“პრეზიდენტი აჩვენებს, რომ ის სახალხო პრეზიდენტი არაა”- არჩილ გამზარდია

“მედიისთვის მეორეჯერ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ მას “ბოლოს და ბოლოს თავი დაანებონ”, - ასე ეხმიანება “რეზონანსთან” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე მეორე უარს.

ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების სკანდალზე კითხვები ამჯერად გურჯაანში ღვინის ფესტივალზე დაუსვევს, სადაც იგი დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმოდ ჩურჩხელებს ავლებდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხვა თემაზე არ საუბრობს, რომ შესანიშნავი დღესასწაულია და მათაც ისიამოვნონ. გამზარდია ამბობს, რომ რადგან საზოგადოებისთვის ზურაბიშვილს რაიმე ღირებულის შეთავაზება არ შეუძლია, ამიტომაც აირჩია ეს დამოკიდებულება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პრეზიდენტი აჩვენებს, რომ ის სახალხო პრეზიდენტი არაა”, - გამზარდია ზურაბიშვილის მეორე უარზე.

 


“საზოგადოების ერთ-ერთ ღირებულ ინსტრუმენტთან, მედიასთან ზურაბიშვილი თვლის, რომ ის არავის და არაფრის წინაშე ანგარიშვალდებული არაა. თითქოს ცდილობს, რომ თავისი დღის წესრიგი შექმნას და არა მედიის ან საზოგადოების ინტერესს უპასუხოს. თუმცა, ისიც ძნელი სათქმელია, თუ რა დღის წესრიგს ქმნის იგი, იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი საქმიანობით საზოგადოებას რაიმე საინტერესო, ღირებული და პოზიტიური შესთავაზოს. ამიტომაც მან არჩია ხისტი რიტორიკა, რომლითაც თავის თავს ახსნა-განმარტების ვალდებულებებზე მაღლაც კი აყენებს. ჯერჯერობით ხერხდება, რომ სადაც ზურაბიშვილი აღმოჩნდება ხოლმე, იქ ჟურნალისტბიც გაჩნდნენ და გარკვეული კითხვები დაუსვან. მაგრამ ის აჩვენებს, რომ სახალხო პრეზიდენტი არაა. ალბათ ჰყავს თავისთვის ანგარიშის ჩასაბარებელი პირი, ვისი შემწეობითაც ის პრეზიდენტი გახდა და მასთან მუშაობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

 


“ზურაბიშვილს, მიუხედავად საზოგადოებრივი სკეპტიციზმისა, მაინც შეეძლო, რომ საინტერესო ლიდერი გამხდარიყო და მათ შორის მედიასთან ურთიერთობითაც შეძლო ჰქონოდა პოზიტიური პლატფორმა. თუ ის მოიწადინებდა ღიაობას, ახსნას, გულისხმიერებას, მათ შორის მეტ მოკრძალებასაც, სხვა შთაბეჭდილებებს დატოვებდა და შესაძლოა, ეს მისთვისვე უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არც ადარდებს. მედიისთვის მეორეჯერ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ მას “ბოლოს და ბოლოს თავი დაანებონ”. ერთგვარად მისი სტრატეგიაა, რომ აზრი არ აქვს მასთან შეკითხვის დასმას, ცდილობს რაღაც ეტაპზე იქნებ მიაღწიოს იმას, რომ სადაც ზურაბიშილი იქნება, ჟურნალისტები არც კი დაინტერესდნენ პრეზიდენტის პოზიციებისა და გამონათქვამებთან მიმართებაში. მედია ცდილობს, რომ კრიტიკული შეკითხვები დაუსვას და მისცეს სივრცე, რომ მან ისაუბროს რაღაცეებზე, ეს ერთგვარი „გამოძალვაა", რომ მან გარკვეული ურთიერთობები საზოგადოებასთან ჯერ კიდევ შეინარჩუნოს, მაგრამ ეს ამას საჭიროდ არ თვლის და ამიტომაც აქვს აგდებული, უკმეხი და უხეში დამოკიდებულება. იგი ფიქრობს, რომ რასაც უნდა და როგორც უნდა გააკეთებს, მთავარია მმართველი პარტია და მისი თავმჯდომარე როგორ ჩაუთვლიან და არა ის, რას ფიქრობს დანარჩენი საზოგადოება”, - დაასკვნის გამზარდია.

წაკითხვა 570 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.