედეთის სამხედრო მიუმხრომლობის მოდელს - ეს ერთი. 75% მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ცხინვალთან, სოხუმთან, მოსკოვთან. უნდა ითქვას, რომ განწყობები შეიცვალა ქვეყანაში და სამწუხაროდ, ამის აღიარება არავის არ უნდა. ჯერ კიდევ საუბრობენ 2008 წლის პლებისციტის მონაცემებით, როცა ჩვენი მოსახლეობის, თუ არ ვცდები, 77% უჭერდა მხარს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ დღეს განწყობები შეცვლილია და ამაზე მიუთითებს სწორედ ჩვენი გამოკითხვა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და მე ამ მონაცემებს დღეს გავაცნობ ნატოს წარმომადგენლებს“, - განაცხადა ინაშვილმა.

 

მანვე უპასუხა კითხვაზე, თუ რისი თქმა სურს პირადად როუზ გოტმიოლერისთვის.

 

„რა თქმა უნდა, მოცემული მაქვს ამ შემთხვევაში სიტყვა. გაგეცინათ, ხომ? მე საერთოდ, არ მჩვევია პროტოკოლის დარღვევა, მაქვს მოხსენება და გამოვიყენებ ამ მოხსენებას იმისთვის, რომ რამდენიმე თეზისი გავაჟღერო. პირველი - რა თქმა უნდა კარგია, როდესაც 29 ქვეყანა გიცავს და როდესაც შენ გაქვს პრობლემა, ნატოს 29 წევრი ქვეყანა შენს გვერდითაა. ეს კარგია, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას, როდის გავწევრიანდებით და მეტიც, გვეუბნებიან, რომ სულ რაღაცა კრიტერიუმები გვაქვს დასაკმაყოფილებელი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კრიტერიუმები დიდი ხნის წინ დავაკმაყოფილეთ, ჩვენი ნატოში თანამონაწილეობის კონტრიბუციის მოცულობის ხარისხი ძალიან დიდია: ავღანეთის მისია, ანტიტერორისტულ რეფორმებში მონაწილეობა, სხვა რეფორმები, რასაც ვახორციელებთ. მაგრამ ნატო კვლავ იმეორებს, რომ მისი კარი ღიაა და ჩვენ ვერ გვაწევრიანებს და არ გვაწევრიანებს. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი საუბრობს უსაფრთხოების იმ სისტემაზე, იმ კონცეფციაზე, რომელიც აპრობირებულია შვეიცარიაში, ფინეთში, ავსტრიაში - ეს არის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელი, რაც ამ ეტაპზე ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც უზრუნველყოფს ჩვენთვის მშვიდობასა და სტაბილურობას და შევეცდები, ამაზე ვისაუბრო“, - განაცხადა ინაშვილმა.

წაკითხვა 591 ჯერ